„გამოდიხართ ტელევიზიებში და ამბობთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში ისხდნენ, პატივცემულებო, მე რატომ ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე?“

„გამოდიხართ ტელევიზიებში და ამბობთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში ისხდნენ, პატივცემულებო, მე რატომ ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე?“

კლასიკური გაგებით რას ნიშნავს რეჟიმი - ამის შესახებ ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც 2003-2012 წლებში „ვარდების ხელისუფლების“ სამიზნე ობიექტები გახდნენ. რეჟიმი იმდენად სასტიკი და დაუნდობელი იყო, რომ ერთი შემთხვევითი სატელეფონო ზარისთვის ან თუნდაც, იმიტომ რომ მათზე მაღლა იდექი, სასტიკი ანაგარისწორების სამიზნე ხდებოდი. ისტორიები, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვისმენთ, ყველა ერთმანეთზე მძიმეა. 

გასულ კვირას კომისიამ მოუსმინა ლაშა არქანიას, რომელმაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საზარელი ისტორია მოყვა. თუმცა, რეჟიმის სისასტიკე უფრო შორს იყო წასული და ამის შესახებ ისაუბრა გიორგი ხოჭავამ კომისიაზე.

2010 წელს 19 წლის გიორგი ხოჭავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ დააკავა და აიძულებდა ქურდობა ეღიარებინა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სცემდნენ, აწამებდნენ, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით და ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს კი, მის დედას და მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზუგდიდის ციხეში ის ტუბერკულოზით დაავადდა და მხოლოდ 11 თვის შემდეგ მოხდა მისი ქსანში, ტუბზონაში გადაყვანა, რა დროსაც ის მხოლოდ 38 კგ-ს იწონიდა. ხოჭავას ცემა და არადამიანური მოპყრობა გაგრძელდა ტუბზონაში.

რატომ გახდა ახალგაზრდა ბიჭი მეგის ქარდავას სამიზნე, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა? - დაკავებამდე მეგის ქარდავამ საკუთარი სახლის წინ მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ხოჭავა მის გაჩერებულ მანქანასთან არ მივიდა. ხოჭავა იხსენებს, რომ ბავშვობიდან უყვარდა ბილიარდის თამაში და ერთ დღეს, როდესაც საბილიარდოდან სახლში ბრუნდებოდა და უკვე ჭიშკართან იყო მისული, მანქანა გააჩერა მეგის ქარდავამ. ხოჭავას ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, გააღო სახლის ჭიშკარი და შევიდა სახლში.

ამ ფაქტმა ქარდავა გააღიზიანა და დაუძახა, რომ მასთან მისულიყო. ხოჭავამ ბრძანება შეასრულა, რა დროსაც ქარდავამ კითხა - მანქანა რომ გააჩერა, რატომ არ ეახლა. რა თქმა უნდა, პასუხს არ დაელოდა და ქადავამ ოთხ თანამშრომელთან ერთად, ხოჭავა საკუთარი სახლის წინ ცემეს, ადგილზე დააგდეს და წავიდნენ. სწორედ აქედან იწყება გიორგი ხოჭავას პრობლემები. დააკავეს და აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩაუდენია.

„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა.

მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტროშოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

როგორც ხოჭავა ყვება, ქარდავამ საკუთარ სისხლის გუბესთან დაადებინა თავი და უბრძანა, რომ სისხლი აელოკა.

„ცემის პერიოდში, კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი, ჩამიდო. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ, სხეულზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა, ვეგდე ძირს. სისხლის გუბეები იდგა. მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი, დიდი ხუჭუჭა თმები მქონდა, თმებით გვერდზე გადამატრიალა მეგის ქარდავამ და ჩემს სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ არ მქონია რეაგირება, თვითონ დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბით მომისვარეს სახე. მე არ ვიცი, ახლაც კი ვერ ვაცნობიერებ, დაახლოებით, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ჩემი წამება.

აქედან მე წამიყვანეს სამმართველოში და გააგრძელეს ჩემი წამება. მთხოვდნენ იმის აღიარებას და ე.წ. ალიბების დადებას „ფაქტების“, რომ მეთქვა, სად იყო ეს კონკრეტული „ფაქტები“. რაც არ იცი ადამიანმა, იმას ვერ ეტყვი. მე მათ ვუთხარი, რამდენიმე საათი იყო გასული ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი მისული, რომ ავდექი და ვუთხარი რომ მე ეს არ გამიკეთებია, ნუ მაწამებთ შეგიძლიათ მომკლათ-თქო. დამცინოდნენ, მაფურთხებდნენ, ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ“, - ყვებოდა გიორგი ხოჭავა.

გიორგი ხოჭავას თქმით, მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედამისს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ფიზიკურად იძალადეს მის მეზობელ მამაკაცზე, რომელსაც ინსულტი განუვითარდა ამ ყველაფრის შემდეგ.

„წამიყვანეს ჩემთან სახლში, უკვე ღამე იყო, სახლში ეს ამბავი ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა, მიმიყვანეს სახლში, მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ, რომ მოწმის სახით დასწრებოდნენ ე.წ. ჩხრეკას, საიდანაც არაფერი არ ამოუღიათ. მოწმეების სახით შემოვიდნენ ჩემი თანატოლის, ახლო მეგობრის მშობლები. დედაჩემმა როცა მნახა, დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად.

როგორც მოასულიერეს, მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს ჩემმა მეზობელმა, გონერი ჩუხუამ ხმა ამოიღო და მათ უთხრა, თუ რას აკეთებდნენ ისინი. ადამიანი ისე სცემეს, რომ ადგილზე მიაღებინეს ინსულტი. ამ ადამიანმა მეორედაც მიიღო ინსულტი. ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. მე ისევ წამიყვანეს სამმართველოში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

გიორგი ხოჭავამ პარლამენტიდან მიმართა რუსთაველზე აქციების პერიოდში დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს:

„პატივცემულო მშობლებო, თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და რაღაც მუხლის წაყენება შეუძლია პოლიციას. მე, 19 წლის ბავშვს, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, მქონდა ჩემი ოცნებები და მიზნები, თქვენ, ახლა გამოდიხართ ტელევიზიებში და ამბობთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში ისხდნენ. პატივცემულებო, მე რატომ ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე? - მე არაფერი დამიშავებია. ეს იყო დიქტატურული, ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.