ავტომფლობელებისათვის ბოლო პეიოდში იმდენი სიახლეა, მძღოლებს თვალის მიდევნებაც უჭირთ. შემოდის სავალდებულო დაზღვევა, იზრდება ჯარიმები და მოპედის სამართავად, შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო, ნასვამობაზე კი საერთოდაც ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება.
პარლამენტში წარდგენილი გეგმით, შს სამინისტრო 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს კანონპროექტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირების გამკაცრებას გულისხმობს.
ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულების დაკლებასაც.
გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის გამკაცრება საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ საკითხია ისიც, რომ მოპედის აღრიცხვიანობა და რეგისტრაცია მოხდეს. კერძოდ, მართვის მოწმობა ან რაღაც დოკუმენტი იყოს საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი მოპედს მართავდეს.
„შეიძლება ითქვას, რომ მოპედი დღეს უმართავი ტრანსპორტია, ისიც კი არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენია. ამასთან, მზარდია მოპედის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამინისტრომ ამ საკითხზე რეაგირება.
ასევე მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება ნასვამობაზე. მაგალითად, თუ მძღოლი ნასვამობის გამო, ერთხელ ჩაიდენს სამართალდარღვევას, განმეორების შემთხვევაში უკვე გამკაცრებული სანქცია უნდა არსებობდეს, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობა, რადგან 1 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა არასაკმარისია“, - აღნიშნა გადაცემაში „საქმე“ ლალიაშვილმა.
კიდევ ერთი სიახლე, რაც უკვე გაცხადდა და მძღოლებს უახლოეს მომავლში ელოდებათ, ისაა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირის დაზღვევა არ ექნება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება. ფულადი სანქციის ოდენობა კი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია.
სამართალდარღვევის შემთხვევაში - მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა– მოცულობა 50 სმ3– ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის (თუ მას არ გააჩნია მისაბმელით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) - 100 ლარით, ხოლო ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის – 200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.
ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად 72 საათიანი ვადა მიეცემა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა, იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას.