ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პროცესები ძალიან სახიფათოდ ვითარდება და ინსტიტუციურმა უწესრიგობამ, რაც ქვეყანაშია, სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით, შეიძლება უკან დაგვწიოს. შესაბამისად, ხუხაშვილი თვლის, რომ რადგან დეგრადაციის პროცესი ძალიან სახიფათოთ ვითარდება, რჩება ერთადერთი შანსი - ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ–მინისტრის სავარძელში, რაც ქვეყანას განვითარების შანს მისცემს.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
პროცესები, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ეს არის სამართლებრივი პროცესი, თუ პოლიტიკური და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ შექმნილ ვითარებას? გაჩნდა ასეთი შეფასებაც, რომ 1993 წლის შემდეგ პოლიტიკურად ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა ქვეყანაში, როდესაც ყველა სფეროში ჩვენ გვაქვს მწვავე დაპირისპირება...
გია ხუხაშვილი: ამ შეფასებას გავიზიარებდი. უახლოესი ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად მასობრივი ფსიქოზის გარემოში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ, დღეს, ეს მასობრივი ფსიქოზი გადავიდა რადიკალურ ფორმაში, ანუ რადიკალურ ისტერიაში, როდესაც ყველა მიმართულებით ვაკვირდებით დაპირისპირებას. 93–იან წლებთან შედარება შეიძლება არაკორექტულია, იმედია ცხელი ფორმები არ იქნება გამოყენებული, მაგრამ დაპირისპირების გრადუსი ძალიან მაღალია.
დაპირისპირება პარტიებს შორის, პარტიებს შიგნით, ეკლესიაში... ანუ ყველაფერი არერულია. ფაქტიურად, არც ერთი სოციალური სეგმენტი არ დარჩა, სადაც არ არის მწვავე დაპირისპირება. სამწუხაროდ, აშენდა რაღაცა ბაბილონის გოდოლი, რომელიც ახლა ნგრევის პროცესშია, რომელსაც შესაძლოა, ძალიან დრამატული ნგრევის პროცესი ჰქონდეს.
დრამატულ პროცესში რას გულისხმობთ?
– ფაქტობრივად, ეს ინსტიტუციური უწესრიგობა, რაც ქვეყანაშია, სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით, ამან შეიძლება უკან დაგვწიოს და ბევრი რამე თავიდან გვქონდეს ასაშენებელი. იგივე, რაც ახლა სასამართლოში ხდება, ეს ის კლანია, რომლებიც სააკაშვილის დროს პოლიტიკურ დავალებებზე მუშაობდნენ და ნებისმიერ სიბინძურეზე ხელს აწერდნენ, ყველანაირ პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ. დღეს ეს ჯგუფი არა თუ დასუსტდა, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ სააკააშვილის დროს ეს ხალხი უბრალოდ, მომსახურე პერსონალი იყო, დღეს პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ხელისუფლების პარტნიორები გახდნენ.
ხელისუფლებას ეუბნებიან: ჩვენ პოლიტიკურ დავალებას შევასრულებთ, მაგრამ ერთი–ორ რაღაცას ჩვენთავისაც გავაკეთებთ. ძალიან სახიფათო პროცესი მიმდინარეობს. მურუსიძე პოლიტიკურ დავალებას ასრუსლებდა სააკაშვილის ხელისუფლებაში და დიდი ბოდიში, მაგრამ უვადოდ არავის არ დაუნიშნავს მაშინ ეს ხალხი. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მურუსიძისთვის წიხლის ამოკვრა. დღეს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ მუდმივად იყოს მოსამართლე.
როდესაც კოლექტიურ მურუსიძეზე ვსაუბრობთ, როგორც დროებით მანკიერებაზე, ახლა გვეუბნებიან: ეს დროებითი არ არის, მუდმივიაო. დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ჩავაბეტონოთ მურუსიძე სამუდამოდ და ის უნდა იყოს მთავარი მსჯავრმდებელი ამ ქვეყანაში. ეს უმძიმესი პროცესია.
კობახიძე–მდინარაძე–თალაკვაძის ჯგუფი, რომელშიც შედის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც, ლობირებენ პირველად სიას, რაც გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი. არის მეორე მხარე, კერძოდ ბესელიას ფრთა, რომელიც ამ სიის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ არის მესამე ფრთა, რომლებიც ნეიტრალურ მხარესაა და ელოდებიან პარტიის თავმჯდომარის პოზიციას. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– გასაგებია, რომ ეს ნეიტრალური მხარე ელოდება ივანიშვილის პოზიციას. ფაქტობრივად, კობახიძე და მისი გუნდი არის უმცირესობაში. საკამაოდ მცირე ჯგუფია, უბრალოდ მათი აქტივი არის ის, რომ ითვლებიან ძალაუფლების ცენტრის საყვარელ შვილებად. სხვა მეტი მათ არაფერი არ აქვთ. ე.წ. ძველი გვარდიას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართაც ბევრი პრეტენზიები დაგროვდა, მათ ჯერ კიდევ აქვთ ისეთი წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება. მათ აქვთ პოლიტიკური მეხსიერება, რა ხდებოდა იმ რეჟიმის დროს. კობახიძე და ეს ჯგუფი ვინ არიან? - არსაიდან მოსულები და არსაით მიმავალი ადამიანები, რომლებსაც არ აქთ პროტესტის გრძნობა, განცდა. მათ ხომ ერთი დღე არ უბრძოლიათ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, პირიქით, მათი ნაწილი პირდაპირ ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს.
იგივე ფრაქციის თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე მაშინ იყო ადვოკატი, ყველაზე მეტი საპროცესო გაფორმებაც მას ჰქონდა...
– კი ბატონო, იგივე ადეიშვილის თანაშემწეები და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელთა წინაშე მორალური დილემა არ დგას და მათი პოლიტიკური მიზნები, რომელთანაც შესაბამისობაშია ამ სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმა და ჩაყენება. რაც მთავარია, არაფერს ცუდს ამაში არ ხედავენ, ეს არის პოლიტიკის ნაწილი. სინამდვილეში ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაწილი. პოლიტიკაში მართლაც ყველაფერი არ მოსულა, პოლიტიკაში არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო.
მაგრამ როდესაც არსაიდან ხარ მოსული, არასოდეს არაფერი არ გტკენია, ბუჩქებიდან გამოხვედი და დაგსვეს პირდაპირ კაბინეტში, ბუნებრივია, შენ არც მორალური ვალდებულება არ გაქვს. მათთვის მურუსიძე იქნება, თუ ჩინჩალაძე კომფორტული პარტნიორი იქნება, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც პროცესში მონაწილეობდნენ და იმ რეჟიმის რეალური ანატომია იციან. ამიტომ იქცევიან ასე. მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ახალგაზრდებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს პროცესი, წააგეს არჩევნები და ისევ ძველმა გვარდიამ, რომლებიც დღეს კოლექტიური მურუსიძეს წინააღმდეგ გამოდიან, უზრუნველყვეს გამარჯვება. მეორე ტურში ამ ულტრაკონსერვატიული ჯგუფის აქტიურობა რომ არ ყოფილიყო, კობახიძეს არჩევნები წაგებული ჰქონდა და თუნდაც - იგივე ბიძინა ივანიშვილს.
გედევან ფოფხაძის შეფასება იყო ასეთი, რომ არჩევნებზე ლამის დავუჩოქეთ ხალხსო, ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლება ისევ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას, უნდობლობას და გაუცხოვებას, რატომ აკეთებენ ამას?
– თითქოს ეს გასაკვირია, მაგრამ ძალიან ადვილად ახსნადია. ამ შექმნილი მოცემულობის გამო, ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ისინი ვალში ჩავარდნენ. ერთი ადამიანის მართვის მთელი ფილოსოფია რაზე დგას? – ყველა მასთან არის ვალში და მას არავის ვალი არ აქვს. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ჩავარდნენ ვალში ე.წ. ძველ გვარდიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვალის გადახდა არ უნდათ, დაინახეს საფრთხე, რომ მათი ძალაუფლება შეიძლება შესუსტებულიყო, ამიტომ კონტრშეტევა დაიწყეს.
და კონტრშეტევა სასამართლოს კუთხით გამოიხატა?
– რა თქმა უნდა. ყველაზე საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა. ფორსირებულად დაიწყეს სასამართლო სისტემის ძალადობა, საკუთარი კონტროლის ქვეშ დაყენება იმისათვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და გაემყარებინათ. გადაეგდოთ ყველა ის ადამიანი, რომელთა ძალისხმევით მოხდა არჩევნების მოგება. ეს მოცემულობა მივიღეთ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა.
ამის პოლიტიკური მხარე როგორ შეიძლება დასრულდეს, რა იქნება ფინალი?
– მე როგორც ვატყობ, ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ დგას გარკვეული დილემის წინაშე. მაგრამ მე ე.წ. ძველ გვარდიასთანაც მაქვს პრეტენზია. რატომ მიიყვანეს პროცესები ამ მიმართულებით, ეს მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს ხომ არ მისულან სასამართლოში, წლებია იქ ზიან. ახლა მესმის მათი პროტესტი და მადლობა, მაგრამ ერთი დღე მაინც სასამართლოს გარეთ იყო ეს ხალხი? – არა.
სწორედ ამიტომაც რთულია ბესელიას პოლიტიკური გულწრფელობის დაჯერება...
– რა თქმა უნდა, მე თქვენთან არაერთხელ მისუბრია კოლექტიური მურუსიძის ფენომენზე, როგორც ავთვისებიან სიმსივნეზე, რომელიც სისტემას მეტასტაზების სახით მოედო. მარტო სასამართლოზე არ არის საუბარი, ამ კლანის ნაწილია პარლამენტი, ეს არის სისტემა, რომელსაც არაფერი არ აქვს, არ აქვთ მორალი და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მზად არიან ყველაფერს ხელი მოაწერონ. არანაირი წითელი ხაზი მათ არ აქვთ.
მიუხედავად ამხელა წინააღმდეგობისა, მათი ერთადერთი საფიქრალი არის, როგორ გამოძვრნენ ამ ვითრებიდან ისე, რომ მაინც თავისი გაიტანონ. მაგალითად, თუ ჩინჩალაძე ვერ გაიტანეს, მაგაზე უარესი გაიტანონ, ოღონდ მათ მიერ კონტროლირებადი და ეს არის კობახიძის და მისი გუნდის საზრუნავი. ამ პოლიტიკოსებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასთანაც მაქვს პრეტენზია, იმიტომ, რომ მთელი აქცენტები კეთდება ამ სიაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე. რეალურად, სურათი ხომ ბევრად უფრო მძიმეა.
ჩვენ რას ვკურნალობთ ახლა, ძალადობის შედეგებს? – რა აზრის აქვს ამას, ამით დაავადება არ განიკურნება, თუ მიზეზი არ იქნა განადგურებული. თუ ალგორითმი იგივე დარჩება და იუსტიციის საბჭო მეთოფიშვილისნაირი წაღმა–უკუღმა სიტყვების მსროლელი კაცის ამარა დარჩა, რა აზრი აქვს? არ იქნება ჩინჩალაძე, იქნება სხვა, რომელიც შეიძლება მასზე უარესი აღმოჩნდეს, შერჩევის ალგორითმია შესაცვლელი.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მოსამართლის რეპუტაციაზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველა დონის მოსამართლეების რეპუტაციაზე. ყველამ თავიდან უნდა გაიაროს ატესტაცია რეპუტაციული კუთხით, რას აკეთებდნენ ისინი. ცოტა ჩინჩალაძე გვყავს სასამართლო სისტემაში?! - ეს ხომ სიმპტომური პრობლემაა. ეს არაა პერსონალური პრობლემა.
თეა წულიკიანი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ავტორია, ამბობს: კარგია, რომ პარლამენტის მიერ სია ნაჩქარევად არ იქნა დამტკიცებულიო. ფაქტია ისიც, რომ წულუკიანს ყველა მიმართულებით აქვს ჩავარდნა...
– რა თქმა უნდა და მისი მხრიდან ეს რიტორიკა ძალიან ცინიკურად ჟღერს. ეს კრიტერიუმები ხომ წულუკიანის შედგენილია, რომლითაც ეს პრობლემები დაიბადა. კი ბატონო, კარგია თუ ამ ჭკუაზეა, მაგრამ თუ ამ ჭკუაზეა, მაშინ ქმედებებზე გადავიდეს. ქმედებები არა ისე, რომ სია შევცვალოთ, სიის შეცლა გამოსავალი არ არის. მთელი ამ პრობლემის სათავედ იქცა იუსტიციის საბჭო, აუციელებლია იუსტიციის საბჭოს გახვეტა, იქ სხედან ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობას.
თვითონ იუსტიციის საბჭოს პრესტიჟი თუ არ გაიზარდა, აზრი არ აქვს ამ პროცესის დაწყებას. თუ რეფორმას ვიწყებთ, ბარემ უნდა ჩავატაროთ დიდი რეფორმა. ისე კი არა, რომ ეს სია სხვა სიით შევცვალოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. თქვენს პირველ კითხვას თუ დავუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის ეს პოლიტიკურია, ვიღაცისთვის თამაშია, მაგრამ ჩვენთვის ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდება, თუ რეფორმა სისტემური ხედვით არ ჩატარდა.
პოლიტიკაში დაბრუნებულმა ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა პროცესების დასარეგულირებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ცვლილება იქნება გაზაფხულზე როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო კუთხით. თქვენ ელოდებით ცვლილებებს და კონკტერულად რა მიმართულებით?
– მე არ ვთვლი, რომ ცვლილებები რამეს შეცვლის. მთავარი პრობლემა ეს მანკიერებაა, ბაბილონის გოდოლი და ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ მართვის და ინსტიტუციური ცენტრები ერთმანეთისგან არის აცდენილი. ანუ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი, ეს არის აბსოლუტუტრად ბუნდოვანი, შესაბამისად სისტემა არ არის ბრძოლისუნარიანი და ვერ მუშაობს ეფექტურად.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იგივე საკადრო გადაადგილებაზე, რომ გადარჩენის შანსი გაჩნდეს, რადგან ეს დეგრადაციის პროცესი ძალიან სახიფათოდ ვითარდება, ერთაერთი ნაბიჯი რისი გადადგმა ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, არის ის, რომ თვითონ დაბრუნდეს პრემიერ–მინისტრის სავარძელში. ამით აღსდგება ინსტიტუციური წესრიგი და ეს ქვეყანას განვითარების შანსს მისცემს. საზოგადოებაში არის განცდა, რომ ის არის პასუხისმგებელი და ამ წლებმა ეს გამოაჩინა. საპნის ბუშტებივით ქრებიან პრემიერ–მინისტრები და აღარავის არ ახსოვს ისინი. ეს ხდება ამ მანკიერების გამო - არავის არ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ისინი რეალური მოთამაშეები იყვნენ.
მაგრამ ივანიშვილს არ სურს ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნება...
– თუ არ უნდა და თუ მის სურვილებზეა ეს ქვეყნა, მაშინ...
გინდათ თქვათ, რომ მის სურვილებზე არ არის ეს ქვეყანა?
– არ არის მის სურვილებზე და ეს გამოაჩინა საპრეზიდენტო არჩევნებმა, არ ყოფილა ასე მარტივად საქმე. პირველ ტურში თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ინტერვიუებიც მისცა, პროცესებიც მართა, მაგრამ წააგო. ვფიქრობ, თვალნათლივ დაინახა, რომ მისი რესურსები არ არის საკმარისი, მას საზოგადოების ვალი აქვს. თუ მას უნდა, რომ პოლიტიკაში იყოს და აღიდგინოს საკუთარი რეპუტაცია და ავტორიტეტი, რომელიც დაკარგული აქვს, კეთილი უნდა ინებოს და ჩაჯდეს პრემიერის სავარძელში.
გეტყვით, რომ მე მას ვთავაზობდი თვითონ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს რომ გაეკეთებინა, ეს პრობლემები დღეს არ იქნებოდა და არც მეორე ტური არ იქნებოდა. ეს მისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, რადგან იქნებოდა სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ყოველდღიური მენეჯმენტით არ დაკავდებოდა. ეს არჩევები მოიგო ირმა ინაშვილმა, ეს არ არის მათი ამომრჩეველი, აქედან გამომდინარე, სრულ ფიასკო ელოდებათ 2020 წელს. ამიტომ, თუ ივანიშვილს უნდა, რომ ამ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, კეთილი უნდა ინებოს და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი. ამით ქვეყანას შანსი გაუჩნდება და პირადად მისთვისაც რისკები შემცირდება.