დავით გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონი კირიონი For.ge-სთან საუბარში შოტლანდიელი ერის საყოველთაო ტრაგედიას იხსენებს. როდესაც შოტლანდია ინგლისმა დაიპყრო და მათ დამპყრობლებს ვერაფერი მოუხერხეს, შოტლანდიელმა მამაკაცებმა კაბები ჩაიცვეს - სანამ ჩვენ არ აღვიდგენთ ეროვნულ ღირსებას, ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას, ჩვენ არ ვართ კაცები, ჩვენ ღირსნი არ ვართ ვიწოდებოდეთ კაცებად. ამდენად, მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ ჩვენი ერის სენს რაც უფრო დავფარავთ, ეს პიროვნების თუ ერის საბოლოო სიკვდილს გამოიწვევს.
ციხეში გადაღებული შემზარავი კადრების ნახვის შემდეგ ინტელიგენციის ნაწილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაავადდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ ფრაზის მთლიანად ერზე განზოგადება?
- ეს უფრო პიროვნული პრობლემაა და ძალაუფლების პრობლემაა. ძალაუფლება გახდა უკონტროლო. სწორედ ეს არის ჩვენი ერის პრობლემა, რომ ხელისუფლების ძალაუფლება უკონტროლო გახადა. ამიტომ, ასეთ დიაგნოზს მთლიანად ერზე ნუ განვავრცობთ. ქართველებს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები გვიყვარს, რათა კარგად გამოვჩნდეთ, ხმაურიანად რაღაც ვთქვათ, განსაკუთრებული რამ გავაჟღეროთ. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ქართველი ერის პრობლემა ისაა, რომ მათ არ აღმოაჩნდათ პოლიტიკური კულტურა, რათა ხელისუფლება საკუთარ ძალმოსილებაში ეკონტროლებინათ. ხანდახან ადამიანს ძალაუფლება თავბრუს ახვევს და რყვნის. ამ ადამიანებმაც ვერ გაუძლეს ამას, ამისთვის მზად არ იყვნენ და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა.
მაგრამ, ისტორიულად, ქართველებს ასეთი სადიზმი თითქოს არ ახასიათებდათ.
- ასეთი სადიზმი ქართველ ერს არ ახსოვს. ჩვენი ისტორიის განმავლობაში ამგვარი რამ არ სჩვეოდათ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, რომლის გამოც მოხდა ბახტრიონის აჯანყება, მაგრამ ის მღვდელი სპარსელებმა გააუპატიურეს, ყიზილბაშებმა, და არა - ქართველებმა. ამნაირი საქციელი გაუგონარი ამბავია. პირველ რიგში, ეს ქრისტიანული ღირებულებებისგან ერის განშორების ბრალია. ხანდახან ადამიანებს არ ვაფასებთ მათი ცხოვრების მიხედვით, არამედ ვაფასებთ მათი მეტყველებით. მაშინ, როცა ადამიანები უნდა შევაფასოთ მათივე ცხოვრებით და არა - მათი მეტყველებით, თუ რას გვეუბნებიან ისინი. მართალია, ისინი რაღაცას გვეუბნებიან, მაგრამ, რამდენად სანდოა მათი ნათქვამი?! ამიტომ, ეს მათივე ცხოვრებიდან გამომდინარე, უნდა დავინახოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, ეს არ არის ის გულითადი მორწმუნეობა, რაც უნდა იყოს?
- რიტუალური ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც ის მყოფობს ქრისტიანულ შინაარსში, ანუ ქრისტიანულ სათნოებებში, ღირებულებებში. თუ მას შინაგანი ღირებულებები არ ახლავს, არ ახლავს ქრისტიანული აუცილებელი ღირებულებები, როგორიცაა თანაგრძნობა, თანადგომა, არაანგარება, სამართლიანობა, სიკეთე, სიყვარული, სიწმინდე, სიწრფელე - ამის გარეშე ყოველგვარი რიტუალური ღვთისმსახურება ღმერთთან მიმყვანებელი არ არის. რიტუალური ღვთისმსახურება მხოლოდ მაშინ ხდება გზად და ხიდად ღმერთამდე, როდესაც მას სახარებისეული სწავლების შინაარსი ახლავს, ნამდვილი, წრფელი, შინაგანი სახარებისეული სწავლება.
ეს ადამიანები, რომლებიც აწამებენ თვისტომს, ალბათ, აღსარებაზეც მოდიან... მაგრამ ღირს კი ასეთი ადამიანებისგან მოსმენილი აღსარება?
- ამნაირები აღსარებაზე რომ მიდიოდნენ, არა მგონია. სრულიად გამორიცხული მგონია, რადგან მოძღვარი, რომელიც მათ აღსარებას ჩაიბარებს, ამნაირებს აზიარებს და მათ მკაცრ ეკლესიურ სასჯელს არ მისცემს, მაშინ ის მოძღვარი ავად არის. ასეთი ადამიანები ზიარებისგან განყენებულნი უნდა იქნენ. ისინი პირდაპირ იცნობიან. თუ კაცი ტაძარში მოდის, არ ეზიარება და არ მიეახლება ღვთაებრივ ძღვენს, მაშინ რაღაცაშია საქმე. მოვიდა ერთხელ, მოვიდა ხუთჯერ და არ მიეახლა ღვთაებრივ ძღვენს, ე.ი. რაღაც ხდება. თუ რომელიმე მოძღვრის მრევლი იყო ერთ-ერთი მათგანი და იგი ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მაშინ აქ უკვე მოძღვრის შეგნებასა და ცნობიერებაზეა საქმე, რომელიც მას აზიარებდა. თუმცა, არა მგონია, ასეთი რამ მომხდარიყო, ეს დაუჯერებელია.
პატრიარქის ნათქვამმა საზოგადოებაში ორაზროვნება გამოიწვია და უწმინდესის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანებიც დააბნია. უწმინდესმა ასეთი რამ ბრძანა, რომ „ამბები, რომლებიც ბოლო დღეებში ვრცელდება, ჩვენი ერის დიდი სირცხვილია. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვს და თვითონ ასწორებენ“. სავარაუდოდ, პატრიარქმა აქ ნაწამები პატიმრების სახეების ჩვენება იგულისხმა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უწმინდესის ნათქვამს?
- მე ახლა გარეჯში ვარ და არ მომისმენია, თუ რა ბრძანა პატრიარქმა. ამიტომ, ეს ჩანაწერი უნდა მოვისმინო.
როგორ ფიქრობთ, უნდა გამოგვეტანა გარეთ ჩვენი ერის სირცხვილი?
- არ ვიცი, უწმინდესმა რა კონტექსტით ბრძანა, მაგრამ, ჩემი აზრით, ზოგადად, სნეულების დაფარვა არაფერ შედეგს არ იძლევა, რადგან ეს იმდენად ზოგადი სნეულებაა, რომ ამას ზოგადი მკურნალობა სჭირდება. სენი რაც უფრო ღრმა და დიდია, მას საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდება. ამიტომ სნეულების დაფარვა მხოლოდ და მხოლოდ სნეულების დამძიმებასა და პიროვნების თუ ერის საბოლოოდ სიკვდილს გამოიწვევს. ეს იმდენად ღრმა ეროვნული სენი აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი ადამიანები ჩვენში არსებობენ. ამის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა ხელისუფლებაში და ამაზე რეაგირება არ ხდებოდა, სანამ ფაქტები არ დაიდო უკმაყოფილო საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ამას ეროვნული მკურნალობა სჭირდება.
როდესაც შოტლანდია დაიპყრო ინგლისმა და მათ ვერაფერი მოახერხეს ინგლისის წინაშე, შოტლანდიელმა მამაკაცებმა კაბები ჩაიცვეს - სანამ ჩვენ არ აღვიდგენთ ეროვნულ ღირსებას, ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას, ჩვენ არ ვართ კაცები, ჩვენ ღირსნი არ ვართ, ვიწოდებოდეთ კაცებადო. ამიტომაც ჩაიცვეს კაბები. თუმცა ამ კაბების გამო ისინი თავადვე გაოგნდნენ. შოტლანდიელი მაღალმთიელი რაინდები შეძრწუნებულები კაბებით დადიოდნენ. თუმცა ამას მოჰყვა, რომ მათ საუკუნეთა განმავლობაში სისხლი დაღვარეს, რათა ღირსება აღედგინათ და დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. მოგვიანებით კი, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, კაბები მაინც არ გაიხადეს, რადგან მადლიერები იყვნენ - ამ კაბამ გადაგვარჩინაო. შოტლანდიელების საქციელი დღევანდელ სიტუაციას რომ შევუდაროთ, მომხდარი უბედურება საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ, ამით უნდა შევძრწუნდეთ და მერე დავინახავთ, რომ ამ საჯაროობამ კი არ შეგვარცხვინა, არამედ გადაგვარჩინა.
ამ კადრების გავრცელების შემდეგ ხელისუფლების არაადექვატურობაზე რას გვეტყვით? მათ თანამდებობიდან გაუშვეს ცალკეული მინისტრები, თუმცა თავად პოსტებს ვერ შეელივნენ.
- ეს არანაირი ადექვატურობა არ ყოფილა. ეს იმის მსგავსი იყო, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. ისინი ისევ თავიანთი შიდა კადრებიდან ნიშნავენ ხალხს თანამდებობებზე, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. ისევ მათ ნიშნავენ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ახალაიას სახით იჯდება ვიღაც, თუ ზღულაძის სახით?! რა, ზღულაძემ არ იცოდა ეს ყველაფერი? ეს ხომ აბსურდია. ყველას ოჯახში რა ხდება, ის იციან და ამდენი უბედურება ხდებოდა საპატიმროებში და ეს არ იცოდნენ?! რატომ ვიყრით თვალში ნაცარს. ამიტომ გამოსავალი საზოგადოებრივ მტკიცე ერთობასა და პრინციპულ მოთხოვნაშია. მათ უნდა დაინახონ ეს ერთობა, პრინციპულობა და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომ მანამ არ შევალთ სახლებში, სანამ გამოძიება საჯაროდ არ ჩატარდება. ჩემი კარგო, დღეს ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, პროკურატურა, რომელიც ამ ყველაფრის თანამონაწილე გახლდათ. არადა, გამოძიებაში უნდა ჩაერთონ ადამიანები, რომლებიც ამის არათანამონაწილეები იყვნენ.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ, ამავდროულად, უწმინდესმა ისიც აღნიშნა, რომ 1-ელ ოქტომბრამდე საპროტესტო აქციებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
- რა თქმა უნდა, რადიკალური ნაბიჯებისგან თავი უნდა შევიკავოთ. სწორედ ეს უნდა მოვითმინოთ და არა ის, რომ აღშფოთება არ გამოვხატოთ. ამას ვინ იტყვის, რომ ამ ყველაფერზე აღშფოთება არ გამოვხატოთ?! ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ 1-ელ ოქტომბრამდე დაწყნარებულად, დალაგებულად მივიდეთ და ამ ყველაფერს დიდი უარი ვუთხრათ.
მაგრამ 1-ელ ოქტომბრამდე ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს საზოგადოება.
- ახლა არჩევნებამდე ერთი წელი, ან ნახევარი წელიწადი რომ იყოს დარჩენილი, მაშინ შეიძლებოდა წამოეყენებინათ გადადგომის მოთხოვნა. დღეს უკვე სულ რამდენიმე დღე დარჩა არჩევნებამდე. ამიტომ არ გვინდა ეს ქართული აჩქარება, ამ აჩქარებამ დაგვღუპა. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე კონსტიტუციურად უარი განვაცხადოთ.
მაგრამ ამასობაში არჩევნები რომ გააყალბონ?
- ამიტომ პრინციპულად უნდა დავიცვათ არჩევნებში მიცემული ხმები. ეს უნდა იყოს დიდი „არა“, რითიც ამათ პოლიტიკიდან გავისტუმრებთ. შემდგომ, აუცილებელია ნიურნბერგის პროცესი. ეს არ უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის ბრალის წაყენების პროცესი, არამედ ეს უნდა იყოს სისტემური პროცესი, როგორც ეს მოხდა ნიურნბერგის შემთხვევაში. ეს აუცილებელია. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ აზროვნებას, მაგრამ, ამავდროულად, ამ სამართლებრივ სივრცეში დიდი აღშფოთების გამოხატვას და ამ აღშფოთების არ ჩაცხრობასაც უნდა მივეჩვიოთ. სულ სხვა არის, როცა ადამიანი ერთდროულად აღშფოთებულიცაა და სამართლიანიც.