კომპანია „ტექნო ბუმს“ სასესხო რეგულაციების შედეგად გაყიდვებში, განვადებების წილი 3-ჯერ შეუმცირდა და კომპანია გაკოტრებამდე მივიდა. ეს პირველი მსხვერპლია იმ საბანკო რეგულაციებისა, რომლის ნაწილი ჯერ 7 მაისს ამოქმედდა, ხოლო საბოლოოდ პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. სავარაუდოა, „ტექნო ბუმს“ სხვა სავაჭრო ობიექტებიც მიჰყვებიან.
კომპანიის დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის თქმით, ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელს დროულად ვერ გადაუხადეს და ახლა მათთან შეთანხმება მიმდინარეობს.
ირკვევა, რომ „ტექნო ბუმის“ წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. როგორც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით შპს „ტექნო ბუმის“ წარმომადგენელმა ლელა ნადიბაიძემ მიმართა, რომელმაც მოითხოვა შპს „ტექნო ბუმის“ გაკოტრების დაწყება.
კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ მიმწოდებელთან თანხის გადახდა დაუგვიანდათ, მან კი აღსრულებას მიმართა. ბიზნესმენის თქმით, „ტექნო ბუმმა“ თითქმის დაასრულა ამ კომპანიასთან მოლაპარაკება და მის მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით მოხდება.
პრობლემა ტექნიკის მაღაზიათა ერთ-ერთ ლიდერს საბანკო რეგულაციებმა შეუქმნა. საქმე ისაა, რომ „ტექნო ბუმისთვის“ აქამდე გაყიდვებში განვადებების წილი 70% იყო და ახლა 20%-მდეა შემცირებული. 2018 წლის „ტექნო ბუმის“ გაყიდვები 30 მლნ ლარი იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. განვადებების მაჩვენებლების ვარდნასთან ერთად, კლება ნაწილობრივ ბათუმის ობიექტის ხანძარმაც განაპირობა.
ქოქოლაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებულმა გაყიდვებმა კომპანიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება აიძულა.
„საბანკო რეგულაციების ფონზე შეგვიმცირდა რეალიზაცია. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწყობში. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, თუმცა უკვე ვთანხმდებით გრაფიკზე და შესაბამისად, კომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და დაიწყება რეაბილიტაციის პროცესიც“, - განუცხადა „ბიპიენს“ ქოქოლაძემ.
ეს არ აროს გამონაკლისი კომპანია, რომელსაც საბანკო რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა. ტექნიკის მაღაზიების დიდ ნაწილში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა პირადი კომუნიკაციის დროს უკლებლივ ყველა ადასტურებს, რომ რეგულაციებმა ბაზარი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.
„მეგატექნიკაშიც“ ამბობენ, რომ განვადებების წილის შემცირებამ ახალი თავსატეხი გაუჩინათ, მაგრამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებაზე მორგებული საფინანსო პოლიტიკის გამო, მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნიათ.
„ეს რეგულაციები ბიზნესისთვის სასარგებლო რომ არ არის, ფაქტია და განვადების წილი სრულ გაყიდვებში ჩვენც შეგვიმცირდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ადაპტირებული ფასები გვაქვს, მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ჩვენზე გააკეთა არჩევანი და ნაღდი ანგარიშსწორებით გვყავს კლიენტების დიდი ნაწილი. რეგულაციებმა გაყიდვა შეამცირა, თუმცა ამის ხარჯზე მნიშვნელოვან პრობლემებს გადავურჩით“, - აცხადებენ „მეგატექნიკაში“.
ბოლო ერთ თვეში რეგულაციების მეორე ტალღამ დამატებით ნეგატიურად იმოქმედა ტექნიკის მაღაზიების რეალიზაციის მაჩვენებელზე. თუკი დიდი ქსელები სავაჭრო ობიექტებს ასეთი პრობლემები აქვთ, წვრილი და საშუალო მაღაზიები კიდევ უფრო უარეს ვითარებაში იქნებიან, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გაკოტრებულთა რიგებს არერთი ობიექტი შეუერთდება.