მთავრობა თამბაქოს ბიზნესს ყოველდღე სხვადასხვა გადასახადს უზრდის. რამდენიმე ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური განაკვეთის გათანაბრების შესახებ, ამჯერად კი ადვალურ გადასახადს უმატებენ. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს პროდუქცია გაისად მასობრივად გაძვირდება.
2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის ე.წ. ადვალური გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ პროდუქტის ღირებულება კიდევ გაიზრდება. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ნორმას დაჩქარებული წესით განიხილავს.
ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესთა დაცვით ხსნიან, რომლებიც ძირითადად უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ.
თამბაქოს მწარმოებლები დღეს აქციზურ მარკასთან ერთად, სახელმწიფოს „ადვალურ“ გადასახადსაც უხდიან, რაც თანაბარია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის. აღნიშნული გადასახადი კოლოფის (20 ღერის) ღირებულების 10%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის მწარმოებელს ამაზე სამჯერ მეტი გადასახადის გადახდა მოუწევს.
ცნობით ადვალური მოსაკრებლის ზრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების გათანაბრებას უკავშირდება. დღეის მდგომარეობით, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური მარკა 1.70 ლარს, ხოლო უფილტროზე 60 თეთრს შეადგენს. აქციზური მარკების ღირებულების ასეთმა სხვაობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში უფილტრო სიგარეტის მოხმარების მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი. 2018 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება მომხდარიყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება. თუმცა, აქციზის გათანაბრებასთან ერთად, მთავრობა კონკრეტული ტიპის სიგარეტისთვის „ადვალურ“ გადასახადსაც აძვირებს.
„ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ფილტრიანი სიგარეტებისთვის ადვალური გადასახადის გაზრდა დროებითი ნაბიჯია.
„აქამდე ორივე ტიპის სიგარეტისთვის მოქმედება 10%-ის ოდენობით აღნიშნული მოსაკრებელი. იმ წინადადებით, რასაც მე დავეთანხმე დროებით ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ძირითადად უფილტრო სიგარეტს აწარმოებს, მიეცეს საშუალება გარკვეული გადაწყობის და იმ 1000-მა ადამიანმა არ დაკარგოს სამსახური და იყოს გარკვეული განსხვავება ფილტრიანსა და უფილტრო სიგარეტის ფასს შორის, მაგრამ არა ისეთი დრამატული, როგორიც არის დღეს.
ადვალური მოსაკრებელი შედარებით ძვირიანი სიგარეტის შემთხვევაში იქნება უფრო მეტი, ხოლო უფრო იაფიანი სიგარეტის შემთხვევაში - უფრო ნაკლები. ამაზეა საუბარი. კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი და ახლა სესიაზე გავა“, - ამბობს ზოიძე.
კითხვაზე თუ რა ვადით მიიღებს პარლამენტი აღნიშნულ ნორმას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ აღნიშნული ნორმის ვადიანობაზე ჯერჯერობით ზუსტი შეთანხმება მიღწეული არაა. მისთვის პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, იგი იანვრიდან მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან აქციზის გადასახადი თითქმის ორჯერ ეზრდება. შესაბამისად, 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი, მინინიმუმ 1.10 ლარით მოიმატებს. გარდა იმისა, რომ ეს ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს და ქართული ნაწარმის ფასს იმპორტირებულს გაუთანაბრებს, სპეციალისტები შიშობენ, რომ ფასის ერთბაშად ზრდა კონტრაბანდასაც გაზრდის.
„ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება გამოიწვევს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას. 2-3 წელიწადში თამბაქოს უკანონო ბრუნვის მასშტაბი შეიძლება 50-ჯერაც გაიზარდოს“, - აცხადებს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი კი თამბაქოზე ადვალური გადასახადის გასსამაგების თემაზე განმარტებებს აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ ფისკალური თვალსაზრისით ფინანსთა სამინისტროსთვის აქციზის განაკვეთის ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, ამბობს იმასაც, რომ გრძელ ვადაში როგორც ადვალური, ისე ფიქსირებული აქციზის გადასახადი გათანაბრდება.
„ამ შეთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფისკალური ეფექტი, რომელსაც ველოდებით. პარლამენტში ასევე აწუხებთ, რომ ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის ადგილობრივ მწარმოებელს არ შეექმნას პრობლემა და გააგრძელოს მუშაობა. ერთ შემთხვევაში ფიქსირებული აქციზის გათანაბრების პირობებში, თუმცა მეორე, ადვალურის შემთხვევაშიც გაზრდასთან გვაქვს საქმე, თუმცა იქ სხვაობა ჩნდება. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი საშუალო ვადიანი ნაბიჯი, თუმცა გრძელ ვადაში მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში, გათანაბრდება როგორც ფიქსირებული, ისე ადვალური გადასახადი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.