გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით ნარიმანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის ლიდერი ციხეში 2 თვეს გაატარებს. ამის შემდეგ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ბრალდებული კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას არ აღიარებს და განმარტავს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია, რაც არ უნდა.
„უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს. შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა. მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ჩემი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ არის დადებითი და არანაირი განზრახვა მათი შეურაცხყოფის არ მქონია. უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში დავით კირკიტაძემ.
ბრალდებულ კირკიტაძის ადვოკატი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დაელოდებიან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რით დაასაბუთებს მოსამართლე, რომ დავით კირკიტაძე მიმალვას აპირებდა, რით დაასაბუთებს, რომ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ როდესაც მისი თქმით, პოლიციელთა ჩვენებებია და ყველაფერი ფირზე არის აღბეჭდილი.
„აბსურდულია პროკურატურის მტკიცება, რომ დავით კირკიტაძის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დანაშაულის განმეორებას ან მან მოწმეებზე მოახდინოს გავლენა. სარალიძის შემთხვევაში პოლიციელებს მიადგათ ხელკეტით დაზიანება. იმ დროს თავად პროკურატურამ თქვა უარი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე. როგორ ჩანს, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებს, თუ როგორი საზოგადოებრივი განწყობაა საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ბრალდებულის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ მოსამართლე ნარიმანიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. გრიგოლ ვაშაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლეს მითითება ჰქონდა, როგორ უნდა დაემთავრებინა დღევანდელი პროცესი. შესაბამისად, ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება.
„ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომ საქართველოს შავი ჭირი, ივანიშვილი მოვაცილოთ რაც შეიძლება სწრაფად. როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესები საქართველოში გაგრძელდება, რაც მოაახლოებს ამ ხელისუფლების ბოლოს. ეს იყო პოლიტიკური პროცესი. პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე. ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომლებიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი, ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი.
დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ კირკიტაძის დაპატიმრება აგრძელებს პოლიტიკური ანგარიშსწორების იმ ტალღას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ მოიტანა. მისი თქმით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც კორცხელის ინციდენტის დროს პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დასჯილან. ბაქრაძის თქმით, ასევე არ დასჯილან ულტრამემარჯვენეები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ასევე, მიაყენეს პოლიციას შეურაცხყოფა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ კლასიკურ შერჩევით სამართალს, როდესაც არ ისჯებიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, არ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ დაკვეთით და ხელმძღვანელობით მონაწილეობენ ძალადობრივ აქტებში და ნებისმიერი საბაბი გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად და დასაპატიმრებლად. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის უსამართლო სამართალი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ მშვიდობიანად მოვახდინოთ ამ სისტემის დასრულება“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
პოლიციელის მიმართ ძალადობა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის.
„ნათელი მაგალითი ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულებისა, არის ის, რომ, კაცი, რომელიც მიზანმიმართულად პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა და ძალადობდა, ამ ადამიანს მათი ლიდერი გმირს უწოდებს და ამით ამკვიდრებს იმ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლებას ებრძოლე ნებისმიერი მეთოდებით, თუნდაც ეს იყოს იმ ღირსეული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორებიც პოლიციელები არიან და შენ გმირი გეწოდება.
ამით კიდევ უფრო წაახალისა სააკაშვილმა თავიანთი მომხრეები ძალადობისკენ, რაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს არ გამკვირვებია, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ნეიტრალურობაზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელზე და ამაზე არ ახდენს რეაქციას და მეტიც, მაქსიმალურად ერიდება, რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და პასუხიც მოსთხოვოს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ოპონენტებისგან განსხვავებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს და აცხადებს, რომ არსებობს კირკიტაძის ქმედების კადრები, რაც ობიექტურ დამკვირვებელში არ უნდა იწვევდეს იმ განცდას, რატომ მოხდა რეაგირება.
„თუ არ მოხდებოდა რეაგირება, ეს იქნებოდა წამახალისებელი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. რაც შეეხება პატიმრობის შეფარდებას, ეკა ბესელიას თქმით, ეს არის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. რა გარემოებებიც იკვეთება კონკრეტული ეპიზოდიდან გამომდინარე და განსაკუთრებით რა საფრთხესაც შეიძლება წარმოადგენდეს ესა თუ ის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების არგამოყენება, ამის მიხედვით უნდა მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ კადრები, რაც მე მგონია, რომ ობიექტურ დამკვირვებელში არ უნდა იწვევდეს იმ განცდას, თუ რატომ მოხდა რეაგირება. გაცილებით უფრო ძნელი ან შეუძლებელი იქნებოდა დასაბუთება, რომ არ მომხდარიყო რეაგირება ამ ფაქტებზე. ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი სხვა დანაშაულებრივი ქმედებისთვის“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.