საფრანგეთში 24 აპრილს პირველი მსოფლიოს ომის დროს სომეხთა გენოციდის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში სომხური დიასპორის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ისტორიას სახეში შეხედოს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. "ფრანგი სომხების ისტორია საფრანგეთის ისტორიის კუთვნილებაა. სომხების გენოციდი ჩვენი მეხსიერების ნაწილია და მას პატივი უნდა მიაგოს ჩვენმა რესპუბლიკამ", - ხაზგასმით აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
2001 წელს დიდი ევროპული სახელმწიფოებიდან საფრანგეთმა პირველმა აღიარა გენოციდად სომხების მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობა, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მოხდა.
ანალოგიური გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო, რამაც თურქეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. ოფიციალური ანკარა პირველი მსოფლიო ომის დროს 1,5 მილიონი სომხის მკვლელობას გენოციდად დღემდე არ აღიარებს.