1989 წელს დაარსებული სოფელი ერისიმედი მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. სახელმწიფო საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის დასრულების შემდეგ სოფლის ტერიტორიის ნაწილი შესაძლოა მეზობელ აზერბაიჯანს დარჩეს.
მანამდე კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: სიღნაღი, უმისამართო.
თურქეთის გარდა, საქართელოს არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან არ აქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი. დემილიტაცია დემარკაციის კომისიები 1994 წლიდან მუშაობენ. თუმცა არც რუსეთთან, არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან საზღვრები საბოლოოდ ჯერ ვერ დადგინდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან. სადემარკაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერნაიჯანს დარჩება.
ამ ინფორმაციამ საქართველო აზერბაიჯანის საზღვრების დამდგენი ორმხრივი კომისიიდან გამოჟონა. წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს დარჩება სკოლა, ამბულატორია და 30 საცხოვრებელი სახლი.
სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონს ეკუთვნის. თუმცა სოფელში შესვლამდე ქართველი მისაზღვრეების საგუშაგო უნდა გაიარო. „სოფელი სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს. და ამიტომაც ვაწარმოებთ ამ სოფელში შემსვლელი ადამიანების რეგისტრაციას“, – განუცხადეს „ათბ-ნიუსს“ საქართველოს სასაზღვრო უწყებაში.
სასაზღვრო უწყებაში ერისიმედის გაყოფის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. „საზღვრების დადგენა ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ დადგენილ საზღვრებს ვიცავთ“, – განაცხადეს მესაზღვრეებმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი დათო თავართქილაძე აცხადებს: სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კედლები დახეთქილია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომაც, მასწავლებელიც და მოსწავლეც ფეხაკრეფით დავდივართ ხოლმე, მაგრამ იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში მაინც ხშირად ვვარდებით.
ახალი ინვენტარი კი შემომთავაზეს განათლების სამინისტროდან, მაგრამ ავეჯი სად წამეღო, როცა შენობა არ გვაქვს. ამ მდგომარეობის შესახებ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმაც იცის და რაიონის გამგებელმაც. დამპირდნენ, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლისთვის, ხის ახალ შენობას ააგებდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვს და მომავალ წელს დავგეგმავთო.
ელემენტარული პირობებიც არ არის, მაგრამ ბავშვებმა წერა–კითხვა მაინც ხომ უნდა ისწავლონ! ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქარის ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ“.
თალიკო მახარაძე, ერისიმედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „ლაპარაკს კი გვიკრძალავენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. არ არის სკოლის შენობა უსაფრთხო და არ ვთქვათ? რით ვერ გამონახეს ჩვენი სოფლისთვის თანხები, რომ პატარა შენობა გვაღირსონ, რამდენიმე საკლასო ოთახით?! ჩვენი მოსწავლეების 90 % ახლომხედველია. არსებული სკოლის შენობაში საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ მერხებსა და დაფას შორის მანძილი ერთი მეტრია. ბავშვების უმრავლესობა სათვალეს ატარებს. საკლასო დავალებას რომ ვაწერინებთ, ბავშვებს თავი ლამის მერხებზე უდევთ და ისე წერენ.
მარტო ეს პრობლემა რომ იყოს, გავუძლებდით კიდევ, მაგრამ არც წყალი გვაქვს და არც არაფერი. სამედიცინო ამბულატორია ევროკავშირის გრანტით შეარემონტეს და დაკეტილია, შიგნით არავის უშვებენ. რად გვინდოდა განახლებული ამბულატორია, თუ ექიმი არ გვეყოლებოდა, რაში გადაყარეს ათიათასობით ლარი?
ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებით. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე გვითხრეს, სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილებს გავაკეთებთ, ოღონდ, ხმა ნუგზარ აბულაშვილს მიეცითო. სასმელ წყალს დაგვპირდნენ, ამონიუმის გვარჯილას ხომ არა და… დავთანხმდით. სოფელში ორი ჭაბურღილი გააკეთეს. ბიუჯეტიდან 50 000 ლარზე მეტი გამოყვეს. არჩევნები როგორც კი დამთავრდა, სამ დღეში ორივე ჭაბურღილი ჩაინგრა და ისევ უწყლოდ დავრჩით.
სკოლის გვერდზე მდინარე ჩამოდის. სკოლაში წყალი არ გვაქვს და ბავშვებს რომ მოსწყურდებათ, პირდაპირ მდინარის წყალს სვამენ. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ვინც მდინარის წყალს არ სვამს, სახედარით ან ხელით, სოფლიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე წყაროდან ეზიდება.
სიღნაღიდან სასწრაფო დახმარების მანქანა აქამდე რომ მოვიდეს, მინიმუმ 2 საათი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, ბავშვი კრუნჩხვებში ჩაგვივარდა და ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, როგორ მოგვებრუნებინა.
ეს კიდევ არაფერი. სოფლიდან სიღნაღში წასვლა თუ მოვახერხეთ, სახლში დაბრუნებაზე პრობლემები გვაქვს. სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი სოფლის შემოსასვლელში ჩადგა და თუ პასპორტი დაგვავიწყდა, სოფელში აღარ გვიშვებენ. ამასწინათ, რძალი მესტუმრა ქობულეთიდან. ძმისშვილი ახლდა თან და ბავშვი სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ გაქვს და საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მოგცემთო. რა უნდა იქ საზღვარს?!“
რესან ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „სოფელ ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. მესაზღვრეები გვეუბნებიან, იქ თქვენს დასაცავად ვდგავართო. ვისგან გვიცავენ, სიღნაღში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ხალხისგან?
საზღვარი იქ არ გადის და რატომ დგანან? ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, აზერბაიჯანელებს ფერმა აქვთ და იქ დავაბინავე“.
დათო მახარაძე, ერისიმედის მკვიდრი: „როგორც კი დასახლებული პუნქტი მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ გავდივართ და ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, თუმცა იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ახლოს ვერ მივდივართ. მაშინვე აკავებენ ადამიანებს – ჩვენს ტერიტორიაზე გადმოხვედითო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით და როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით. იმ ტერიტორიაზე ჩვენი საქონელი თუ მოხვდა, ძროხებსაც კი აპატიმრებენ და მიჰყავთ.
სკოლა თავზე გვენგრევა, საბავშვო ბაღი ჩვენ არ გვაქვს, ექიმი ჩვენ არ გვყვავს, საქონელს ვერ ვინარჩუნეთ, სოფელში უპასპორტოდ არ გვიშვებენ და სტუმარი ვერ მოდის, რა დაგვტოვებს აქ? რამდენიმე ოჯახი წავიდა უკვე და ალბათ, ეს პროცესი მალე მასობრივ ხასიათს მიიღებს“.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: “სიღნაღი, უმისამართო”. სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერისიმედის მაცხოვრებლებს, სახლები, სადაც ცხოვრობენ, საკუთრებაში არ აქვთ.
ცნობისთვის: ერისიმედი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა (მდინარის კალაპოტის ცვლილებიდან გამომდინარე, ახლა - მარცხენა) ნაპირზე. აზერბაიჯანის (ბელაქნის რაიონი) საზღვართან, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი.
სოფელი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას.
მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს მაჰმადიან ქართველთა (ინგილოთა) სოფელი ითი-თალა.