თბილისიდან ნინოწმინდაში ახლადდაგებული გზით ჩავედით და ყველაზე თვალშისაცემი, რაც დაგვხვდა (8-10 წლის წინანდელთან შედარებით), იყო ქართული წარწერების შედარებითი სიმრავლე. ნინოწმინდაში მოქმედ ა/ო “ახალგაზრდულ ცენტრში” 20-მდე ადამიანს შევხვდით, რომელთა შორის იყვნენ: რუსული ენის, მუსიკის და ქართული ენის მასწავლებლები, ბუღალტრები, ჟურნალისტები, ოპერატორები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები. ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, სწორედ მათ მონათხრობს ეყრდნობა.
ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელშიც ჩვენც შევდივართ, სამცხე-ჯავახეთში პარასკევს, 19 ნოემბერს ჩამოვიდა და 4 დღე დარჩება. აქ სტუმრობის მიზანი იმ პრობლემების და სიახლეების დანარჩენ საქართველომდე მიტანაა, რაც აქ, ნინოწმინდაში აწუხებთ და უხარიათ. ღონისძიების ორგანიზატორი ა/ო. “გოუ ჯგუფია“, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ჩამოსვლამდე ქვემო ქართლში ყოფილა, ჟურნალისტებთან ერთად.
ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ჩვენი მასპინძლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ახლადგაყვანილმა გზამ მათი დრო და ფინანსები დაზოგა – ადრე ნინოწმინდიდან წალკაში ჩასვლას 3 საათი ვუნდებოდით და ახლა ამ მანძილს ერთ საათში გავდივართო.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად სომხები არიან. მათი სალაპარაკო ენა სომხური და რუსულია. მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის. ამბობენ, რომ თავის დროზე სკოლებში მათთვის ისევე რომ ესწავლებინათ ქართული, როგორც დღეს მათ შვილებს ასწავლიან, დღეს ამ მხრივ უკეთესი ვითარება იქნებოდა.
“გოუ ჯგუფის“ ინიციატივით ნინოწმინდაში არსებულ სამკერვალო ფაბრიკას ვესტუმრეთ, სადაც კერავენ ქვედაბოლოებს, პერანგებს, სამხედრო ფორმებს და ჯინსებს, საფირმო ნიშნით “არამანი“. ფაბრიკაში 200 ადამიანია დასაქმებული და მათ შორის ქართველი მხოლოდ ერთია. ფაბრიკაში თურქულ-სომხური ინვესტიციაა ჩადებული. მისი მეპატრონე სომხეთის მოქალაქეა, ნინოწმინდელები ჩივიან იმის გამო, რომ ფაბრიკაში მათი შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. როგორც ნინოწმინდელებმა გვითხრეს, თითოეულ მუშას თვეში 300 ლარს უხდიან. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გადის თურქეთში, სომხეთში და უკრაინაში; ასევე იყიდება ნინოწმინდაში. პროდუქციაზე ფასები ხელმისაწვდომია.
წელს ნინოწმინდაში უჩვეულოდ თბილი ზამთრისპირია - აქა-იქ თოვლის ნარჩენები შევნიშნეთ, რაზეც გვითხრეს - ეს არაფერია, შარშან ამ დროს, რომ ჩამოსულიყავით, მუხლამდე თოვლი დაგხვდებოდათ და ახლა ფაქტიურად გაზაფხული გვაქვსო.
ნინოწმინდელები თავს იწონებენ სასუქის გარეშე მოყვანილი კარტოფილით, ყველით და სულგუნით. აქ ერთი კილოგრამი კარტოფილი 70 თეთრად შეიძლება იყიდო. გვითხრეს, რომ აქამდე კარტოფილში ფული არასდროს აუღიათ იმათ, ვინც მოწეული მოსავლის თბილისამდე ჩამოტანას ვერ ახერხებდა - უმეტეს შემთხვევაში გადამყიდველები ნინოწმინდაში ჩადიოდნენ და ადგილობრივებს კარტოფილში უცვლიდნენ თბილისში ნაყიდ ფქვილს და შაქარს.
ნინოწმინდაში ერთი კილოგრამი ყველი 8 ლარი ღირს. წვრილ მეწარმეებს, იმათ, ვისაც 15-20 ძროხა ჰყავთ, გასაყიდი ყველი თბილისში მოაქვთ, სულგუნი ძირითადად ბათუმში. აქაურები გასათბობად შეშას და, ძირითადად, ნახშირს ხმარობენ, რომელიც ტყიბულიდან ჩამოაქვთ. 1 ტონა ნახშირი 180 ლარი ღირს. მთელი ზამთარი თბილად რომ იყო და თან სახლი მთლიანად გაათბო, ამისთვის 3 ტონა ნახშირი უნდა მოიმარაგო.
ნინოწმინდაში გვითხრეს, რომ ახალქალაქში გაზიფიცირება სრულდება და დაგვპირდნენ, რომ გაისად გაზს ნინოწმინდაშიც შემოიყვანენო. ეს მათ ძალიან ახარებთ.
ნინოწმინდაში პრესა.გე შემთხვევით შეხვდა ერთ ქართველს, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ თვითონ ნინოწმინდაში სულ 5-6 ქართული ოჯახია - წლების წინ ისინი აქ მასწავლებლად სამუშაოდ ჩამოსულან და შემდეგ საცხოვრებლად დარჩენილან. აქაური სომხები ამბობენ, რომ ნინოწმინდაში გაცილებით მეტი ქართული ოჯახია - დაახლოებით ოცამდე არიანო. სამწუხაროდ, ჩვენ ამის დაზუსტების საშუალება არ მოგვცემა, რადგან ნინოწმინდაში სულ რამდენიმე საათი დავყავით, მაგრამ ფაქტი ერთია - ქართული ოჯახები აქ თითებზე ჩამოსათვლელია.
შემთხვევით შეხვედრილი ქართველისგან შევიტყვეთ, რომ ნინოწმინდის რაიონში მთლიანობაში 140 ქართული ოჯახია. მათგან 80 აჭარიდან გადმოასახლეს ოთხმოცდაათიან წლებში და სოფელ სპასოვკაში “მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის“ მიერ შეძენილ სახლებში ჩაასახლეს. მანამდე სპასოვკაში დუხობორები ცხოვრობდნენ.
ნინოწმინდაში 4 საჯარო სკოლაა. მათგან 2 სომხურენოვანია, ერთი ქართული და ერთი რუსული. დაწყებით კლასებში ბავშვებს კვირაში 5 საათი ასწავლიან ქართულ ენას, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები ქართულზე უკეთ რუსულს ითვისებენ, რადგან გარშემო ქართულად არავინ ლაპარაკობს, ხოლო ტელევიზორში მულტფილმებს რუსულად, ან სომხურად უყურებენ.
უცხოეთიდან ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლები ნინოწმინდაშიც გამოჩდნენ, ჯერ – მხოლოდ რუსულენოვან სკოლაში.
ნინოწმინდაში არსებულ ტელეკომპანია “ფარვანას“ ვესტუმრეთ, რომელიც სომხურ ენაზე მაუწყებლობს; როგორც ტელეკომპანიის მესვეურებმა აგვიხსნეს, დღეში ორჯერ აქაურებს რაიონის სიახლეებზე უამბობენ, რასაც მოჰყვება რეგიონში და დანარჩენ საქართველოში მომხდარი ახალი ამბები. აქაურებს კიდევ ერთი რეგიონალური არხის ყურება შეუძლიათ - “რეგიონ ტივი“, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს. ნინოწმინდაში ქართული არხებიდან მხოლოდ პირველი არხი აჩვენებს.
ამ სახელდახელო რეპორტაჟში გიამბეთ იმაზე, რაც დავინახეთ ჩვენი თვალით და მოვისმინეთ ჩვენი ყურით. ძალიან კარგია ახალი გზა და ის, რომ გზა ნინოწმინდელებს დანარჩენ საქართველოსთან მეტი კონტაქტის საშუალებას მისცემთ, მაგრამ ბუნებრივია, გზა არ არის მთავარი - როგორც აქაურები ხუმრობენ, გზას ვერ შეჭამენ, როცა მოშივდებათ და გზა ვერც ქართულად წერა-კითხვას და ლაპარაკს ასწავლის.