დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს მშენებლობა იგეგმება. მართალია, დიდი დიღმელებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე 2019 წელს დაგეგმილი პროექტების ნუსხაში არ არის, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, რომელიც შესაბამისი პროექტის მომზადება-დამუშავებასაც აანონსებს.
დიდი დიღმის მიმართულებით მეტროს მშენებლობის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი მოსახლე ცხოვრობს და გადაადგილდება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ თანხა, რომელიც სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს, დიდი დიღმის მიმართულებით უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, რადგან ლილოს მიმართულებაზე საათში 9000-მდე მგზავრი გადაადგილდება, მაშინ, როცა დიდ დიღომს გაცილებით დიდი მგზავრთნაკადი ჰყავს.
თავის დროზე ქართველმა სპეციალისტებმა უცხოელებთან ერთად დიდი დიღმის მიმართულება განიხილეს. თუმცა იმ პერიოდში დიდ დიღომში მეტროზე მსჯელობა ნაადრევი იყო, რადგან მეტრო 100 ათას ადამიანს მაინც უნდა მომსახურებოდა დღიურად. იმდროინდელ მგზავრთა ნაკადი კი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. დღეს კი ვითარება შეიცვალა და დიდი დიღმის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდ დიღომში აუცილებელია მიწისზედა სისტემის, მეტროს აშენება. ეს ჯერ კიდევ 70-იანი წლების მიწურულს იყო დაგეგმილი, უბრალოდ, ვერ განხორციელდა და, თუ ახლა ჩაუყრიან ამას საფუძველს, მხოლოდ მისასალმებელია.
„თავის დროზე ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ყველაფერს აქვს თავისი რიგი. საჩქაროდ იყო გასაკეთებელი სადგურიდან თავისუფლების მოედნამდე მეტროს ხაზი, შემდეგ ამას მოჰყვა სადგურიდან დიდუბემდე ხაზი, მერე თავისუფლების მოედნიდან სამას არაგველამდე, ამის შემდეგ დაიწყეს საბურთალოს ხაზზე მუშაობა. დიდი დიღმის მიმართულება კი ჩაფიქრებული იყო შემდგომ ეტაპზე. ამასობაში გაქრა საბჭოთა კავშირი და არავის უფიქრია ამ ხაზზე. ვეღარ ასწრებდნენ და მანდ დროებით გაატარეს ტრამვაის ხაზი. მერე რატომღაც ომი გამოუცხადა ჩვენმა „ჭკვიანმა“ ხელისუფლებამ ტრამვაი-ტროლეიბუსს, რელსები გაყიდეს, საკონტაქტო ხაზებიც გაყიდეს და დიდი დიღომი დარჩა ამ სიკეთის გარეშე. დღეს კი დიდ დიღომში მეტროსადგურის მშენებლობა აუცილებელია“,-აცხადებს გიგა ბათიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, საერთოდ, საჭიროა ამ ქსელის გაფართოება ქალაქში, რადგან ჩვენ მეტრომ გადაგვარჩინა უმძიმეს წლებში, როდესაც არც ტროლეიბუსი დადიოდა, არც ტრამვაი და ხალხი მხოლოდ მეტროს ან ფეხის საშუალებით გადაადგილდებოდა. დღესაც ერთ-ერთი შემამსუბუქებელი არის მეტროპოლიტენის ფართო ქსელი, სადღაც მიწისზედა მეტროპოლიტენის მოწყობა შეიძლება, სადღაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგან საჭიროა ღრმა ზედაპირი, ზოგან არაღრმა ზედაპირი, როგორც ეს არის საბურთალოს ხაზის შემთხვევაში. ხოლო, როდესაც მეტროსადგურის ხაზმა მტკვრის ქვეშ უნდა გაიაროს, იქ უფრო ღრმად უნდა ჩავიდნენ.
ურბანისტი ირაკლი მასხარაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდ დიღომში მეტროსადგურის აშენება თავის დროზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს საკითხი მაშინ ჰაერში გამოეკიდა. მით უმეტეს, დიდი დიღმიდან გლდანის მეტროებამდე ერთი ხაზია და ამ ხაზის გაგრძელებაა საჭირო. ურბანისტის თქმით, ქალაქი ცოცხლობს ქუჩებითა და მაგისტრალებით, ამიტომ სასწრაფოდ გასაკეთებელია სატრანსპორტო გენერალური სქემა.
„მთლიანობაში არ არის გააზრებული მთელი ქალაქი და დღეს სამარცხვინო ვითარებაა იმის გამო, რომ მილიონ მოსახლეზე ოდნავ დიდი ქალაქი იხრჩობა მანქანებით. რა თქმა უნდა, მეტრო შეამცირებს კერძო ტრანსპორტით გადადგილებას, მაგრამ ეს მაინც ადამიანის პირადი არჩევანია. არჩევანს აკეთებს თვითონ მომხმარებელი, საკუთარ მანქანებზე კი ბევრი ადამიანი ვერ იტყვის უარს. მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი დიღომი შემდგომი ეტაპია. დღეს, პირველ რიგში, უნდა ვუშველოთ ვაკეს. ვაკის ათვისებაა საჭირო მეტროთი, მიწისქვეშა ტრანსპორტი დღეს ვაკეს სჭირდება. ვაკეში ცხოვრება უკვე არ შეიძლება. დღესვე უნდა მოინიშნოს ტერიტორიები, სადაც უნდა ამოვიდეს მეტროსადგური. ვაკე დღეს გეტოდაა გადაქცეული. ეს მაშინ, როცა ვაკე რუსთაველის გამზირის ჩვეულებრივი გაგრძელებაა და ვაკეში მეტროს ორი სადგური მაინც უნდა გაკეთდეს - ერთი ძველ უნივერსიტეტთან და მეორე ვაკის პარკისკენ“, - აცხადებს ირაკლი მასხარაშვილი.