40 წელს ზემოთ მყოფ პირებს, რომლებსაც საპენსიო სისტემიდან გასვლა ენდომებათ, შესაბამისი განაცხადი 1-ლი აპრილიდან 31 მაისამდე უნდა წარადგინონ. თანხების დაბრუნება დაახლოებით 2-3-კვირიან პერიოდში მოხდება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, ყველა ადამიანი უკლებლივ დარჩება ახალ ფონდში და ავტომატურ რეჟიმში გააგრძელებს თანხების დაგროვებას, რომლის გამოყენებასაც 20 წლის შემდეგ შეძლებს.
„იმ ადამიანებს, ვისაც სისტემიდან გასვლა სურთ, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით უნდა მიმართონ სააგენტოს, ოპერატორი გამზადებულ განცხადებას ჩამოტვირთავს, მოაწერს ხელს, გაივლის იდენტიფიკაციას, აიტვირთება მისი მონაცემები ჩვენს სისტემაში და ჩაჯდება იმ მოდულში, სადაც იქნება გასული ადამიანების სია.
ამ პროცედურის გავლის შემდეგ უკვე ბუღალტრებმა უნდა წარმოადგინონ კიდევ ერთხელ მათი მონაცემები. ჩვენ მოვითხოვთ უკან დაბრუნების განცხადებას და თუ ასეთი არ იარსებებს, ეს ადამიანები კვლავ დარჩებიან გასული ადამიანების სიაში.
უკან დაბრუნების ადმინისტრირებას ცხადია გააკეთებს საპენსიო სააგენტო. დამსაქმებელთან მოხდება 2+2%-ის დაბრუნება და 2%-ის დავუბრუნებთ სახელმწიფოს. რაც შეეხება ვადებს, ეს დამოკიდებული იქნება გამსვლელების რაოდენობაზე, თუმცა არა მგონია პროცესს 2-3კვირაზე მეტი დასჭირდეს“, – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სურგულაძემ.
მოქალაქეებს სისტემიდან გასვლაზე განაცხადის გაკეთების საშუალება, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სოციალური მომსახურების სააგენტოებში მიეცემათ.
„საპენსიო სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით არ აქვს ასეთი ადგილები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომელსაც 69 ლოკაცია აქვს ქვეყნის მასშტაბით და იქ თითო ოპერატორს მივცემთ საშუალებას და ინსტრუქციას რომ აკეთოს ეს საქმე“, - აღნიშნა „საქმიან დილასთან“ სურგულაძემ.
2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ, ანუ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.
საპენსიო შენატანი ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24 000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24 000-დან 60 000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60 000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.
ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 25 000 კომპანია დარეგისტრირდა საპენსიო სისტემაში ესენია კერძო კომპანიები და ასევე სახელმწიფო უწყებებიც.
„ყველა დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის და ზუსტად ვერ ვამბობთ რამდენი ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნება ამ 25 000 კომპანიიდან. სახელმწიფოც ჩაერთო უკვე, დღეს დაახლოებით 300 000 ინდივიდუალური ანგარიშია. ყოველ დღე დაახლოებით 1000 კომპანია ემატება და ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 500 000-600 000 ინდივიდუალური ანგარიში უნდა შეიქმნას“, - განაცხადა სურგულაძემ.