ხელისუფლების რომელი წევრების ინტერესია ხე-ტყისა და გირჩის ბიზნესში, ვისი ხელდასხმით გადის საქართველოდან მილიონობით ბოთლი ფალსიფიცირებული ღვინო და რატომ ასხამენ ხვანჭკარას რაჭის ნაცვლად ახმეტაში? ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატი და რაჭა-ლეჩხუმის ექს-გუბერნატორი (2003-2004 წლები) დავით დარახველიძე გვესაუბრება:
- ჩემი კონკურენტი ყოფილი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, აქ გავრცელდა აზრი, რომ ის რაჭის აქციის შემდეგ გაათავისუფლეს. „ქართული ოცნების“ აქცია ამბროლაურში ძალიან კარგი გამოვიდა. ამის შემდეგ „ნაციონლურმა მოძრაობამ“ შეკრიბა ხალხი, როდესაც ყრილობა ჩაატარეს და ჩვენს აქციასთან შედარებით ათჯერ ნაკლები ხალხი იყო, ამას გადაჰყვა გაგოშიძე. თუმცა, ის 49 ნომრად მაინც არის ნაციონალების სიაში. ახლა გაგოშიძე და ენუქიძე ტანდემში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას.
წინასაარჩევნოდ მთელი დესანტია ჩამოსული თბილისში მოსამსახურე რაჭველებისა, რომელებიც მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში: თავდაცვის სამინისტროში, შს სამინისტროში, პენიტენციალურ სისტემაში, იუსტიციაში. თბილისისი მერიის თანამშრომლებიც კი იყვნენ ჩამოსულები, რომ ზეგავლენა მოხდინონ მოსახლეობაზე. ეკითხებიან პრობლემებზე და ჰპირდებიან მათ გადაწყვეტას და მათგან სანაცვლოდ ითხოვენ, არ გამოვიდნენ „ოცნების“ შეხვედრებზე და არჩევნებზე ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ადამიანები, რომლებიც ე.წ. ყვითელ ზოლში არიან და არ გამოხატავენ პოზიციას სხვადასხვა გზით გვითვლიან, - თქვენი მხრადამჭერები ვართ, მაგრამ ღია მხარდაჭერას ნუ მოგვთხოვთო. გვიან ღამით ბევრი მოდის ჩემს ოჯახში ამის სათქმელად.
რამდენადაც ვიცი, ამბროლაურის მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია იმით, რომ ხის მოჭრის ლიცენზია რამდენიმე კომპანიის ხელშია და ამის შედეგად მოსახლეობამ შემოსავალი დაკარგა.
- ამბროლაურის რაიონში 48 სახერხი საამქრო იყო და ყოველ საწარმოში 15-20 კაცი იყო დასაქმებული. 2004 წლიდან ხის მოჭრის ლიცენზიის მოპოვება აუქციონზე ხდება. რადგან ლიცენზიის მინიმალური ფასი 30-40 ათასია, ადგილობრივი წვრილი და საშუალო მეწარმეები ვერ შედიან ტყეში და ვერ ამზადებენ სამრეწველო მერქანს. დღეისათვის ადგილზე მხოლოდ 2 დამამზადებელი მუშაობს, რომელთაც 2010 წელში ათ-ათი წლით მოიგეს ეს აუცქიონი. დანარჩენი 48 სახერხი გაუქმებულია. როგორც აქ ამბობენ, ეს ორი ხის დამამზადებელი საწარმო კოდუებს და ბეჟუაშვლებს ეკუთვნით.
ყურადღებაა მისაქცევი გირჩის ბიზნესზე. ენდემური კავკასიური სოჭი მხოლოდ სოფელ თლუღში ხარობს. ეს სიმეტრიული განტოტვის ხეა და არის კარგი საახალწლო ნაძვის ხე. მისით ძალიან ინტრესდებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები. სოჭის გირჩის თესლის საშუალო ღირებულება ევროპულ ბაზარზე საშუალოდ 100 დოლარია. ჩვენთან შეგროვებული 1კგ გირჩის თესლიდან ადგილობრივ ბიუჯეტში რესურისის მოსაკარებელის სახით, მხოლოდ 6 ლარი რჩება, ხოლო მოსახლეობას ერთი კილოგრამი გირჩის მოგროვებაში 50 თეთრს უხდიან. ყოველწილურად, აქედან 60 ტონამდე გირჩის თესლი გადის. ეს არის 6 მლნ დოლარი დამამზადებელი ფირმებისთვის. მე სადავო მათთან კი არა, კანონთან მაქვს, რომელიც ამ საკითხს უნდა არეგულირებდეს. 6 ლარი კი არა 30 დოლარი მაინც უნდა იყოს ადგილობრივი მოსაკრებელი, რომ რაიონსაც რაღაც სიკეთე ჰქონდეს აქედან.
გირჩის გატანაზე რამდენიმე კომპნია მუშაობს, ერთ-ერთია შპს „ჯადვარი“. არ მგონია ეს კომპანია ადგილობრივი გუბერნიის მფარველობის გარეშე მუშაობდეს. თუმცა არ ვიცი თბილისიდან ვინ მფარველობს. 6 მილიონი წლიური შემოსავლიდან ამბროლაურს არაფერი რჩება. ვისაც ლიცენზია აქვს, ხალხს მუშებად უშვებენ ტყეში და მინიმალურ ხელფასს უხდიან. არადა ეს ძალიან შრომატევადი და სახიფათო საქმეა. ბიჭებს, რომლებიც გირჩის თესლს ამზადებენ, ეზარებათ 30 მეტრიანი ხიდან ჩამოსვლა და მეორეზე ასვლა. ამიტომაც, კენწეროში მოექცევიან, გააქანავებენ და ხიდან ხეზე ხტებიან. რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვეღარ მოეჭიდნენ მეორე ხეს, ჩამოვარდნენ და გარდაიცვალნენ.
თუ ხე-ტყიდან არა, ადგილობრივებს უნიკალური რაჭული ღვინოებიდან მაინც ექნებათ შემოსავალი.
- კანონში ვაზისა და ღვინის შეახებ 2003 წელს შეტანილი იქნა შემზღუდავი ნორმა ადგილწარმოშობის ღვინოების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხვანჭკარა, უსახელაური, ოჯალეში და ნებისმიერი უნიკალური ღვინო უნდა დამზადეს იქ, სადაც მოიპოვება ამის რესურსი. ჩვენთან წელიწადში სეზონზე ბოლო წლების განმავლობაში მოდის დაახლოებით 400 ტონა ალესანდრეული და მუჯურეთული ჯიშის ყურძენი, რისგანაც ხვანჭკარა მზადდება. აქედან შესაძლებელია მხოლოდ 200 ათასი ლიტრი ღვინის - ხვანჭკარის დამზადება, მაგრამ თუ საბაჟოს მონაცემებს ვნახავთ, ყოველწლიურად ათეული მილიონობით ბოთლი ხვანჭკარა გადის ექსპორტზე. ეს არის ფალსიფიცირებული ხვანჭკარა, რომელიც უკრაინასა და ბელორუსიაში იყიდება. გვახსოვს ხელისუფლება როგორ იმუქრებოდა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ და გვახსოვს ბადაგონის ქარხანაში დაღვრილი ღვინო, ვითომ ფალსიფიკაციის აღსაკვეთად. ფალსიფიკაცია რომ არ ხდებოდეს, წელიწადში ხვანჭკარა იქნებოდა მხოლოდ 200 ათასი ლიტრი და მისი ფასი იქნებოდა ისეთივე, როგორიც ევროპულ ბრენდი ღვინოების ფასებია. სრულიად რეალურია, რომ ერთი ლიტრი ხვანჭკარა 100 დოლარი ღირდეს. ასეთ პირობებში ამბროლაურის მევენახეობის ზონაში 1000 კვ/მ ვენახის მქონე ოჯახს, შეუძლია 2 ტონა ყურძენი მოიწიოს და 1000 ლიტრი ღვინო მიიღოს. ასეთი გლეხი, თუ 1 ლიტრ ღვინოს 100 დოლარად გაყიდის, 10 ათას დოლარს მიიღებს შემოსავალს. ასეთი შემოსავლის პირობებში გლეხი არსად აღარ წავა. 2003 წელს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ფასმა 6 ლარს მიაღწია და ამას ახალი ვენახების გაშენების ბუმი მოჰყვა. 2004 წლიდან კი ამ ყურძენს 3 ლარად იბარებენ.
გეცოდინებათ ხვანჭკარის ფალსიფიკაციით ვინ არის დაკავებული.
- ის ვინც დააღვრევინა ბადაგონის ღვინო. პეტრე ცისკარიშვილზე მოგახსენებთ. დღეს დიდი რაოდენობის ხვანჭკარა ამბროლაურში კი არა, ახმეტაში მზადდება. არა მარტო ღვინის - საკონიაკე სპირტების ბიზნესშიც პეტრე ცისკარიშვილის ინტერესია. 2-3 წლის წინ ყველა ბიზნესს დაუძახეს, გააუქმებინეს ხელშეკრულებები თავიანთ პარტნიორებთან საზღვარგარეთ. შექმნეს ახალი შპს, რომელმაც იმავე პარტნიორებთან გააფორმა ხელშეკრულებები და მხოლოდ ხელისუფლების კუთვნილი კომპანიებით ხდება ღვინის გატანა.
რომელ სახელისუფლებო კომპანიაზე ლაპარაკობთ?
- სულ სამი შპს-ა. მათგან ერთერთია კომპანია „რუჯი“.
ხელისუფლების ინტერესზე ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენზეც ამბობენ, რომ მიწები შეიძინეთ გუბერნატორობისას.
- გუბერნატორი 2003-2004 წლებში ვიყავი, 4 ჰა მიწა კი 2005 წელს ვიყიდე მშობლიურ სოფელ ბოსტანაში და ალექსანდორული გავაშენე. ამას მითვლიან მინუსად, მაგრამ მიწა ოფიციალურად რაც ღირდა, იმდენი გადავიხადე - 1000 ლარი.
სოფელ ურავში არის დარიშხანის საბადო. ამ საბადოს მადნით წლების წინ გერმანული ფირმა KFW დაინტერესდა. აქ ჩამოვიდნენ, სამუშაოები ჩაატრეს, მადანი წაიღეს სინჯებზე. თითქმის გადაწყვეტილი იყო ორი ქარხნის აშენების საკითხი, მაგრამ რევოლუციამ მოუსწრო და გადაწყტილი საკითხი ჩაიშალა. როდესაც გერმანელები ამ ხელისუფლებასთან მივიდნენ თავიანთი წინადადებებით, ისეთი წილები და პროცენტები მოითხოვა ხელისუფლებამ, რომ გერმანელები უკან გაბრუნდნენ, ეს პროექტი ჩაიშალა, მაგრამ მისი ამოქმედება ისევ შესაძლებელია, თუ ჩვენი კოალიცია მოვა ხელისუფლებაში. ეს ადგილობრივ მოსახლეობას დაიცავს იმ უბედურებისაგან, რაც დღემდე სჭირს. კომუნისტების დროიდან შემორჩენილია დარიშხანის საწარმოს ნარჩენების საცავი, რომელიც დაზიანებულია. იქ ჩაედინება წვიმის და გრუნტის წყლები, ერევა ნარჩენებს და ჩადის მდინარე ლუხუნში, რომლის წყლითაც ხდება სავარგულების მორწყვა. ამან ონკოლოგიურა დაავადებების ზრდა გამოიწვია.
2003 წელს დაანგარიშებული იყო, რომ ამ მადნის მოპოვებიდან გადამუშავებიდან და ექსპორტიდან წლიურად 60-70 მლნ დოლარი იქნებოდა შემოსავალი სახელმწიფოსთვის. თუკი ხელისუფლების ნება იქნება, შესაძლებელია ამ უბედურების შეჩერება და დიდი კეთილდღეობის მოტანა ამბროლაურისთვის.