სტუდენტები - ხელისუფლებას ჩვენი შიმშილით დაღუპვის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდით

სტუდენტები - ხელისუფლებას ჩვენი შიმშილით დაღუპვის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდით

იუსტიციის სახლთან ოთხი დღის განმავლობაში მოშიმშილე შვიდმა ახალგაზრდამ პროტესტის უკიდურესი სახით გამოხატვა შეწყვიტა. ისინი თანადგომას უცხადებდნენ 21 სექტემბერს იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს დააკავებულ დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას, რომლებიც თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

ახალგაზრდებისთვის ეს პირველი შიმშილობა იყო და ისინი მხოლოდ წყალს ღებულობდნენ.  

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ახალგაზრდებს ტრანსპარანტი გამოეტანათ, წარწერით: „სოლიდარობა პოლიტპატმრებს.“ როგორც ახალგაზრდები განმარტავენ, ისინი საკუთარ ძალებს მომავალი აქტიური ბრძოლისთვის ინახავენ და ხელისუფლებას მათი შიმშილით დაღუპვის სიამოვნებას ვერ მიანიჭებენ.

შიმშილობის მეორე დღეს მათ მწერალი ირაკლი ლომოურიც შეუერთდა. ეს მწერლისთვის, ისევე, როგორც ახალგაზდებისთვის, ცხოვრებაში პირველი შიმშილობის აქცია იყო. თუმცა თავად ირაკლი ლომოური მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა არის თავგანწირული სიყვარული და დადგა დრო, როცა ეს სიტყვები საქმით უნდა გამოვხატოთ.

ახალგაზრდების შიმშილობამ ნორმალურად ჩაიარა. მათ ვინმეს დახმარება არ დასჭირვებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ღამის გარკვეულ პერიოდში იუსტიციის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი, ისინი მოშიმშილეებთან არ მისულან და პროტესტის გამოხატვაში ხელი არ შეუშლიათ.

For.ge მოშიმშილეებს ესაუბრა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი უჩა კანდელაკი აცხადებს, რომ ისინი ოთხდღიან შიმშილობას ასრულებენ, რადგან უკანასკნელი 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ  250-დან 300 ახალგაზრდა დააკავა.

„ამ ადამიანებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალი აქვთ წაყენებული და ისინი, უბრალოდ, განეიტრალებულნი არიან პოლიტიკური პროცესებიდან. სოლიდარობას ვუცხადებდთ ზოგადად ყველა პოლიტპატიმარს. ამიერიდან ჩვენ უკვე გადავდივართ აქტიურ სამოქმედო გეგმაზე, უფრო აქტიურად ჩავერთობით აქციებში, ახალგაზრდულ მოძრაობაში“, - აცხადებს უჩა კანდელაკი.

მისი თქმით, ქვეყანას ამ წუთას სჭირდება, რომ ახალგაზრდები არ განეიტრალნენ. „ჩვენ ამ წუთას ვჭირდებით ქვეყანას“, - აცხადებს უჩა კანდელაკი.

მწერალ ირაკლი ლომოურის თქმით, მას დემაგოგიის, სადიზმის ატანა აღარ შეუძლია. ამიტომ სოლიდარობას გამოხატავს იმ ორი ადამიანის მიმართ, ვინც თავიდან დააპატიმრეს. თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ კიდევ უამრავი ადამიანი დააკავეს.

„ხელისუფლებას ძალიანაც გაუხარდება, ჩვენ, ყველანი, აქ შიმშილით რომ დავიხოცოთ. ამ დროს კი წინ გველის გადამწყვეტი ბრძოლა. ამიტომ, ახლა ვწყვეტთ ამ აქციას და მშვიდობიანად გამოვხატავთ პროტესტს, კანონის დაცვას მოვითხოვთ და იმედი მაქვს, მშვიდობიანად მივალთ 1-ელ ოქტომბრამდე“.

ირაკლი ლომოურის თქმით, პირადად იგი მოშიმშილეთა აქციას მარტივი მიზეზის გამო შეუერთდა. კერძოდ, ამ შემზარავი კადრების გავრცელებისთანავე ხელისუფლებამ ვითომც ბოდიში მოიხადა და თავი იმართლა,  თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდა და აღარ დაუშვებდა ასეთ ფაქტებს. თუმცა, მხოლოდ ორი მინისტრი გადადგა და ამით თითქოს „ამოიწურა“ პრობლემა. ამის შემდეგ ნაციონალები პირიქით გადავიდნენ კონტრშეტევაზე, დაიწყეს დაპატიმრებები და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დევნა. სწორედ მაშინ მიხვდა ირაკლი ლომოური, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი.

„15 წელია, სასულიერო აკადემიაში ვკითხულობ ლექციებს ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში, ვასწავლი სტუდენტებს, რა არის ზნეობრივი ცხოვრება. ქრისტიანობა არის ცხოვრება სხვისთვის, ეს სხვა კი არის ღმერთი და მოყვასი. ქრისტიანობა არის თავგანწირული სიყვარული. დადგა მომენტი, როცა სიტყვები საქმით უნდა გამოვხატოთ“, - აცხადებს ირაკლი ლომოური.

როგორც აღმოჩნდა, მწერალს ცხოვრებაში არასდროს უშიმშილია, თუმცა თავს შეუძლოდ სულაც არ გრძნობს.

„ჩვენ რომ ახლა აქციები გაგვეგრძელებინა, ეს ისევ ამ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამდა წყალს, რადგან, რაც უფრო მეტი პოლიტიკურად აქტიური ადამიანი გამოაკლდება საარჩევნო პროცესს, მით უფრო გაუხარდებათ ამათ. ამიტომ თვითონ ამ დაკავებულმა ბიჭებმა გვთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა. მთავარი ბრძოლა წინ გველის. ამიტომ ჩვენ რომ აქ დავიხოცოთ შიმშილით, ამ ბიჭებს მაინც არავინ გამოუშვებს, სანამ ეს რეჟიმი იქნება. თუ ადამიანი არ ამოიღებს ხმას და ისევ შეეგუება ყველაფერს, მაშინ რა ფასი ექნება ჩვენს ცხოვრებას?!“ - ინტერესდება ირაკლი ლომოური.     

შოთა კაპანაძე, სტუდენტური გაერთიანება „ქართველის“ წევრი, აცხადებს, რომ სტუდენტებმა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შიმშილობის ოთხი დღით დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას უსამართლოდ დაკავება გააპროტესტეს.

ამასთან, შოთა კაპანაძე მოხარულია, რომ მათ აქციას შეუერთდა დიდი მწერალი ირაკლი ლომოური, რომელიც ახლოს გაიცნო და იგი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს, რადგან არ შეიძლება, ადამიანს უმიზეზოდ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდო. ამ ბიჭების აყვანაც უცნაურად მოხდა - პატრულმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ჰკითხა, ხომ არ არის აქ რაიმე პრობლემა?! ბიჭებმა უპასუხეს, არაფერიო. პატრულმაც გააგრძელა გზა და ამის შემდეგ დაედევნა ახალგაზრდებს. ოქმში კი ჩაუწერეს, ჯერ ღერძულა ხაზი გადაკვეთა, შემდეგ პატრულს გაუწია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამიტომ 40 დღიანი პატიმრობა გადაუწყვიტეს.“ 

სტუდენტური გაერთიანება „ქართველის“ მეორე წევრი აკაკი რობაქიძე აცხადებს, რომ შიმშილობის მეოთხე დღეს მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ხელისუფლებამ ბევრი ისეთი ახალგაზრდა და მოძრაობის აქტიური წევრი დააპატიმრა, რომ მათ თავი მოვალედ ჩათვალეს, შეეწყვიტათ მჯდომარე პროტესტი და აქციებით გამოეხატათ სათქმელი.

„დაკავებული ახალგაზრდები ძალიან აქტიურად მოღვაწეობდნენ. თუმცა მოხდა გაუგებრობა და ისინი დააკავეს. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, შიმშილით გამოეთქვათ პროტესტი. ჩვენთვის ეს იყო პირველი შიმშილობა, მაგრამ მონდომებამ და პროტესტის გრძნობამ გადაგვალახინა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს აკაკი რობაქიძე.