ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო აცხადებს, რომ მადუროს რეჟიმის გადასაგდებად სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
„აუცილებელია ზეწოლა იმისათვის, რომ ის (მადურო) წავიდეს. სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ზეწოლის უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს, მაგრამ ამაზე გათვლას არ ვაკეთებთ“, - განაცხადა მან.
გუაიდოს თქმით, მადურო დიქტატორია და ხელისუფლებას ნებით არასდროს დათმობს.
ინტერვიუს დასასრულს გუაიდო ტრამპის განცხადებას იხსენებს, რომ ვენესუელასთან მიმართებაში მოქმედების ყველა ვერსია განიხილება. თუმცა, დროებითი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოვლენები მაინც მშვიდობიანი გზით განვითარდება.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.
მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.