დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში for.ge-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია იაკობაშვილმა, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ და „ქართული ოცნების“ წევრმა, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა პრეს-კონფერენცია გამართეს და იმ ფოტოგამოფენაზე ისაუბრეს, რომელიც გუშინ ლონდონში გაიხსნა თემაზე „2003-2012 - საქართველო - ძალადობა“ და რომელიც კიდევ ორ დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორია დიდ ბრიტანეთში ქართველი ემიგრანტების ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი - საქართველო“, ხოლო ფოტოგამოფენის მხარდამჭერი საქართველოში არის ინტერნეტ-პორტალი for.ge. როგორც გია იაკობაშვილმა განაცხადა, მას „ლიბერალური კვალი - საქართველოს“ წარმომადგენლები დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ და სთხოვეს ფოტოგამოფენის ჩატარებაში დახმარება გაეწია.
For.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მოქმედ რამდენიმე მედიასაშუალების და ფოტოგრაფის არქივებში არსებული მასალებიდან შეირჩა დაახლოებით 120 ფოტო, რომლებსაც შესაბამისი ანოტაციები გაუკეთდა და საგამოფენოდ ლონდონში გაიგზავნა.
„მოგეხსენებათ, ქართულმა ემიგრაციამ შესანიშნავად იცის, რა ხდება საქართველოში, მაგრამ ამ გამოფენის გახსნას ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ, მათ შორის - დიპლომატებიც. გამოფენა წარმატებით ჩატარდა და მასზე ასევე მოეწყო რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის „დემოკრატიის შუქურა“ ჩვენება“, - აცხადებს გია იაკობაშვილი.
მან გამოფენისთვის მასალების მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა მედია-საშუალებებს - „ინტერპრესნიუსს“, სააგენტო „პირველს“, გაზეთ „ვერსიას“, ასევე ფოტოგრაფებს, იური მეჩითოვს, გიორგი აბდალაძეს, გოგა ჩანადირს და უფლებადამცველს, ნანა კაკაბაძეს, რომლებიც ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ წინადადებას და ფოტოგამოფენის ორგანიზატორებს საკუთარი იდეებიც წარმოუდგინეს, რამაც გამოფენის მოცულობითი ხასიათი განაპირობა.
გია იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ძალადობას, რაც საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა, ქართული მედია აქტიურად აშუქებდა, მაგრამ უკანასკნელ დღეებში გავრცელებულმა კადრებმა ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია მოახდინა და მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. იაკობაშვილის თქმით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ გამოფენის ორგანიზებაზე მუშაობა ამ კადრების გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ ამ პროცესში გამოფენაზე წარსადგენ მასალას ეს საზარელი კადრებიც დაერთო, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა.
„გამოფენის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი - საქართველო“ მართლაც უდიდეს საქმეს აკეთებს. ჩვენ მათ იდეა მივაწოდეთ, რომ სხვა ქვეყნებში მოქმედ ემიგრანტულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ და ამგვარი გამოფენები სხვაგანაც მოეწყოს. იმედია, ამას წინ არაფერი დაუდგება. ჩვენ ჩვენის მხრივ, თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრაციას ყოველთვის უნდა პატრონობდეს საელჩო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ლონდონიდან ვიხილეთ კადრები, როგორ ექცევა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ემიგრირებულ ქართველებს“, - აცხადებს გია იაკობაშვილი.
აქვე იგი საუბრობს ფოტოგამოფენის თემატიკაზე. იაკობაშვილის თქმით, ეს იყო 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის და15 ივნისის, 2011 წლის 26 მაისის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მკვლელობებთან დაკავშირებული, გმირთა მოედანზე ომის ვეტერანების აქციის დარბევის, დევნილთა გამოსახლების და ასევე თაბუკაშვილის ქუჩაზე ცნობილი სახლის დანგრევის ამსახველი კადრები და ა.შ.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, ანუ ეს არის ხელისუფლების ძალადობა საკუთარ ხალხზე. ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ - მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრით ხდება ემიგრაციის წახალისება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქვეყანა დატოვონ და შემოვიდნენ სხვები, რომლებიც ყოველთვის დახუჭავენ თვალს იმ ხელისუფლების ქმედებაზე, რომელსაც სურს ყოველთვის იყოს ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნავს for.ge-ს დამფუძნებელი.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს თავად საქართველოს მოსახლეობა შიდა რესურსებით ვერ მოერია და ერთადერთი, რითიც ამ ყველაფერთან გამკლავება შეიძლებოდა, იყო საერთაშორისო მხარდაჭერა. თუმცა აქვე უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ციხეებში პატიმრებთან მოპყრობის ისეთი სისტემა იყო დამკვიდრებული, რომ შეიძლებოდა ფაშისტური გერმანიის საკონცეტრაციო ბანაკების ჯალათებსაც კი გაჰკვირვებოდათ, მაგრამ ამაზე ყველა დუმილს ამჯობინებდა.
აქვე ნანა კაკაბაძე ტყუილს უწოდებს ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათთვის უცნობი იყო ციხეებში პატიმრებისადმი ამგვარი მოპყრობის შესახებ. უფლებადამცველი იხსენებს, რომ 2004 წლამდე, როდესაც ციხეებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის საბჭო არსებობდა, ციხეებში პატიმრების წამებას და მათდამი ღირსების შემლახავ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგში მაშინ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეს ხელისუფლების გვერდუთ დგანან, მათ შორის „თავისუფლების ინსტიტუტი“.
კაკაბაძის განცხადებით, მოხდა თუ არა ვარდების რევოლუცია, მაშინვე დაიწყო ციხეებში პატიმრების წამება და ამის პირველი მსხვერპლი კონტროლის პალატის ყოფილი თანმჯდომარე, სულხან მოლაშვილი გახდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მოლაშვილი ნაწამები იყო, მაგრამ თავად პატიმარი ამაზე არ საუბრობდა, მაგრამ კაკაბაძესთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მოლაშვილი ალაპარაკდა და უფლემადამცველს შესაბამისი ფოტომასალის გადაღების საშუალებაც მიეცა, რომელიც მან ქართულ მედიას გააცნო. ამასთანავე, მოლაშვილთან მაშინვე შევიდა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ პატიმარი ნაწამები იყო.
„ამის შემდეგ ორ დღეში საქართველოში მათიას იორში ჩამოვიდა. გახსოვთ ალბათ, იგი საქართველოზე მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი გახლდათ. მასთან შეხვედრა მქონდა, გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ფოტომასალა და მოვუწოდე ნაწამები პატიმარი მოენახულებინა. მათიას იორში შევიდა სულხან მოლაშვილთან და საკუთარი თვალით ნახა ამ წამების კვალი“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, მხოლოდ მისმა ორგანიზაციამ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, 2004 წელს მიხეილ სააკაშვილს ოთხასზე მეტი პატიმრის წამების შესახებ მასალები გადასცა. ამასთანავე, მას ეს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გადასცეს. ამდენად, ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ჯერ კდევ 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ ქართულ ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრი იური მეჩითოვი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, საქართველო ისევე დაიცალოს, როგორც ლატვია არის საკუთარი მოსახლეობისგან დაცლილი. მეჩითოვი ქართულ ციხეებში მომხდარს სისტემურ დანაშაულს უწოდებს, რაც 2004 წლიდან გრძელდებოდა.
„ამ ყველაფრის შესახებ უამრავი პუბლიკაციები იწერებოდა სხვადასხვა გაზეთებში, კეთდებოდა სატელევიზიო გადაცემები, მაგრამ ვიღაცეებისთვის თურმე ეს ინფორმაცია ახალი აღმოჩნდა. უბრალოდ, სამწუხაროდ, ჩვენ რაღაცნაირად სოლიდარობას მოკლებული ერი ვართ. ჩვენში ერთმანეთისადმი მხარდაჭერის ტენდენცია კარგად უნდა გაღვივდეს, თუ გვინდა, რომ საბოლოოდ ერად ჩამოვყალიბდეთ“, - აცხადებს იური მეჩითოვი.