ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების აგრესია ეკლესიისკენ მიმართოს

ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების აგრესია ეკლესიისკენ მიმართოს

პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების გამო ჩიხში შესული საქართველოს ხელისუფლება, დამნაშავეების გამოვლენის და დასჯის ნაცვლად იმის გარკვევას ცდილობს ვიდეოკადრები როგორ აღმოჩნდა ტელეეთერში. ამის პარალელურად, აქტიურად იღწვიან იმისთვის, რომ საზოგადოების დაუფარავი აგრესია ეკლესიაზე და პატრიარქზე გადავიდეს.

ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა, რომლებიც პატრიარქთან საკურთხეველში „საჭირო“ დროს შედიან ხოლმე, ამჯერად, სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში შესვლა თავად ვეღარ გაბედეს და ემისრებად სტუდენტები გამოიყენეს - 21 სექტემბერს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ქადაგებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საკურთხეველში პატრიარქთან შეიყვანა, რაც სამებაში მყოფმა არაფერთმა ადამიანმა დაინახა. სწორედ სტუდენტების საკურთხეველში შეყვანას მოჰყვა ის ქადაგება, რომელმაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია.

ყურადსაღებია ის ფაქტი, თუ ვინ მოექცნენ ყოველდღიურად მიმდინარე საპროტესტო აქციის სათავეში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას გარკვეულ საკითხებში ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეკლესიასთან და ე.წ. უმცირესობებთან მათი მიდგომა ხელისუფლებისგან დიდად განსხვავებული არ არის. სწორედ ამის გამო, ქართველი ერის დიდი ნაწილი მათდამი სიმპათიით განწყობილი არ არის.

პლუს ამას, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ დღეს, 22 სექტემბერს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გლდანის N8 საპყრობილეში მყოფ პატიმრებს მოინახულებდა.

ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ერთ მუშტად შეკრული „ნაცმოძრაობისგან“ ინფორმაცია გაჭირვებით, ან სულაც არ გამოდიოდა. სწორედ მათგან შევიტყვეთ ის, რომ ხელისუფლება პატრიარქის N8 საპყრობილეში სტუმრობის სათავისოდ გამოყენებისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა არაოფიციალურად დაგვიდასტურეს. 

დღევანდელი დღისთვის ხელისუფლებას შერჩეული ჰყავდა ის პირები, რომლებიც პატრიარქს მარჯვნიდან და მარცხნიდან ამოუდგებოდნენ და ტელეკამერების თანხლებით შემოივლიდნენ N8 საპყრობილეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ის, რაც 21 სექტემბერს გაუვიდათ, 22-ში ვეღარ გააკეთეს.

პლუს ამას, ხელისუფლება ერთი ხელით თავზე ხელს უსვამს და გულში იკრავს გარკვეულ სასულიერო პირებს, ხოლო მეორით მათ წინააღმდეგ სიცრუეს ავრცელებს. ჩვენი ინფორმაციით ამჯერად მეუფე კალისტრატეს შესახებ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს. for.ge შეგნებულად არიდებს თავს იმ ინფორმაციის გამეორებას, რომელიც მეუფე კალისტრატესთან დაკავშირებით შეთხზეს.

ხელისუფლება აშკარად ხედავს, რომ ქვეყანაში შიში გატყდა, უკვე იმ ადამიანებმაც გააკეთეს ხელისუფლებისათვის არასასურველი განცხადებები, რომლებიც აქამდე ითვლებოდნენ კარის მსახიობებად, მუსიკოსებად და ა.შ.

წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისეა ამ ხელისუფლების საქმე. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული არჩევნებამდე მშვიდად მისვლა, რაც სულაც არ ნიშნავს საპროტესტო აქციებზე უარის თქმას.