ჩინეთსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ომი იწყება

ჩინეთსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ომი იწყება

მასიური ანტიიაპონური პროტესტის ფონზე ჩინელები იაპონური პროდუქციის შეძენას ბოიკოტს უცხადებენ, ხოლო რამდენიმე იაპონურმა კომპანიამ ჩინეთში მდებარე თავისი ქარხანა უკვე დაკეტა. ჩინეთ-იაპონიას შორის დაპირისპირება მალე ალბათ ეკონომიკურ ომში გადაიზრდება, რაც, არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევს, თუმცა, იაპონიის დანაკარგები აშკარად მეტი იქნება.

გასულ კვირაში ჩინეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთეს ისეთმა ცნობილმა იაპონურმა კომპანიებმა, როგორებიცაა Canon Inc., Lion Corp. და Panasonic Corp. მათ თავიანთი საქციელი თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნეს. Toyota Motor Corp-მა კი განაცხადა, რომ ჩინელთა პროტესტისაგან დიდი წაგება იწვნია. განსაკუთრებით აღინიშნა ჩინურ პროვინცია შანდუნში მდებარე კომპანიის ავტოსალონის დაწვა. გარდა ამისა, ავიაკომპანია Toyota Motor Corp-მა ჩინეთსა და იაპონიას შორის რეისების უმრავლესობა გააუქმა.

იაპონური კომპანიები ასე მას შემდეგ მოიქცნენ, რაც ჩინეთის ათეულობით ქალაქში პროტესტის ტალღა აგორდა. დემონსტრანტები ძარცვავდნენ მაღაზიებს, ანგრევდნენ იაპონურ რესტორნებს და ამსხვრევდნენ ავტომობილებს. მეტიც, დემონსტრანტები აღმოსავლეთ პროვინცია ცინდაოში მდებარე იაპონური კომპანიების ქარხნებში შეიჭრნენ. კერძოდ, თითქმის განადგურებულ იქნა ელექტრონული გიგანტის Panasonic-ის ქარხანა.

მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ჩინელებს პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც იაპონიის მთავრობამ კერძო მფლობელისაგან არქიპელაგის ხუთიდან სამი კუნძული გამოისყიდა, რომლის ტერიტორიულ მიკუთვნებასაც ჩინეთი კარგა ხანია ასაჩივრებს. განხეთქილების ეს კუნძულები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს, იაპონია მათ სენკაკუს უწოდებს, ჩინეთი კი დიაოიდაოს. იაპონიის მიერ კუნძულების შეძენას პეკინმა არც მეტი, არც ნაკლები, თავისი სუვერენიტეტის სერიოზული შებღალვა უწოდა.

გამოცემა People's Daily-ში, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა, უკვე დაიწერა, რომ პეკინი საპასუხო ეკონომიკური ზომებისათვის ემზადება, რაც იაპონიის ეკონომიკას გვარიანად დააზარალებს. გამოცემაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რა ზომებზეა საუბარი, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები შეეხება სამრეწველო და ფინანსურ სექტორს, აგრეთვე ექსპორტს და “სტრატეგიულ იმპორტს”. შესაძლებელია, სანქციების გარეშე არ დარჩეს იაპონიაში იშვიათი ლითონების შეტანა, რომლებიც ჩინეთში მოიპოვება და იაპონიაში მაღალტექნოლოგიურ სექტორში გამოიყენება.

ჩინური მედიის თანახმად, იაპონიის ეკონომიკას, რომელიც ჯერ კიდევ არ გამომჯობინებულა 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, კიდევ ერთი “დაკარგული ათწლეული” ელის.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჩინურ-იაპონური სავაჭრო ბრუნვა 14,3 პროცენტით, სარეკორდო 345 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იაპონიისათვის ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, 2011 წელს იაპონურ ექსპორტში ჩინეთის წილმა 19,7 პროცენტი შეადგინა, ჩინეთიდან იმპორტის წილმა კი 21,5 პროცენტი.

ექსპორტის მხრივ იაპონია ჩინეთისათვის მეოთხეა, იმპორტის მხრივ კი მეორე ევროკავშირის შემდეგ. ამ დროისათვის ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელებულია და, წესითა და რიგით იაპონიასთან ეკონომიკური ომი ჩინეთს არ უნდა აწყობდეს. ცხადია, კონფლიქტით ორივე მხარე გვარიანად დაზარალდება, მაგრამ ჩინეთი ეკონომიკურად ბევრად ძლიერია, ფეხზე მყარად დგას და მოსალოდნელ პრობლემებს იაპონიაზე ბევრად ყოჩაღად გაუმკლავდება.

გარდა ურთიერთდამოკიდებულებისა, უნდა ითქვას, რომ, მოგეხსენებათ, ჩინეთი ცნობილია როგორც “მსოფლიოს ამწყობი ფაბრიკა”, სადაც არაერთი იაპონური კომპანია ქმნის თავის პროდუქტს. თუ ჩინეთში მოღვაწე იაპონური კომპანიების მუშაობა შეფერხდება, ეს მკვეთრად აისახება ზოგადად იაპონურ ექსპორტზე. თანაც, იაპონური კომპანიები ისედაც გაჭირვებით უწევენ კონკურენციას კორეულ და იაპონურ ფირმებს და ჩინეთიდან წასვლა მათთვის დამღუპველი იქნება.

ყველაფერ ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ ჩინურ-იაპონური ეკონომიკური კონფლიქტი ზიანს მიაყენებს რეგიონის, მთლიანად აზიის ეკონომიკას. მეტიც, ანალიტიკოსთა აზრით, თუ იგი გაჭიანურდა, მსოფლიოს ეკონომიკაზეც გვარიანად აისახება.