საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური სკანდალი ღრმავდება, საფრანგეთის თქმით, ამის მიზეზი იტალიელი პოლიტიკოსების „უსაფუძვლო თავდასხმები და აბსურდული განცხადებები“ გახდა.
ოფიციალურმა პარიზმა რომიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს უპრეცედენტო ზომაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ გამოუყენებიათ.
ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მიისტრის მოადგილე, ლუიჯი დი მაიო სამშაბათს პარიზთან ახლოს საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგე „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა.
საფრანგეთის მთავრობამ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის გამო გააფრთხილა.
საფრანგეთსა და იტალიას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2018 წლის ივნისში იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება პოპულისტურ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასა“ და მემარჯვენე პარტიას „ლიგას“ შორის მოხდა.
„ყვითელ ჟილეტიანებთან“ შეხვედრის შემდეგ დი მაიომ ტვიტერზე დაწერა, რომ ცვლილებების ქარმა ალპები გადალახა.
დი მაიოს ვიზიტს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროვოკაცია უწოდა, რომელიც მიმართულია მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ.