„წესით უნდა იჩქაროს ივანიშვილმა“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვინაიდან საკმარისია, ამ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდეს ახალი იმედის მომცემი პარტია, ან რომელიმე ძველმა პარტიამ მოახერხოს მოსახლეობის ყურადღების მიქცევა, შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ ჩაატაროს ისეთი წარმატებით, როგორც თვითონ სურს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
დაპირისპირება პარტიის წევრებს შორის, დაპირისპირება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, კობახიძის ბოდიში ბესელიას - რა პროცესებია, რაც ახლა პარტიის შიგნით მიმდინარეობს?
რამაზ საყვარელიძე: ეს კითხვები ბევრს გვაწუხებს. პირადად ჩემი ვერსია ასეთია: ივანიშვილი, როგორც პრაგმატისტი პოლიტიკოსი ეცდება, თავის გარშემო დაიტოვოს ადამიანები, რომლებიც ნაკლებად წამგებიანი იქნებიან, თუ, რა თქმა უნდა, არ გადასძლია რომანტიკულმა მიდგომამ. ივანიშვილი იმით არის იშვიათი პიროვნება, რომ როგორც ქველმოქმედი რომანტიკოსია და როგორც ბიზნესმენი პრაგმატიკოსია. პოლიტიკაში ზოგჯერ ერწყმის ხოლმე ეს ორი მიმართულება ერთმანეთს.
მე მგონია, რომ რაღაცა ეპატზე ივანიშვილის ამ რომანტიზმა და სუბიექტურმა სიმპათიებმა ბევრი რამ განსაზღვრა საკადრო პოლიტიკაში და პრაგმატიზმმა ცოტა უკან დაიხია. როდესაც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ივანიშვილმა ნახა, რომ მოგება რთულია, წინ წამოიწია სწორედ პრაგმატული მომენტი და ამიტომ გაურია თავის დანაპირებში, რომ შევცვლი საკადრო პოლიტიკასო. ამ საკადრო პოლიტიკაში, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ პოლიტიკას, რომელიც პირადი სიმპათიების პრინციპზე იყო აგებული, პრაგმატულ პრინციპზე აგებული პოლიტიკით შეცვლის.
ერთია სურვილი, მაგრამ მეორეა შესაძლებლობა. თავის განცხადებაში თქვა, რომ პირად სიმპათიებზე და მორჩილებაზე არ იქნება მისი საკადრო პოლიტიკა აგებული, მაგრამ გუნდი, რომელიც სწორედ სიმპათიებზე არის აგებული, რამდენად მისცემს ამის საშუალებას? საუბარია ახალგაზრების გუნდზე, რომლებსაც ხშირად ადარებენ სააკაშვილი–ჟვანიას რეფორმატორების გუნდს, რომელიც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირშის“ წიაღში შეიქმნა...
– ამ გუნდის რეფორმატორობაზე საუბარი რთული წარმოსადგენია, ეს ცალკე მსჯელობის თემაა. ბუნებრივია, რომ ივანიშვილს ახალგაზრდები უნდა შემოეყვანა, მაგრამ ყოველთვის დგას საკითხი, როგორ უნდა შემოეყვანა. ახალი სახეები ნელ–ნელა უნდა შემოვიდნენ პოლიტიკაში, მათაც უნდა იცოდნენ, რომ ისინი გამოსაცდელ საფეხურს გადიან. მაგრამ 2016 წელს შემოყვანილმა ადამიანებმა წამყვანი პოზიციები დაიკავეს და ეს იყო ივანიშვილის დიდი შეცდომა.
მზად არ იყვნენ იმისთვის, რომ წამყვანი ფიგურები გამხდარიყვნენ ივანიშვილის ძველი გვარდიისათვის და ბუნებრივი იყო, რომ მოხდებოდა დაპირისპირება. ჯერ ეს ძველი გვარდია უნდა გაეცნოთ, მათთან საერთო ენის პოვნა უნდა ესწვალათ და მერე დაეწინაურებინათ, თუ მაინცდამაინც დაწინაურება იყო აუცილებელი. ასეთმა აჩქარებამ ცუდი როლი ითამაშა ახლაც, ისევე როგორც ანალოგიურმა აჩქარებამ ცუდი სამსახური გაუწია შევარდნაძეს, რომელმაც ახალგაზრდები, ისე რომ ძველებთან არანაირი საერთო არ მოაძებნინა, პირდაპირ წამყვან პოზიციებზე დააყენა და შედეგიც მიიღო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ახალგაზრდები ივანიშვილს აგრძობინებენ, რომ მათ შეიძლება გაიმეორონ ის, რაც ჟვანია–სააკაშვილის გუნდმა გაიმეორა, თუკი მათი სურვილები არ აღსრულდებაო. არ არის გამორიცხული ასეთი განწყობილება არსებობდეს.
რამდენად ძლიერია ეს გუნდი, რომ შეძლონ ღიად გამოუცხდონ ომი პარტიის დამფუძნებელს, როგორც ეს ჟვანია–სააკაშვილმა გააკეთა? ივანიშვილის ახალგაზრდა გუნდის შეფასებისას ხშირად ჩნდება ფრაზა კომკავშირლები და თუ ამოვალთ იქიდან, რომ ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიში მოახდევინა ბესელიასთვის, გამოდის, რომ არ არის ძლიერი გუნდი?
– გავიხსენოთ რა გზით გაძლიერდა მაშინდელი შევარდნაძის რეფორმატორები. სააკაშვილმა დაიწყო პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა, მინისტრების სახლების და აგარაკების სურათები ააფრიალა მთავრობის სხდომაზე და ამით გახდა პოპულარული. ამ პოპულარობის ხარჯზე შევარდნაძესთან დაპირისპირება მისთვის იყო მომგებიანი, შევარდნაძისთვის წამგებიანი. ამავე დროს სააკაშვილმა ძალიან ინტენსიური კავშირები დაამყარა დასავლეთთან და სამიზნედ გაიხადა დასავლეთის მიერ გაკრიტიკებული საქართველოში გავრცელებული კორუფცია. ისე, რომ ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობა და მეორე მხრივ დასავლეთი მხარს უჭერდა სააკაშვილს. არაფერს ვამბობ იმაზე, რა ურთიერთოები დაამყარა რუსეთში. მოკავშირეებს ეძებდა სააკაშვილი, პოულობდა, მათთვის საჭირო ნაბიჯებს დგამდა და მერე უკვე ძლიერი იყო როგორც ფიგურა და სუსტი იყო მისი მეტოქე, ამ შემთხვევაში შევარდნაძე.
ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ სურათს ვაკვირდებით?
– ამ ახალგზარდებს კომკავშირლები რომ დაარქვეს, ამაში უკვე ჩანს მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ. მოსახლეობა მათ არ აღიქვამს მოქალაქეებზე მზრუნველ ადამიანებად, როგორც მაშინ რეფორმატორობის ეტაპზე აღიქვამდენ სააკაშვილს. თვლიან, რომ ეს დეპუტატები საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვით არიან დაკავებული. სააკაშვილმა იმიჯი შექმნა, რომ ხალხზე ზრუნავდა, ამათ ხალხზე მზრუნველის იმიჯიც ვერ შექმნეს, რომ დაპირისპირების შემთხვევაში ხალხი მათ მხარეს დადგეს.
შიდა პარტიული ომი, რომელიც „ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს, რომელი გუნდის გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს?
– არ ვიცი გუნდების რაოდენობა ამ ჩამონათვალით ამოიწურება თუ კიდევ არის გუნდები. საკმაოდ სერიოზული ფიგურები არიან პარტიაში, რომელთა მკაფიო არც გეგმები და არც მოძრაობები ამ ეტაპზე არ ჩანს. ვგულისხობ, კალაძეს, გახარიას, კახიშვილს, სერგეენკოს, რომელებსაც უზარმაზარი ნდობა აქვთ მოსახლეობაში. ეს ფიგურები ჩართული აღმოჩნდებიან ამ პროცესებში, რომელ მხარეს დაიკავებენ, თავიანთ ცალ–ცალკე დაჯგუფებებს წარმოქმნიან, თუ რა მოხდება, ცოტა ძნელი სათქმელია. არის მოარული ხმები, რომ კალაძეს მჭიდრო კავშირი აქვს კობახიძის ჯგუფთან, მაგრამ ესეც ხმებია. მეორე მხრივ კალაძე უდავოდ პრაგმატიკოსია და თუ დაინახა, რომ პოლიტიკური კარიერისთვის მომგებიანი არ არის რომელიმე ჯგუფთან ყოფნა, ის არ გადაყვება თან. ასე რომ, წინ ბევრი კითხვის ნიშანია.
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ თქვა, რომ პარტიული ვერტიკალის დალაგებისთვის სჭირდება ერთი წელი. რა პროცესებიც პარტიის შიგნით ვითარდება, ეს არის პარტიული ვერტიკალის დალაგების პროცესი?
– ძნელი სათქმელია ვამტკიცოთ, რომ ეს პროცესები წინასწარ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად არის და კარგი პოლიტიკოსი ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა მოსამართლეების სია თავისი მხრიდან გაატარა, რომ ამ სიის საზოგადოებაში გადასვლას მოეტანა ის შედეგი, რომ ალაპარაკებულიყო საზოგადოება და ივანიშვილმა თავისი მუშტით გასაკეთებელი საქმე, საზოგადოებით გააკეთა. პოლიტიკოსები ხშირად ქმნიან ამ სიტუაციას. ასე რომ, აქ ივანიშვილმა მისთვის არახელსაყრელი ნაბიჯების გადადგმას თავი აარიდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ შეიძლება პოლიტიკურ სტილზეც იქონიოს გავლენა.
მმართველ გუნდში საუბრობენ რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაზე და რომ ივანიშვილი გუნდის გადახალისების პროცესს იწყებს. NDI–ის კვლევის შედეგებს თუ ავიღებთ, მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს საკუთარ მაჟორიტარს, არ ენდობა პარლამენტს, ნდობის მაღალი რეიტინგი არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა და აუცილებელია, რომ პარლამენტს ჰქონდეს მაღალი ნდობა საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნებისკენ მიდის პროცესები?
– თქვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ახსენეთ და გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტი სარგებლობდეს მაღალი ნდობით. ერთ–ერთი შეცდომა იყო საპარლამენტო რელსებზე გადასვლა ისე, რომ პარლამენტი გვქონდა საკმაოდ სუსტი. მაგრამ მატარებელმა შეიცვალა უკვე რელსები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, წესით უნდა იჩქაროს ივანიშვილმა, რადგან საკმარისია ამ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდეს ახალი იმედის მომცემი პარტია, ან რომელიმე ძველმა პარტიამ მოახერხოს და მოსახლეობის ყურადღება მიიქციოს და, შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ ჩაატაროს ისეთი წარმატებით, როგორც თვითონ სურს. მით უმეტს, რომ მესამე ძალის ძიება მიდის გამწარებული. სანამ ეს მესამე ძალა აღმოჩენილა, იქამდე დროს აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ დანაწილებაში მან მოიპოვოს უპირატესობა. მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები გადარჩენის ერთ–ერთი საშუალება არის, ოღონდ ვადამდელი არჩევნების ისეთი სიით შეთავაზება, რომელიც მოსახლეობაში მინიმუმ უარყოფით დამოკიდებულებას არ გააჩენს.