მწერალი ირაკლი ლომოური აცხადებს, რომ ისტორიულად ქართველებისთვის ღირსების განცდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. საბედნიეროდ, ეს განცდა კიდევ შემოგვრჩა, რასაც ციხეში გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ აღშფოთებული საზოგადოების რეაქცია ადასტურებს. For.ge ირაკლი ლომოურს ესაუბრა.
როგორც მწერალი, გლდანის ციხეში გადაღებულ ამაზრზენ კადრებს როგორ შეაფასებთ? ბევრს გაუჩნდა განწყობა, რომ ერის ზნეობა შეიცვალა.
- გარდა იმ შეძრწუნებისა, რაც ყველა ადამიანს ამ კადრების ნახვის შემდეგ დაეუფლა, მე, უბრალოდ, შემრცხვა. ვიცოდი, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გვენახა, რომ ბოლომდე გაგვეაზრებინა ეს საშინელება?! ჩვენ ხომ ეს გვესმოდა დიდი ხნის განმავლობაში, ხომ ვიცოდით, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა და ეს რეალობა იყო.
მაგრამ თვალით აღქმას, ვიზუალურ კადრებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ეტყობა, ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, რომ თავისი თვალით უნდა ნახოს, რათა ამან იმოქმედოს, რაღაცნაირად გამოაღვიძოს და მოქმედებისკენ უბიძგოს. სინამდვილეში, გულის სიღრმეში ვიცოდი და არც არასდროს მიფიქრია, რომ ეს ჭორია, ან გამოგონილი, გაზვიადებულია. თუმცა ხალხის ეს აღშფოთება იმდენად ბუნებრივი და ადამიანურია, რომ რაღაც იმედის პატარა ნაპერწკალს აჩენს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მომავალი, როგორც საზოგადოებას და როგორც ერს. ხალხმა ვეღარ მოითმინა და გარეთ გამოვიდა, რადგან არის რაღაცები, რისი მოთმენაც არ შეიძლება. ადამიანს აქვს თანდაყოლილი ბუნებრივი სჯული, ზნეობრივი კანონი, ზნეობრივი საწყისი არის ჩვენს გულში და, თუ ჩვენ მივივიწყეთ ეს ჩვენი შინაგანი ზნეობრივი კანონი, თუ საკუთარ სინდისს არ მოვუსმინეთ, არც ჩვენს ერს და არც ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება.
როგორ გგონიათ, ეს ზნეობრივი კანონი ამ ჯალათებშიცაა შემორჩენილი?
- ყველა ადამიანშია, მაგრამ შეიძლება, უზნეო ცხოვრებით ეს შენი სინდისი მიაძინო, შეიძლება, საერთოდ ჩაიფერფლოს და ჩაიწვას, მაგრამ არასოდეს ბოლომდე არ ქრება. სინდისის საწყისი, ზნეობრივი საწყისი ყველა ადამიანში მაინც არის და შეიძლება, სიცოცხლის ბოლო წამს გაიღვიძოს და უცებ შეძრწუნდეს თვითონ ის ჯალათი, ამას რას ვაკეთებდიო და ბოლო წამს ღმერთს მონანიება სთხოვოს.
მაგრამ მისი სინანული ნაწამები ადამიანებისთვის არანაირი შეღავათის მიმცემი არ არის.
- იმ ნაწამებ ხალხს არაფერს უშველის, მაგრამ, თუ ეს გულწრფელი მონანიება იქნება, თუნდაც საკუთარ გულში ნათქვამი, ღმერთი ამას გაიგონებს და გაითვალისწინებს. მთავარი ხომ სინანულია, მაგრამ დროულად უნდა იყოს სინანული, არ შეიძლება, გადადო, და მთელი ცხოვრება ისე იცხოვრო, ვითომც შენ საერთოდ არ იცი, თუ არსებობს ამ ქვეყნად ზნეობა, ადამიანობა და კაცობა. ეს ჩვენი მმართველები, ერთი მხრივ, დემაგოგები არიან, მეორე მხრივ, - სადისტები, რადგან სიყალბეს გვეუბნებიან, გვაპროგრამებენ, უნდათ, გადაგვაქციონ თავიანთ მონა-მორჩილებად, ყმა-გლეხებად, უნდათ, რომ შემსრულებლები ვიყოთ და ვერ იტანენ ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, შეუძლია, კრიტიკული მოსაზრება გამოთქვას. ამას ვერ იტანენ, რადგან, თუ მათ არ ეთანხმები, მათი მტერი ხარ და ავტომატურად გამოდის, რომ ხარ კრემლის აგენტი და უბედურება.
დღეს ყველა დარწმუნდა, რომ ამ ხელისუფლების მთავარი საყრდენი ადამიანში ღირსების ჩაკვლაა. ამაზე დგას ეს სისტემა?
- ღირსებას უკლავენ ადამიანს, მთელი უბედურება ეს არის. ადამიანში პიროვნება უნდა ჩაკლან და გადააქციონ რობოტად. ყველა ტოტალიტარული სისტემის მიზანი არის ის, რომ ადამიანში ჩაკლას პიროვნება, ღირსება დაუკარგონ კაცს, მაშინ მისი მართვა მარტივად შეიძლება.
ალბათ, ღირსება ყველა ეროვნების წარმომადგენლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ქართველისთვის უფრო მომეტებულია ეს განცდა და უფრო სხვა რაღაცას ნიშნავს. შემთხვევითი არ არის, რომ ვაჟა-ფშაველასთანაც მომეტებულადაა გადმოცემული ეს გრძნობა.
- ღირსების გაგება სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ეთნოფსიქოლოგიურ გარემოში სხვადასხვანაირადაა, ეს არ არის ერთნაირი. ჩვენთვის ღირსების განცდა მართლაც განსაკუთრებულად იყო მნიშვნელოვანი და, მადლობა ღმერთს, ეს შემოგვრჩა, ეს არ არის შემთხვევითი. ევროპული, ფეოდალური სისტემა პიროვნული ღირსების კულტივირებას უწყობდა ხელს. ჩვენ არ ვიყავით არასდროს მონები, ჩვენ ყოველთვის საკუთარი თავის ღირსება გვქონდა და ყოველი თავადი, ყოველი აზნაური თვითონ იყო ხელმწიფე. მისი მმართველობა არ იყო მონათმფლობელური.
ასევე იყვნენ ქართველი გლეხებიც. ყველას გვახსოვს გამოთქმა - მეფეო, შენ ორი თქვი, და ერთი მეც მომისმინეო.
- დიახ, ჩვენთან, ისტორიულად, პიროვნული ღირსება გლეხსაც, უბრალო ადამიანსაც შენარჩუნებული ჰქონდა და მმართველსაც. ღირსება იყო გადამწყვეტი ამ ურთიერთობაში. უღირსობა იყო ყველაზე დიდი სირცხვილი და ყველაზე დიდი კრახი ადამიანისთვის, თუ ის ღირსებას დაკარგავდა საზოგადოებისა და თემის თვალში. ახლა კი, უკვე რამდენი ხანია, ჩვენ ვართ უღირსებო საზოგადოება, რადგან ჩვენ შევეგუეთ, გავხდით კომფორმისტები, შევეგუეთ უსამართლობას, სიყალბეს, ბოროტებას, დაშინებულები ვართ. ელემენტარულად, რაც გამოვიარეთ ამ კომუნისტების ხელში, მერე კიდევ, რაც ეს უბედურებები მოხდა, მე ვერ წარმომედგინა, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული ნიღბით მოვიდოდა ავტორიტარი, რომელიც ტოტალიტარული სისტემის შექმნას შეეცდებოდა, რომლისთვისაც ადამიანი, მოქალაქე არის მხოლოდ ის, ვინც მის აზრს იმეორებს და, თუ ვინმეს საკუთარი აზრი აქვს, ე.ი. ის არის მტერი და უნდა მოსპო, გაანადგურო. ამასთან შეგუება არ შეიძლება. კარგია, რომ ამ კადრებმა ასეთი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ ახლა მთავარია, როგორმე მივაღწიოთ არჩევნებამდე. ამათ ძალიან უნდათ, ეს გამოიყენონ საბაბად, რომ დესტაბილიზაციისა და ქაოსის მომიზეზებით გამოაცხადონ კომენდანტის საათი და გადადონ არჩევნები, გაიხანგრძლივონ თავიანთი აგონია, მაგრამ, იმედია, გონიერება გვეყოფა, მივალთ არჩევნებამდე და სწორ არჩევანს გავაკეთებთ.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ასეთი რამ თქვა, რომ ეს ჯალათები საკუთარმა შვილებმა და მეუღლეებმა ოჯახში არ უნდა შეუშვან, რადგან მათ ქართველ ერს პატივი აჰყარეს. რა უნდა იყოს ამ ადამიანების საზღაური და არის კი ისეთი სასჯელი, რომელიც ამ დანაშულს გადაწონიდა?
- ძალიან რთული კითხვაა. ვერ გამოვდგები, ალბათ, მსაჯულად და განმსჯელად. კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. მიუკერძოებელმა, სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს დამნაშავე და გაითვალისწინოს ყველა გარემოება. რაც შეეხება ზნეობრივ და მორალურ მხარეს, მე არ ვიცი, ეს თვითონ მათი გადასაწყვეტია, მათი ახლობლების და მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, სახლში არ შეუშვან; მაგრამ ის, რომ ახლობელი აღმოაჩენს, რომ თურმე მისი მამა, ქმარი, ძმა, შვილი, ნათესავი ასეთ რამეს სჩადიოდა, ალბათ, ამის გამო შეძრწუნებას გამოხატავს. მე არ ვიცი, რა ფორმით გამოხატავს, რა უნდა უთხრას, ხელი არ ჩამოართვას, დაანამუსოს, თუ რა უნდა ქნას, ეს მე არ ვიცი. მთავარი, ალბათ, ამ მომენტში ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც ამას სჩადიოდნენ, თვითონ უნდა მიხვდნენ და მოინანიონ ეს მძიმე ტვირთი.
1-ელი ოქტომბერი „ქართული ოცნების“ მომხრეთათვის გარდატეხის მომტანი იქნება?
- არ ვიცი, მე ძალიან მინდა , „ოცნებამ“ გაიმარჯვოს, რადგან ის რეჟიმი, რომელიც დღეს არის, ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის, შვილების მტერია. ამიტომ გამიხარდება, თუ რეჟიმი შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა გამაერთიანებელს ვერ ვხედავ. სხვა ალტერნატივა არ ჩანს. მომავალში, თუ ივანიშვილს რაღაც შეეშლება, ჩვენ, ასევე, უნდა გამოვიდეთ და პროტესტი გამოვხატოთ. ივანიშვილი ამბობს, რომ მე მარტო არ ვმართავ, მე ყოველთვის მყავს გუნდი და ვითვალისწინებ სხვის აზრს. ნეტავი, ასე იყოს და ეს სიმართლე იყოს, რადგან ერთპიროვნულმა მმართველობამ სადამდე მიიყვანა საზოგადოება და ქვეყანა, უკვე ჩანს. აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. ეგ არის უბედურება, რომ დღეს ამ ერთ კაცს ჰგონია, რომ თვითონ არის ყველაფერი. და ამ დროს ვინ არის? იგი ჩვენი მსახური უნდა იყოს, იმიტომ ავირჩიეთ, რომ ქვეყანა მართოს. ის კი არა, რომ ჩვენ მისი ყმა-გლეხები ვიყოთ და რასაც უნდა, იმას გაგვიკეთებს.