მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გლდანის ციხის ძალადობრივმა კადრებმა მას გენიალური იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი „სალო ანუ სოდომის 120 დღე“ გაახსენა, სადაც, თავისთავად, სისტემის პათოლოგიურობაზეა საუბარი. ამ ფილმითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ყველაზე დიდი გარყვნილება ძალაუფლებაა.
- ბუნებრივია, ეს კადრები მაშოკირებელია. კიდევ ერთი ტრავმა გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში სოციალურად, ფსიქოლოგიურად. ეს მძიმე კადრები დაილექა ჩვენს გონებაში და ახლა რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ დაგვავიწყდეს. ეს ოცი წელი მართლაც საოცრად ტრაგიკულია ჩვენი ფსიქიკისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბუნებრივია, რომ ხალხს აქვს ამაზე რეაქცია. ჩვენი სახელმწიფოს მომავალი წარმოუდგენელია დემოკრატიის გარეშე, რადგან სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის გარანტი არის მისი დემოკრატიულობა. ვინ უნდა დაიცვას დემოკრატია? რა თქმა უნდა, საზოგადოებამ; და საზოგადოება არ არის აბსტრაქცია, ეს არის კონკრეტული ადამიანი. ასე რომ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კრიტიკული პროცესის ფორმებს და იმას, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ დემოკრატია. ამდენად, ეს ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მომავალზე.
ფიქრობდით, რომ ქართველ კაცს იმის გაკეთება შეეძლო, რაც იმ კადრებში ვიხილეთ? ასეთი ანომალიები მოსალოდნელი იყო?
- მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია, სისტემაში განხორციელდეს ასეთი სადიზმი, რადგან ბერია და სტალინი, სამწუხაროდ, ქართველები იყვნენ. საბჭოური მეთოდები სადაც გაიფურჩქნა, ეს სწორედ ეჟოვის, ბერიასა და იაგოდას შემთხვევები იყო. სადაც არის ჩაკეტილი სისტემა, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ სისტემამ განახორციელოს ასეთი ეგზეკუცია, ასეთი პრევენციული ეგზეკუცია. მე გამახსენდა პაზოლინის „სალო ანუ სოდომის 120 დღე“, ეს არის ნაცისტების ჩაკეტილი ჯგუფი, რომელიც სექსოლოგიურ-პათოლოგიური თამაშებით ცდილობს ტყვეების ჯგუფის დემორალიზირებას, წამებას და ა.შ. ეს არ არის შემთხვევითი ანალოგია. აქ საუბარია ღირსების შელახვაზე. სადაც არის ჩაკეტილი სივრცე და ჩაკეტილი სისტემა, ყოველთვის შეიძლება, შესაძლებლობა მიეცეს ხელისუფლებას, ან გარკვეულ ჯგუფს, განახორციელონ ეს სადიზმი. ამიტომ საზოგადოება ამ პროცესებში ძალიან აქტიურად უნდა ჩაებას.
ვითომ ევროკავშირისკენ მივდივართ, სინამდვილეში, რეალურად, ჩაკეტილ სისტემაში ვტრიალებთ?
- რასაკვირველია, ეს ყველაფერი ფასადურია, რადგან ევროკავშირში ასეთი უმსგავსობა არ ხდება. იქ არის გამჭვირვალე სისტემები. დისციპლინა ერთია, როდესაც პატიმარი იხდის სასჯელს, ეს ერთია, მაგრამ, როდესაც უფლებების არმქონე ადამიანზე ასეთ სადიზმს ახორციელებ, ეს ყოველგვარ ნორმას სცილდება.
რატომღაც ასეთი რეჟიმების არსებობას დაგვიანებით „აღმოაჩენს“ ხოლმე დასავლეთი. როგორ გგონიათ, რა განაჩენი უნდა გამოუტანოს მსოფლიო საზოგადოებამ იმ რეჟიმს, რომლის ცნობად სახეებსაც აქამდე დემოკრატიის შუქურად და სხვა შთამბეჭდავი ტიტიულებით მოიხსენიებდა?! მით უფრო, რომ უკვე გამოჩნდა ამ რეჟიმის ახალი სიმბოლო- ცოცხის სახით.
- ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლო, ვარდთან და შადრევანთან ერთად, ახლა გახდა ცოცხიც. ეს ტრაგიკულია.
ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ რეჟიმის დასაგმობად, სიმბოლურად, ეკლებიც გამოჩნდა. ასე რომ ცოცხების წინამორბედი სწორედ ეკლებიანი ტოტები იყო.
- ალბათ, მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პოზიცია მშვიდობიანად გამოვხატოთ. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობა თავის რეაქციას მისცემს ამ ყველაფერს. ეს ასე შეუფასებლად არ დარჩება. თუ რამის მიღწევა გვინდა, ქართულმა საზოგადოებამ, უნდა დაიცვას ქართული დემოკრატია, რადგან, თუ არ არის დემოკრატია, ისე ვერ შედგება ქართული სახელმწიფო.
მეტ-ნაკლებად, პერიოდულად თქვენ მაინც გამოხატავდით საკუთარ პოზიციას, მაგრამ ის ხელოვანები, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ საკუთარი პოლიტიკური მრწამსის განსაჯაროებისგან, ამ კადრების შემდეგ ისინიც გამწარებულნი არიან. მათი ხმები „ოცნების“ სასარგებლოდ ხომ არ წავა?
- შეიძლება, ასეც იყოს. ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის მისცეს ხმა. რაც შეეხება ფილარმონიაში გამართულ სპექტაკლებს, ამაზრზენია, რომ ფილარმონიის შიგნით ტაშფანდურა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. როდესაც ქვეყანაში ასეთი სადიზმია, შეუძლებელია, შენ გემღერებოდეს. თუმცა ესენი ცეკვავდნენ და მღეროდნენ ლენინისა და ბრეჟნევის დროსაც და გასაკვირი არ არის, რომ ახლაც ასევე იქცევიან. ეს მათი სტილია.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ისტორია, მისი პოლიტიკური ისტორია, კარგა ხანია, დამთავრდა. განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. 7 ნოემბრის შემდეგაც, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ყველა თავმოყვარე ხელისუფლება დატოვებდა თავის პოსტს და არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდებოდა. ისტორიაზე ვერ იძალადებ, ისტორია თავისი გზით მიდის და, როდესაც შენ ძალადობ ამ ისტორიულ სვლაზე, შესაბამისად, ისტორია რაღაც სტიქიურ ძალასავით ბრუნდება შენს წინააღმდეგ. რაც უფრო ჯიუტობ, მით უფრო მძიმეა ამ სტიქიასთან დაპირისპირება. სწორედ ეს არის ამ სტიქიის ძალა, როდესაც შენ უკვე აღარ ხარ აქტუალური, შენი დრო პოლიტიკურად გასულია. ბოლოს და ბოლოს, ისტორიის შეჩერება ნაპოლეონმა ვერ მოახერხა და იულიუს კეისარმა.
მაგრამ სააკაშვილი უფრო მალე ამთავრებს ამ ისტორიას?
- რასაკვირველია, რადგან იგი თვითონაც ისედაც უფრო სწრაფი და ექსპრესიულია. შესაბამისად, მისი ისტორიაც უფრო ჩქარა მთავრდება.
ფიქრობთ, 1-ელ ოქტომბერს დამთავრდება ამ ხელისუფლების ისტორია?
- იცით რა არის, მე ამის ეჭვი მაქვს. პრინციპში ახლა, შეგრძნების დონეზე, დასრულებულია ამათი ისტორია. თუკი არჩევნებში არ გამოიხატა ხალხის რეაქცია და ხალხმა არ ჩათვალა თავისი პოზიცია ასახულად ამ არჩევნებში, მაშინ კიდევ უფრო მეტი ძალადობა იქნება ყველა მხრიდან, რაც არ მინდა, რომ მოხდეს. მაშინ, პირველ რიგში, რთულად დამთავრდება სწორედ სააკაშვილისთვის. იმედია, ეს არ მოხდება.