ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?! ბუნებრივი აირით გამოწვეულ აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა და 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 6 ბავშვი. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა. მეზობლებმა თურმე ორჯერ დარეკეს „ყაზტრანსგაზში“, ორჯერვე მისულან კომპანიის წარმომადგენლები, მაგრამ მეზობლების განმარტებით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა მათ დასცინეს, პრობლემა არ არის, ვიღაც გაზის ბალონს აიტანდა და ამიტომ დგას აირის სუნიო. მათი წასვლიდან საათნახევარში კი დატრიალდა ტრაგედია. აფეთქების სიმძლავრემ კედელი გაიტანა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვით უკვე 285 ადამიანი მოიწამლა და 86 გარდაიცვალა.
ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი აცხადებს, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს შესაბამისი აპარატურა არ გააჩნიათ. ამდენად, სად ხდება გაზის გაჟონვა, ყნოსვით ამის გაგება რთულია. ასე რომ, თბილისი დგას ნაღმზე.
ენერგეტიკოსი დავით ელიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის ბრალია. მისი აზრით, არ იყო საჭირო პოლიეთილენის მილების დამონტაჟება, რაც იმის გამო მოხდა, რომ ეკონომია გაეკეთებინათ. შენობის შიგნით მაინც უნდა ყოფილიყო საიმედო მილგაყვანილობა.
„ყველაზე საიმედოა რკინის მილგაყვანილობა. ზოგადად, გაზის გაჟონვა ხდება პერიოდულად და ხდება სისტემატურადაც. ამ დროს მნიშვნელოვანია ყურადღება, ყნოსვა, ფიზიკური საშუალებები. არსებობს ხელსაწყოები, მათ შორის, სიგნალიზატორები. სიგნალიზაცია როცა ჩართულია, მაშინვე უნდა იმოქმედოს ტვინმა, რომ ოთახში, სადაც აირი დაგროვდა, ნაპერწკალი ან ღია ცეცხლი არ შეიტანონ. რა თანხაც არ უნდა დაჯდეს ოდორანტი, ეს თანხები უნდა გაიღონ, რათა მოსახლეობამ ყნოსვით მაინც გაიგოს, სადმე ხომ არ იპარება გაზი. ენერგეტიკის სათავიდან მოვდივარ და მახსოვს, როდესაც დარგმა გაიკაფა გზა, დიდი ყურადღება ექცეოდა უსაფრთხოებას. უსაფრთხოებისთვის იყო სპეციალური პერსონალი გამოყოფილი, იყო სიგნალიზატორები. ადრე იყო საქვაბეები, ყველა სახლს თავისი საქვაბე ჰქონდა, სადაც უსაფრთხოება ყოველწამიერად იყო დაცული“.
ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაში და როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე ესაუბრა.
გია არაბიძე: უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას როგორც მომხმარებელმა, ისე დისტრიბუტორ-მიმწოდებელმა. გათბობის სეზონის დაწყების წინ „ყაზტრანსგაზის“ ოპერატორმა, რომელიც შესაბამის ჩვენებას იღებს მრიცხველიდან, უნდა მოახერხოს და ვიზუალურად დაათვალიეროს აბონენტის გაზის ხელსაწყოები. ამას დიდი დრო არ სჭირდება. ისინი აღჭურვილნი არიან შესაბამისი ხელსაწყოებით, ან უნდა ჰქონდეთ ასეთი ხელსაწყოები. ჩართვა-გამორთვისას მათ შეუძლიათ დაადგინონ, წესრიგშია თუ არა გაზის ხელსაწყოები, ხომ არ არის გამონაბოლქვი, C2 და სხვა. ეს უნდა დაევალოს ჩვენს დისტრიბუტორს. რაც შეეხება გაზის მომხმარებელს, მას წესად უნდა ჰქონდეს, რომ, როდესაც დავუშვათ, სადილს მოამზადებს გაზქურაზე, ერთი საათის განმავლობაში, თუკი ენთო გაზის რომელიმე ხელსაწყო, 5 წუთი მაინც გაანიავოს ის ოთახი და სათავსო, სადაც გაზის ხელსაწყო იდგა. ეს აუცილებელი პირობაა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენი სახლების კონსტრუქციებმა (ძველმაც და ახალმაც) სახე იცვალა. მხედველობაში მაქვს ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები, რომლებიც ისე ჰერმეტულადაა ნაკეთები, რომ ჰაერის მოლეკულა ვერ შედის და ვერ გამოდის.
სხვათა შორის, ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტების გახშირების გამო ამბობენ, რომ ისევ ძველებური ხის ფანჯრები სჯობდა, თავისი ჩამტვრეული შუშებით, ვიდრე ასეთი ჰერმეტული ფანჯრები.
- ამ საქმისთვის აბსოლუტურად ასე სჯობდა. ძირითადად ჩვენ გაზის ხელსაწყოები გვაქვს სამზარეულოში. ადრე ამ სამზარეულოს აუცილებლად უკეთდებოდა სარკმლები, ე.წ. ფორტოჩკები. თანაც, ამ სარკმლების ლოგიკა ის იყო, რომ აუცილებლად გარეთ უნდა გაღებულიყო. გაზი, ნამწვი, ყველაფერი ზემოთ იყრიდა თავს და პატარა სარკმლიდან პირველი მავნე აირები გადიოდა. ახლა კი, როდესაც მეტალოპლასტმასის ფანჯრებს ვაკეთებთ, იქ არის მთლიანი „ფრამოვკა“, სადაც არაფერიც არ იღება. ამიტომ განიავების დროს მთლიანად კარები უნდა გაიღოს, რაც დიდი რაოდენობით სიცივის შემოსვლასა და ოთახიდან სითბოს გადინებას იწვევს. ამის მიუხედავად, სჯობს, მთლიანად გავაღოთ კარები, ფანჯარა, შეველიოთ 3-4 წუთით სითბოს გადინებას და სიცივის შემოსვლას, რათა ოთახი განიავდეს. თუ ამ პირობას დავიცავთ, არაფერიც არ მოხდება. აირი არ არის ისე საშიში, თუკი მისი მოხმარების წესებს დავიცავთ.
ყოვლად დაუშვებელია, ღამით გაზის იმ ხელსაწყოს ჩართული დატოვება, რომელსაც ავტომატური რეგულირება არ აქვს, ან მისი ავტომატური რეგულირების იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება გათბობის ქვაბებს, ისინი ძირითადად ღია აივნებზეა, სადაც პრობლემა არ არის. გაზი საშიშია მხოლოდ დახურულ სივრცეში. ღია სივრცეში გაზი არაა საშიში. აფეთქების დროს დაახლოებით 10-15-ჯერ ხდება იმ სივრცის გაფართოება, სადაც გაზის დაგროვება მოხდა. ამ მხრივ ყველაზე სუსტი ადგილი იქნებოდა ის „ფორტოჩკა“, რომელიც გარეთ გაიღებოდა, პირველი ის გასკდებოდა და იქიდან გავარდებოდა აირის მთელი მასა გარეთ. დაახლოებით ეს იმას ჰგავს, დინამიტს რომ აფეთქებენ, სადაც დიდი წინააღმდეგობაა, იქ უფრო მეტად ანგრევს. ვინაიდან ახლა „ფორტოჩკები“ აღარ გვაქვს, ხოლო კარ-ფანჯრები ჰერმეტულადაა დახურული, კედელი მთლიანად ინგრევა. ძლიერია, თუ სუსტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მოსახლე ოდნავ შეამჩნევს, რომ ბუნებრივ აირს ოდორანტის სუნი აქვს, იმ წუთშივე უნდა შეწყვიტოს გაზის მიწოდება, მრიცხველის შემდგომ გაზსადენში არსებული გადასაკეტი სარქველი გადაკეტოს და გამოიძახოს გაზის სპეციალისტი. ასევე, მნიშვნელოვანია გაზის დეტექტორების დამონტაჟება. არ არის ეს ძვირადღირებული, რადგან შეიძლება ოდორანტის კონცენტრაცია არ იყოს იმდენი, რომ ყნოსვის ორგანოებმა აღიქვან.
ამბობენ, დღესდღეობით ბუნებრივ აირში ოდორანტის შემცველობა შემცირებულია, რითაც გაზის კომპანიამ თანხები დაზოგა. ამიტომაც არ იგრძნობა გაზის მძაფრი სუნი.
- ზუსტად არ ვიცი ახლანდელ გაზს ოდორანტის რა რაოდენობას უმატებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ადრე გამოჟონილი გაზი უფრო მძაფრი იყო. წინათ ასანთს რომ გავკრავდით და დროზე არ აინთებოდა გაზის ხელსაწყო, მძიმე სუნი დგებოდა, ახლა კი შედარებით ნაკლები სუნი დგას.
დეტექტორები, ანუ სენსორული მოწყობილობა რა ჯდება?
- საყოფაცხოვრებო მომსახურეობისთვის განკუთვნილი სენსორული მოწყობილობის ფასი იწყება 6 დოლარიდან. არის 18 დოლარიანიც, უფრო მაღალფასიანებიც იყიდება, რაც განკუთვნილია დიდი ობიექტებისთვის, ქარხნებისთვის. დეტექტორი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რაც გვატყობინებს, რომ პრობლემაა და უნდა გადავკეტოთ გაზი და გავანიავოთ ოთახი.
ფაქტია, რომ პოლიეთილენის მილებით ჩაანაცვლეს ლითონის მილები, რომლის დაზიანებაც, ალბათ, ბავშვსაც შეუძლია.
- პოლიეთილენის მილი არ არის პრობლემა გაზისთვის. ფოლადის მიწისქვეშა მილები გაცილებით რთულია, რადგან მიწაში მიმდინარებს კოროზია და დღეს საქართველოში არ ხდება ანტიკოროზიული საქმიანობის წარმოება. პოლიეთილენის მილი ასე ადვილად დასაზიანებელი არ არის. სითბური ნაკადი თუ არ მიიტანეთ, სხვა შემთხვევაში, მისი მექანიკურად გაჭრა რთულია. პრობლემა სხვა რამეშია, როდესაც კედლებზე გაზის მილები დაამაგრეს, რამდენად კომფორტულია, არის თუ არა დაცული, არხებში გაყვანილი ისე, რომ მექანიკურად არ მოხდეს მილების გადანგრევა. ამიტომ მილების მიწისზემოთ ამოტანა გაცილებით უკეთესია, რადგან ხედავ მაინც მილებს და ადვილად მისადგომიცაა.
90-იან წლებში, სადაც გაზის მილი გახვრეტილი იყო, ქუჩებზე ამოდიოდა გაზი. დავუშვათ, მიწისქვეშ მილი დაზიანდა, თუ ამ მილთან სადმე არის ჭა, რომლითაც ხდება ელექტროენერგიის, წყლის, ინტერნეტის მიწოდება კორპუსზე, შეიძლება გაზი გამოჰყვეს იმ არხს, რომლითაც ჩემთან საკაბელო არხი შემოდის. გაზი მსუბუქია ჰაერთან შედარებით და შეუძლია ოთახში ისე შემოვიდეს, გაზის ხელსაწყო აბსოლუტურად წესრიგში იყოს. ამიტომ ბუნებრივი აირის მილების მიწისზედა განლაგება გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მიწისქვეშა განლაგება. მთავარია, მოსახლეობა ფრთხილად იყოს, გაანიავოს ოთახი, ექსპლუატაციის წესები დაიცვას.
გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გადაკეტავენ ხოლმე ბუნებრივ აირს და, როდესაც ჩართავენ, არც აფრთხილებენ აბონენტს, რომელსაც შესაძლოა, ჩართულიც ჰქონდეს გაზის მოწყობილობა. ესეც ხომ არის პრობლემა?
- ეს პრობლემა მართლაც არსებობს. ახალი კანონდებლობით, აუცილებელია, გაზის დეტექტორები დაყენდეს ახალ შენობებში. მაგალითად, როდესაც „თელასი“ მიიღებს დასრულებულ კორპუსს, გამანაწილებელ კარადებში ყველგან არის მცვლები დაყენებული, ელექტროენერგია ითიშება და ამით გადარჩება აბონენტი. ეს რომ არ იყოს, მერე ნახეთ რა უბედურებები იქნებოდა. ამიტომ გაზის დეტექტორების დაყენებაც აუცილებელია, მაგრამ აქაც მეორე პრობლემაა, რა ხარისხის დეტექტორს დააყენებ, რადგან მე ვიცი, ბევრმა ოჯახმა მოისროლა დეტექტორი, როცა მან ცრუ განგაში ატეხა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდ დიღომში ვისი ბრალეულობა უფრო იკვეთება - „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების გულგრილობის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, თუ მოსახლეობის უყურადღებობის?
- ჩემთვის ძალზე გასაოცარია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების საქციელი, რომლებიც თურმე მივიდნენ, ნახეს, არაფერი არ არისო და უკან წავიდნენ. ეს არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერც ის ამიხსნია, მეექვსე სართულზე მცხოვრებმა მოსახლეობამ რატომ ვერ შეიგრძნო გაზის სუნი, მით უმეტეს, 4-5 კაცი ყოფილა სახლში. თუ მეზობელმა, კორპუსის თავმჯდომარემ სადარბაზოში გაზის სუნი შეიგრძნო და დაურეკა შესაბამის სამსახურს, მათ ვერ შეიგრძნეს ეს პრობლემა?