3 თებერვალს ანტვერპენში BNP Paribas Fortis-ის ბანკი გაძარცვეს. მძარცველები ბანკის საცავში საკანალიზაციო გაყვანილობით კვირას დილით შევიდნენ, რისთვისაც მათ ორი გვირაბი გათხარეს. პირველი გვირაბი ბანკიდან 400 მეტრის დაშორებით მდებარე სახლიდან იწყებოდა და კანალიზაციის გაყვანილობაში სრულდებოდა. მეორე გვირაბი კი კანალიზაციიდან ბანკის სათავსომდე იყო გაყვანილი.
როგორც ბელგიური მედია წერს, მძარცველებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. მედიის ცნობით, 27 წლის ბიჭი პოლიციამ დააკავა. პოლიცია სხვა დამნაშავეებსაც ეძებს.
ძარცვის შესახებ ცნობილი მხოლოდ კვირას დღისით გახდა, როდესაც ბანკში სიგნალიზაცია ჩაირთო. პოლიციის მისვლის მომენტში დამნაშავეები დაიმალნენ.
ჟურნალისტებმა ბანკის ძარცვის ტაქტიკა მხატვრული ფილმის "ოუშენის მეგობრების" სცენარს შეადარეს. ადგილობრივი კომპანია, რომელიც ჩამდინარე წყლებს წმენდს, ამბობს, რომ დამნაშავეების გეგმა მათივე სიცოცხლისთვის ბევრ საფრთხეს შეიცავდა. კომპანიის თქმით, მილების ზომა ზოგიერთ ადგილზე არ აღემატება 1.3 მეტრს, სიგანე კი 80 სანტიმეტრამდეა, ზოგიერთ ადგილზე კი კიდევ უფრო ვიწრო. ასევე, კომპანიის თქმით, ძარცვის დროს რომ გაწვიმებულიყო, კანალიზაცია წყლით სწრაფად გაივსებოდა და მძარცველები დაიხრჩობოდნენ. გარდა ამისა, მძარცველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა ის გაზებიც, რომლებიც საკანალიზაციო სისტემაში ყალიბდება ხოლმე, გვირაბის გათხრის დროს კი კედლების ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. "ვერ ვხვდები ისინი ცოცხლები როგორ გადარჩნენ", - თქვა ინჟინერმა.