„სახელმწიფო ავადაა“, - ასეთნაირად დაასკვნა ნაციონალების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გია მურღულიამ პატიმართა სასტიკი ცემისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ საკუთარ შეფასებას მურღულიამ სათაურიც გაუკეთა: „მრავალფუნქციური ცოცხი ანუ კორპორაციული ზნეობა“.
იქვე ორაზროვნად დასძინა, რომ ცოცხის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ გახვეტოს… თუმცა ვინ უნდა გაიხვეტოს და უნდა გაიხვეტონ თუ არა ხელისუფალნი, არ დაუზუსტებია. გია მურღულიას თქმით, ცხადია, შეიძლება ცოცხის სხვა დანიშნულებებითაც გამოყენება - ეს დამოკიდებულია ფანტაზიაზე, საჭიროებაზე ან ზნეობაზე.
ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, გია მურღულიამ ნაძირლური შიზოფრენიით ახსნა. მისი თქმით, ის გონება თუ განწყობა, რომელიც კაცის ცოცხით გაუპატიურებას მოიფიქრებს და განახორციელებს, ეშმაკის სიამოვნებას ემსახურება და მის ბუნებას გამოხატავს. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება „შემოედროოს“. ამიტომ გია მურღულიამ დიაგნოზი დაუსვა ჩვენს საზოგადოებას - ჩვენი სახელმწიფო ავად არის.
მისი შეფასება ასეთია, ეს არ არის უბრალოდ „სასჯელი“. ეს არის პიროვნების განადგურება. ეს არის ტკბობა ადამიანის ბუნების გახრწნით - და არა მხოლოდ ტკბობა, არამედ - თვითტკბობაც, რადგან ვინც სხვას ექცევა ასეთი სადიზმით, საკუთარ თავსაც იმავეს უკეთებს.
ბოლო დღეებში ასე აქტუალურ ცოცხის თემასთან დაკავშირებით კი გია მურღულია აცხადებს, რომ, შესაძლოა, სიმბოლურად ეს ცოცხი იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს.
„ცოცხი, რომელიც იმ ამაზრზენ კადრებში ერთ სრულიად უადგილო ადგილას ვიხილეთ, შესაძლოა, სიმბოლურად ( ან - ნაკლებ სიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა ამ ფუნქციისკენ გაცილებით მეტად იხრება. რატომ? იმიტომ, რომ ზნეობა ზედმეტად მთლიანი რამ არის საიმისოდ, რომ მხოლოდ „ცალფად“ აისახოს და კორპორაციულ ფუფუნებად იქცეს - მხოლოდ ის გამოხატოს, რაც მთელი საზოგადოებისთვის კი არა, მხოლოდ ზოგიერთებისთვის არის სასარგებლო. სიკეთე განუყოფელია - ის ან არსებობს, ან - არა. მისი ნაწილობრივი არსებობა შეუძლებელია“, - მიიჩნევს მურღულია.
For.ge დაინტერესდა, ხომ არ შეიცვალა გია მურღულიამ პოლიტიკური შეხედულება და რას ნიშნავდა გია მურღულიას გამოთქმა, რომ ამაზრზენ კადრებში ნანახი ცოცხი, შესაძლოა, იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. ასევე, მისგან, როგორც 24-ე სკოლის დირექტორისგან, გვაინტერესებდა, რა იწვევდა ადამიანებში ისეთ აგრესიას, რომ ტყვეობაში მყოფი პირი ეწამებინათ. ამის შესახებ გია მურღულიას დავუკავშირდით, თუმცა მან თავი შეიკავა საუბრისგან და არც პოლიტიკური მრწამსის დაფიქსირება ისურვა.
„არა მგონია, ჩემი ნათქვამი ამხელა მნიშვნელობის ამბავი იყოს. ძალიან ბევრი ტელევიზია და რადიო დამიკავშირდა, მაგრამ ამის შესახებ კომენტარი არ გამიკეთებია. არ მინდა, ამას დამატებითი აქცენტები შევძინო. რაც მინდოდა, ის უკვე ვთქვი. არ იწყინოთ“.
როცა მას საკუთარი ნათქვამის განმარტება ვთხოვეთ, თუ რას გულისხმობდა ცოცხის თავდაპირველ ფუნქციაში, მან არც ამის დაკონკრეტება ისურვა და გვითხრა:
„ცოცხის ფუნქცია რაც არის, მე მგონი, ყველამ იცის. ადვილი გასაგებია და კომენტარი არ სჭირდება. ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას,“ - განმარტა გია მურღულიამ.
თუმცა სოციალურ ქსელში მის მიერვე გავრცელებულ განცხადებას თუ მივყვებით, მურღულია ღიად აცხადებს, რომ აღარავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს, როდესაც ასეთი სისტემური მარცხი (დიდი მენტალური მარცხიც) მკაფიოდ თვალსაჩინოა და ამას პირველი პირები საჯაროდ აცხადებენ.
„დაუშვებელია, საქმე სადმე კარგად იყოს, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები (ვინც ეკრანზე ვიხილეთ, სწორედ ასეთი სტატუსის მატარებელნი არიან) მუდმივად არიან დაკავებულნი ადამიანის ნებისა და ღირსების დათრგუნვითა და შეურაცხყოფით“, - წერს იგი.
ადამიანებში გამოვლენილი ასეთი აგრესიის შესახებ For.ge ფსიქოლოგებისა და ექსპერტების პოზიციით დაინტერესდა.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ ფენომენის შესახებ შესანიშნავი მასალა დევს ინტერნეტში. კერძოდ, ფილიპ ზიმბარდომ (ამერიკელმა ფსიქოლოგმა) ექსპერიმენტი ჩაატარა და ჩვეულებრივ ადამიანებს პოლიციელისა და პატიმრის როლები მისცა. თუმცა, ამ როლის ზეგავლენით „პოლიციელები“ ისეთ პირუტყვობას ჩადიოდნენ, რომ ექსპერიმენტი შეწყდა.
რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ეს მარტო პიროვნების თვისება არ არის, არამედ სიტუაციის თვისებაც არის. თუ საამისო სიტუაციას შეუქმნი, ადამიანი მსგავს სისასტიკეს განახორციელებს.
„აგერ, მთელი გერმანული ნაცია სადისტი გახადა ჰიტლერმა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ბუნებით იყვნენ სადისტები. უბრალოდ, სიტუაციამ უბიძგა ადამიანს ისეთ რამეზე, რასაც სხვა შემთხვევაში, არასდროს ჩაიდენდა. ყველა ადამიანშია ასეთი სისასტიკე ჩადებული, რომ სიტუაციას დაემორჩილოს. ამიტომ, მხოლოდ ცალკეულ პიროვნებაზე პასუხისმგებლობის გადატანა, უბრალოდ, შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ის, ვინც ქმნის სიტუაციას, სადაც ადამიანები ხდებიან სადისტები“.
ამასთან, რამაზ საყვარელიძე ამ აგრესიას მაინცდამაინც ბავშვობაში გადატანილ ტრავმებს არ უკავშირებს. უბრალოდ, ეს არის სიტუაციური აგრესიულობა, რომლის განხორციელებისკენაც უბიძგეს ამ ადამიანებს. ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ადამიანები ისეთივე, და შეიძლება, უფრო დიდი მსხვერპლნიც არიან სისტემის.
„არ ვიცი, ამ მწამებელი ადამიანების საქციელის ცქერისას საზოგადოების მახვილი თვალი მათ პირად აღტკინებას შენიშნავს თუ სხვისი დავალების შესრულების მცდელობას, მაგრამ ეს ძალიან სუბიექტურია. ციხის თანამშრომლები აღტკინებულნიც რომ იყვნენ და რომც განიცდიდნენ სიამოვნებას იმისგან, რომ ვიღაცას ურტყამენ, ამისკენაც მათ, შეიძლება, სიტუაციამ უბიძგოს და ამით სიამოვნება იგრძნონ. ასეთი სიტუაციური სადიზმის ყველაზე დიდი მაგალითი ისტორიამ მოგვცა, ფაშისტური გერმანიის სახით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტები სადიზმის გამოვლინებაა. უფრო კონკრეტულად, ეს სისტემური სადიზმია.
„თავად სისტემაა სადისტი, რომელიც თავის ჭანჭიკებს ასე ამუშავებს. სადიზმითაა გაჟღენთილი მთელი სისტემა და ეს ხდება არა მხოლოდ ციხეებში, არამედ ყოველ ნაბიჯზე. ეს ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთელი ქართული საზოგადოება, ამა თუ იმ ფორმით, სადიზმის მსხვერპლია. ჩვენ ყველანი მძევლები ვართ და, უბრალოდ, ახლა ჭეშმარიტების წამი დადგა, როდესაც ჩვენ ვთავისუფლდებით მსხვერპლის პოზიციიდან. შეიძლებოდა, ეს შემზარავი კადრები ცოტა სხვა ფორმით, უფრო რბილი ფორმით, გვეხილა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა პატიმრების მდგომარეობაშია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ცოტა ხანი დარჩა და ყველაფერს მოევლება. ასევე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არანაირად არ შეიძლება ამ ადამიანების გამართლება იმით, რომ, შესაძლოა, ეს ადამიანები ასე გულმოდგინედ იმიტომ აწამებდნენ პატიმრებს, რომ მაღალჩინოსნების დავალებას ასრულებდნენ.
„ცნობილი ფილმიდან რომ მოვიხმოთ ციტატა, სისტემა ზრდიდა კაციჭამია ვირთხებს. აქაც ეს ვირთხები ასრულებენ დავალებას. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამისგან ჯერ არ განვთავისუფლებივართ. ნუ წარმოვიდგენთ, რომ 11 ადამიანის დაჭერით ამ პრობლემას მოევლება. ასეთივე სისტემა მთელ პენიტენციალურ სისტემაში და პოლიციაშიცაა“.
ამასთან, ექსპერტს ახსენდება გასული წლის 26 მაისი, როცა სპეცნაზი ხალხს არბევდა. ამდენად, გია ხუხაშვილის აზრით, ხსენებული სპეცნაზელები არაფრით განსხვავდებიან ციხის ამ სადისტი თანამშრომლებისგან.
„სპეცნაზელები, რომლებიც 26 მაისს ვიხილეთ, განა სხვანაირები არიან?! ისინი არანაკლებნი არიან. ეს არ არის მხოლოდ ციხის პრობლემა. ყვითელლაბადიანი ხალხი ზუსტად იგივე ხალხია. ყველანი ერთი და იმავე ოპერიდან არიან. რა მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთი ციხეში აკეთებს ამას, თუ - ციხის გარეთ, ესენი სააკაშვილის მიერ გამოზრდილი კაციჭამია ვირთხები არიან,“ - გვითხრა გია ხუხაშვილმა.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი სადიზმის გამოვლენას აღზრდის პროცესში ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობას უკავშირებს. რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკა ცალსახად ნეაგატიურად რეაგირებს ძალადობაზე. თუმცა, ნეგატიური რეაგირების სხვადასხვა გამოვლინებები არსებობს და უფროსების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ბავშვებზე სხვადასხვაგვარ კვალს ამჩნევს. როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლი თავად გვევლინება მოძალადედ. მართალია, ასე ყოველთვის არ ხდება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ამის თქმა შეგვიძლია.
თეა გოგოტიშვილის თქმით, ჩვენ არ ვიცით იმ პათოლოგების ბიოგრაფია, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა. მათთვის არავის ჩაუტარებია ფსიქოლოგიური ტესტი, ისინი არავის მოუმზადებია ძალიან რთულ გარემოში სამუშაოდ, სადაც კრიმინალები არიან და ბევრი მათგანი, შეიძლება, თვითონაც იყოს პათოლოგიური მდგომარეობის მქონე.
„არ გვაქვს საშუალება, ვიმსჯელოთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ, რაც პრევენციის საშაულებას მოგვცემდა. უბრალოდ, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ პოსტ-ფაქტუმ გამოვლენილი ქცევის შესახებ და ვასკვნით, რომ არცერთი მათგანი ნორმალური არ არის. ესენი არიან პათოლოგები, სადისტები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომლებიც ტკბებიან სრულიად გაუკუღმართებული წამების პროცესით. ალბათ, წამებასაც თავისი საზღვრები აქვს“, - მიიჩნევს ფსიქოლოგი.
მისი თქმით, სოციალურ ფსიქოლოგიაში ეს თემა უკვე გამოკვლეულია და აშკარაა, რომ თავად გარემო, რომელიც წააქეზებს სხვის ჩაგვრას, მასტიმულირებელ როლს თამაშობს. ამდენად, თეა გოგოტიშვილს პრეტენზია აქვს ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ისინი ამაზე არ რეაგირებდნენ და ამას აქეზებდნენ.
„ის, ვინც დღეს გაქცეულია და არ ვიცით, სად არის, სწორედ მისი დანერგილია ეს სისტემა. ის არის ხელისუფალი და არა სხვა, რიგითი ადამიანი. ამის წახალისებამ და, მინდა გითხრათ, დაჯილდოებამაც განაპირობა ასეთი შედეგები. ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს „გმირები“ თავიანთი „საგმირო საქმეების“ გამო ჯილდოვდებოდნენ. ეს მაშინ, როცა ადამიანები მოსიარულე ცხედრებად აქციეს. როგორც წესი, ადამიანს აქვს ფსიქო-ფიზიკური მოცემულობა, ერთობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ამქვეყნიურ ფორმას. როდესაც კაცს ფიზიკურად, ფსიქიკურად, სულიერად და მორალურად გაანადგურებ, მას უკვე ადამიანური აღარაფერი რჩება. თუ ადამიანს გამოაცალე ყველაფერი ჰუმანური, როგორიცაა ღირსება, ცხოვრების სიხარული, სტიმული, მიზანმიმართულება, ის, შეიძლება, ინფუზორიად გადაიქცეს. შესაძლოა, მას გარეგნულად ადამიანური იერი ისევ ჰქონდეს, მაგრამ შინაგანად ადამიანის ნიშან-თვისებებს აღარ ატარებდეს“, - მიიჩნევს თეა გოგოტიშვილი.
აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი ასკვნის, რომ ამ სადისტებმა მოსიარულე ცხედრებად აქციეს ადამიანები და სწორედ ეს არის ცოცხალი სიკვდილი.
P.S. ციხეში გამოვლენილი აგრესია ყველა ქვეყნისთვის შოკის მომგვრელია. ამ გამოვლინების მეცნიერულ შესწავლას არაერთი ექსპერიმენტი მიეძღვნა. კერძოდ, წლების წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ამერიკაში. სხვადასხვა სპეციალობის, ასაკის, სქესის ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდნენ, სურვილისამებრ, დენი მიეერთებინათ და ეწამებინათ სხვა ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს რეალობაში არ ხდებოდა, არამედ იმიტაციას ახდენდნენ, თითქოს ადამიანი ნამდვილი დენის სკამზე იჯდა. წამების მოსურნეებს შეეძლოთ, გაეზარდათ დენის რაოდენობა და ამით წამებულის როლის შემსრულებლებისთვის აღსასრული „დაეჩქარებინათ.“ შედეგი კი ასეთი იყო - ძალიან ბევრი ცდის პირი სიამოვნებით უმატებდა დენს მეორე ადამიანს და, რაც უფრო მეტად ეტყობოდა მსხვერპლს, რომ იგი იტანჯებოდა და ტკიოდა, მით უფრო მეტ დენს აძლევდნენ.
მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა ფილიპ ზიმბარდომაც. მან ნამდვილ ციხეში შეიყვანა თავისი სტუდენტები და ისინი ორ ჯგუფად დაყო. ერთი ჯგუფი, როგორც ტუსაღები, მოათავსა საკნებში, ხოლო მეორე ჯგუფი მათ ზედამხედველებად დანიშნა. ფაქტობრივად, როლური გათამაშება მოეწყო. ექსპერიმენტის პირველ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეორე დღეს ცოტა დაიძაბა სიტუაცია, უკვე მესამე დღიდან კი „ზედამხედველები“ ისე შეიჭრნენ როლში, კინაღამ შემოაკვდათ საკუთარი მეგობრები.