ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტიდან დმანისი ერთ-ერთი და თან – ყველაზე დიდი მსოფილიო მნიშვნელობის ადგილი. ზეზვას და მზიას – პირველი ევროპელების თავის ქალებმა მსოფლიო მოიარეს და დმანისსაც სახელი გაუთქვეს. თუმცა, მათ გრდა აღნიშნულ რაიონში ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია აღმოჩენილი.
ყოველივე ამის სანახავად დმანისს არც თუ იშვიათად უცხო ქვეყნების დიპლომატიური წრეები, სტუდენტები და ტურისტები სტუმრობენ.
როგორ ხვდება მათ დმანისი?
“სამწუხაროდ ქალაქ დმანისში სასტუმრო აღარ გვაქვს. წინა წელს ქალაქის შემოსასვლელში ერთი ორსართულიანი შენობა გაიხსნა, მაგრამ ახლა მანდ მხოლოდ გინეკოლოგიური კაბინეტი მუშაობს. ალბათ, ეს ბიზნესი მეპატრონისათვის წარმატებული არ აღმოჩნდა.
ჩვენს მუნიციპალიტეტს ჰქონდა თავისი სამოცნომრიანი სასტუმრო, თუმცა 2002 წელს ისიც გაიძრაცვა. დღეის მდგომარებით სასტუმრო აღარ გვაქვს. ასე რომ, ამ კუთხით კერძო ინვესტიციაა საჭირო” - საუბრობს დმანისის საკრებულოს თავჯდომარე ბაკურ მგელაძე. მისი თქმით, რაიონის მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობის საკითხი აწუხებს:
“გასული წლის და ასევე, 2011 წლის დმანისის საკრებულოს ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. პირველ რიგში აუცილებელია გზების საკითხის მოგვარება. ერთადერთი რეალური პოტენციალი რეგიონს, თავისი არქეოლოგიური აღმოჩენების გამო, ტურიზმის განვითარების კუთხით აქვს. ტურისტს და ინვესტორს კი გზა სჭირდება. მიმდინარე წელს ქალაქში ხუთკილომეტრიანი გზის საფარი დაიგო. გაკეთდა ტროტუარები, სკვერები და ცენტრალური მოედანი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პატარა სკვერს, სადაც დღეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი დგას.
ქალაქ დმანისში და რაიონის 12 სოფელში მოგვარებულია სასმელი წლის საკითხი. თუმცა, ძველი გაყვანილების გამო პრობლემები და ავარიები გვაქვს. ამ ეტაპზე სასმელი წლის პრობლემა აქვს სოფელ დიდ დმანისს და ვარდისუბანს. მოსაწესრიგელია აღნიშნული სოფლების რეზერვუარებამდე მისასვლელი წლის გაყვანილობები”.
დმანისის ცენტრალურ ქუჩებზე ახლადდაგებული ასფალტი თვალშისაცემია. ახალი გზები ძველი დანგრეული საცხოვრებლების ფონზე უჩვეულოდ გამოიყურება. დმანისში სიღარიბის დამალვის აპრობირებულ მეთოდს – ფერად ფასადებს ჯერ არ იყენებენ. მოწესრიგებულ ტროტუარებზე კი დმანისელებთან ერთად ძროხები და ცხენები დადიან.
“ვიცი, გენაცვალე, ჩემი ძროხა აბინძურების ამ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნა? სამუშაო ჩვენ არ გვაქვს. საქონლის მოვლით ვირჩენთა თავს. ეს რომ ვინმემ ამიკრძალოს, მე შიმშილით უნდა მოვკვდე, ცხენით და ურმით კი შეშა და საჭირო მძიმე ტვირთი გადაგვაქვს ერთი სოფლიდან მეორეში. ის ორი კინკილა ტურისტი ვინც აქ ჩამოდის მე ოჯახს ვერ შემინახავ. “ - ამბობს დმანისელი თამაზ ფილაური. ტურისტებთან დაკავშირებული ისტორების მოყოლა ყველაზე მეტად დმანისი სამარშუტო ტაქსის მძღოლს, ზაზას უყვარს. აქვს ერთი მისთვის ყველაზე საყვარელი ამბავიც.
“გავედი დმანისის ცენტრიდან, სოფელ დიდ დმანისში მივდივარ. უკვე ცხრა რეისი მაქვს გაკეთებული და თვალში სინათლე აღარა… ერთდროულად ორმა საბურავმა მიმტყუნა. გადმოვედი, ვწვალობ კაცი. მოვიდა ვიღაც გერმანელი ტურისტი და ვიდეოს მიღებს. გავმწარდი. ვეუბნები – მოდი, შე შობელძაღლო, მომეხმარე-მეთქი. დავადებინე კამერა და როგორც შეეძლო მომეხმარა. გამტვერიანდა თავიდან ფეხამდე და ცოტა გამინაწყენდა. მაგის მერე ეგ კაცი დმანსს არ უნახია’’ – მხიარულად უყვება დმანისელებს ზაზა.
22 წლის დმანისელ ლანა სანიკიანს კი ტურისტებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს. “აქაურები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ტურისტებს. არადა, რეალურად რომ შევხედოთ ჩვენ საქმეს, მაგათ გარდა დმანისს გამონათების წერტილები არც აქვს. ვთქვათ, დმანისში შიმშილით სული რომ გვძვრებოდეს, ცომეულის საცხობს ვერ ნახავ. დმანისში ხაჭაპური არ ცხვება. დამიჯერებ?! არავის თავში აზრად არ მოსდის, რომ ეს საქმე აითვისოს” – ამბობს სანიკიანი.
დმანისის საკუჭნაოს მსგავს პატარა მაღაზიებში ტკბილეულის და პროდუქტების ნაკლებობა არაა. თუმცა, ასეთი მაღაზიების უმეტეს ნაწილში ორ კაცზე მეტი ერთდროულად ვერ შევა. ქალაქში რამოდენიმე სასადილოცაა, რომლებსაც რატომღაც რესტორანი აწერიათ. ჩვენი თანამგზავრი, თბილესელი დავით კორშია, გარკვეული მიზეზების გამო, მათი არც ისე ხშირი სტუმარია.
“დმანისში სანათესაო და სამეგობრო მყავს. შესაბამისად, ხშირად ჩამოვდივარ. ერთხელაც, ჩამოვიყვანე ჩემი თბილისელი თანამშრომლები და აქვე რესტორნად წოდებულ ადგილას შევედით. შესვლიდან ათ წუთში გაბრაზებულმა ოფიციანტმა შეგვამჩნია. რა უნდათ ამათო – გასძახა მეორეს. ჩვენ ვიფიქრეთ, რამე ხომ არ დავაშავეთქო, მაგრამ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ოფიციანტი და დამლაგებელი კონფლიქტში იმყოფებოდნენ. მათი სიტყვიერი პაექრობის ხმები აღნიშნული “რესტორნიდან” გამოსვლადე გვესმოდა. ობობის ქსელით დაფარულ ფანჯარასთან მოვხვდი, მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა. ცოტა ხანში ხუთი ადგილობრივი შემოვიდა ნარდით ხელში. ხინკალზე ყოფილან დანიძლავებული. ისეთ დღეში იყვნენ, თავზე დაგვამხეს ყველაფერი. ბოლოს, როგორც იქნა, შეკვეთა მოგვიტანეს და ათ წუთში გასაქცევად ვიყავით მზად.
მესმის, რომ აქ ზღაპრულ რესტორანს ადგილობრივი უცბად ვერ გააკეთებს, მაგრამ არის ძალიან მარტივი საკითხები, რისი მიხედვაც და საკუთარი ბიზნესის კარგად წაყვანაც თვითონ შეუძლიათ. შენ, უცხოელ სტუმარს კოპებშეკრული რომ დავხდები და შენ ‘კონცერტებს” უყურებენ, ამით ოჯახს ვერ შეინახავ!’’ – ამბობს დმანისელების ხშირი სტუმარი კორშია.