პოლონეთის სასაკლაოზე დამზადებული ხორცი, რომელიც სანიტარული ნორმების შემოწმების მიზნით დახურეს, ევროკავშირის 11 ქვეყანაში დააიმპორტირეს. ამის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ.
რეგულატორების თქმით, ქალაქ ოსტრუვ-მაზოვეცკასთან არსებულ სასაკლაოზე შესაძლოა დაავადებულ ძროხებს კლავდნენ. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ სასაკლაოზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძროხები მიჰყავთ.
ვიდეო პოლონურმა არხმა TVN 24-მა აჩვენა, რის შემდეგაც სკანდალი მოხდა. პოლონეთის მთავარმა ვეტერინარმა პაველ ნემჩუკმა განაცხადა, რომ სასაკლაო უკანონოდ მუშაობდა.
ვეტერინარის თქმით, გაფუჭებული ხორცი ევროკავშირის 11 ქვეყანაში მოხვდა: ესტონეთში, საფრანგეთში, ფინეთში, უნგრეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, ესპანეთში, შვედეთში, გერმანიაში და სლოვაკეთში.