ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე დაკავებულთა წრე იმის მიხედვით გაფართოვდება, რის შესაძლებლობასაც კონკრეტული საქმის მასალები იძლევა. შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლა გრძელდება, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ზოგიც ადმინისტრაციული დარღვევებია. მეზვრიშვილის განცხადებით, დავით კირკიტაძე და კიდევ ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად თავდასხმაში მონაწილეობდა, სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები.
„ასევე ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის გამო ორი პირია დაკავებული. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. წინასწარ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა მათ შორის რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, რადგან ვნახულობთ ვიდეომტკიცებულებებს, ვკითხვათ მოწმეებს. საზოგადოებამ კარგად იხილა კირკიტაძის ქმედებები. ამ ლოგიკით შეიძლება ყველა საქმეს დავუდოთ პოლიტიკური სარჩული. სამინისტროს მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე ადევნებს თვალს შსს–ს ქმედებას არჩევნების პერიოდში მომხდარ დარღვევებზე, იგივე სისხლის სამართლის საქმეებზე და ბოლოს ველისციხეში მომხდარ ფაქტზე, ნახავს, რომ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. ამავე ბრალდებით, კირკიტაძესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. საერთო ჯამში 4 ადამიანია დაკავებული. კირკიტაძეს ბრალი უკვე წაუყენს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს დილის 10:30 საათზე იმსჯელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში, იურისტები სამართლებრივი კუთხით იმუშავებენ, პოლიტიკოსები კი აქციებს გამართავენ.
„პატიოსნად გეუბნებით, იმედი მაქვს, რომ ნორმალურ, ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, რადგან არავითარი საფუძველი იმისა, რომ დავით კირკიტაძეს შეუფარდონ პატიმრობა, არ არსებობს. პატიმრობის შემთხვევაში, იურისტები გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ოპოზიცია გააგრძელებს პოლიტიკურ აქციებს, მერე ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ იქნება ისე, რომ დავით კირკიტაძე ამ სასამართლოდან გამოვა თავისუფალი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დეპუტატი ნიკანორ მელია, რომელიც დაკავების კანდიდატია, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა „პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ და ფორმიანმა დამნაშავეებმა“.
„ბრალში პროკურატურამ ჩაწერა, თითქოს, ავტობუსი, რომლის ძალისმიერი მეთოდითაც გადაწევას, დიახაც ვახორციელებდით, ვინაიდან უკანონოდ ჩაგვიხერგა გზა... დავით კირკიტაძე კლასიკური, პოლიტიკური პატიმარია. როცა თქვენთან ოჯახში შემოვარდება ფორმიანი და თავს დაგესხმით, ის პოლიციელი იქნება თუ ყაჩაღი? ჩვენ გზა უკანონოდ ჩაგვიხერგეს ფორმიანმა დამნაშავებმა და მათგან ვწმენდით გზას“, – განაცხადა ნიკანორ მელიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაძლოა, ის და ნიკა მელია დააკავონ. საქმე ეხება ველისციხეში მომხდარ აქციას, სადაც ნიკა მელია პოლიციის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. ასევე, უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ მელიას დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხი დადგება.
უმრავლესობის დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს ის დეპუტატია თუ არა.
„ნიკა მელია როგორც იქცევა, ასეთი არავინ მინახავს. თავხედი ბევრი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში, უტვინოც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი არავინ. ამხელა კაცი ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ოდნავ მაინც გეუხერხულებოდეს შენი საქციელის. ვიღაცა მაინც უნდა გეუბნებოდეს, რომ ასე არ უნდა იქცეოდე. არ ვიცი თავად, როგორ გრძნობს თავს ამდენი გინებისა და ცემა–ტყეპის მერე. ხან გააგდებენ, ხან გამოაგდებენ. პარლამენტში მარტო იმიტომ მოხვიდე, რომ დებოში ატეხო და პარლამენტიდან გაგაგდონ, ესაა დეპუტატობა? მე სხვა პოზიცია მაქვს.
დეპუტატი იქნება თუ პროფესორი, ჩადენილ საქციელზე კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს რა შთბეჭდილება დარჩება? ამჟამად არ ვარ საქმის კურსში, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის მოხსნა განიხილება. ადამიანი გამუდმებით ძალადობს და ალბათ, დადგება მანდატის მოხსნის საკითხი. მე, რასაკვირველია, მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ. მას არ უნდა ქონდეს დეპუტატის მანდატი და პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე, როგორც კანონი გადაწყვეტს ისე, გააჩნია რა წინადადებით შემოვა პროკურატურა“, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
მელიამ არ იცის შევა თუ არა პროკურატურა პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამბობს, რომ ზაზა პაპუაშვილს უკვე თეატრშიც აღარ ძალუძს თამაში.
„წარმოდგენა არ აქვს რა არის პოლიტიკა, რა არის სახელმწიფო და წარმოდგენა რა აქვს რა ფუნქცია აკისრია ამ ადამიანს. მგონი თეატრშიც აღარ ძალუძს თამაში. მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში რაღაცა ხო შეიძლება ადამიანს გაეკეთებინოს. ერთი მოქალაქისთვის მაინც რაიმე სიკეთე მოეტანოს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლებაა ასეთი, როგორიც დეპუტატი, ისეთი აღმასრულებელი ხელისუფლება, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ზაზა პაპუაშვილზე“, – აცხადებს ნიკანორ მელია.
ადამიანის დაჭერა არ უხარია, თუმცა თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს. კალაძესთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ოპოზიციამ ჩაიდინა.
„ადამიანის დაჭერა არავის უხარია. ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაუხარდეს?! თუმცა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა, შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ჩვენ ვიხილეთ. თუმცა, თითოეულ პოლიციელს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ საოცრად მოითმინეს, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და პოლიციელის მუნდირს ჩვენც უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კახი კალაძემ.
„იმ კადრების შემდეგ, როგორ სცემდა დავით კირკიტაძე პოლიციელს, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, მის სინდისზე იყოს“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომლის განცხადებით, კანონდარღვევაზე სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინონ.
„თუ ვინმე იმ კადრების შემდეგ, რომელიც ვიხილეთ ტელევიზიით, როგორ სცემდა კირკიტაძე პოლიციელს, კიდევ იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, მის სინდისზე იყოს ეს შეფასება. მე მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ როცა დანაშაული მოხდება, მას უნდა ჰქონდეს მყისიერი რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან, განურჩევლად რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.