ახალი გადასახადი მძღოლებს - მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას იწყებს

ახალი გადასახადი მძღოლებს - მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას იწყებს

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის პირველი ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მძღოლებს ყოველწლიურად 100-დან 310 ლარამდე დაემატებათ გადასახადი. ეს კი ახლადამოქმედებულ ტექდათვალიერებასთან ერთად მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება.

პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარდგენილია და მათი ავტორების სურვილია, რომ იგი ზაფხულიდან ამოქმედდეს. პროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:

კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50კბ_სმ-ზე მეტია - 75-110 ლარი;

მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება - 100-150 ლარი;

ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება - 160-240 ლარი;

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3500 კგ-ს აღემატება - 210-310 ლარი;

მისაბმელისათვის - 50-75 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის - 60-90 ლარი.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, უკვე წარედგინა პარლამენტს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ასევე, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლმა კვლავ დაუზღვევლად გააგრძელა ავტომობილის მართვა, ეს ქმედება ხელმეორედ დაჯარიმებას გამოიწვევს.

სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი - 300 000 ლარია.

კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარს შეადგენს. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარია.

დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება 100%-ით, დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში კი 30-დან 100%-მდე.

დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი თუთარაშვილი ამბობს, რომ შეიქნება 2 ფონდი. პირველი მათგანი მოემსახურება პრევენციულ ღონისძიებას, ხოლო მეორე მათგანი მოემსახურება იმ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მოხდა დაუდგენელი სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად.

ცვლილებას მხარს უჭერს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი:

„საქართველოში დაახლოებით 10%-იანი სიხშირით ხდება სხვადასხვა სიმძიმის ავტოსაგზაო შემთხვევა. ახალი მეთოდით სწორედ სხვისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს სისტემურად, სწრაფად, არაბიუროკრატიულად და სტანდარტულად“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

სამაგიეროდ, სიახლეს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ეკონომისტები. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძის აზრით, ეს თაღლითობის ახალი მეთოდია.

„ამ გადაწყვეტილებას, ვერანაირი საერთაშორისო გამოცდილებით და პრაქტიკით ვერ გაამართლებს ვერავინ. როგორ შეიძლება სახელმწიფო გკარნახობდეს დააზღვევ თუ არა საკუთარ ნივთს? კითხვაც კი ზედმეტად მიმაჩნია. სინამდვილეში, ახალ საფეხურზე აიყვანეს სხვის ჯიბეში ძრომიალი და თაღლითობა“, - განაცხადა შეშელიძემ.