რადიკალიზმი და „ლოიალიზმი“ ქართულ საზოგადოებაში

რადიკალიზმი და „ლოიალიზმი“ ქართულ საზოგადოებაში

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში წარმოებდა ენერგიული კამპანია სამოქალაქო და პოლიტიკური რადიკალიზმის წინააღმდეგ. ამ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამთავრობო მედია (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, ტაბულა და სხვ.), სამთავრობო პარტიები (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქდმ, ედპ და სხვ.), სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები (კოალიცია ევროპული საქართველოსთვის, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვ.) და სამთავრობო ექსპერტები (გია ნოდია, ნიკა ჩიტიძე, თეა თუთბერიძე და სხვ.). ამ სუბიექტებმა, თავიანთი მიზანმიმართული და შეთანხმებული მოქმედებით, გარკვეულწილად წარმატებით შეძლეს რადიკალიზმი ცუდ ტონად და არარაციონალურ მოვლენად წარმოეჩინად. ტოტალური პროპაგანდის წყალობით, ლოიალიზმი გამოგვისახეს პოლიტიკური და ინდივიდუალური წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებად, ხოლო რადიკალიზმი არაპრესტიჟულ და დასავლური დემოკრატიული ცხოვრებისთვის უცხო მოვლენად.

სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ევროპელ მოქალაქეს ქართველი მოქალაქისგან განასხვავებს, სწორედ რომ რადიკალიზმია. ბრიტანელი, გერმანელი, ფრანგი, შვედი მოქალაქე რადიკალურად და მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ მანკიერებაზე, რომელიც მის სახელმწიფოსა და სოციუმში იჩენს თავს. ევროპელი მოქალაქე რადიკალური და სრულიად შეუწყნარებელია ისეთი მოვლენების მიმართ, როგორიცაა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების თვითნებობა, კორუფცია, ადამიანის უფლებათა დარღვევა და ა.შ. პოლიტიკური და სამოქალაქო გამოცდილების წყალობით, მან კარგად იცის, რომ თვალის დახუჭვა ნებისმიერ, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მანკიერებაზე, პრობლემას სისტემურ და ქრონიკულ ხასიათს შესძენს, რაც სახელმწიფოში მასშტაბური გარყვნილების დასადგურებას დაუდებს დასაბამს.

სამწუხაროდ, გამოუცდელმა ქართველმა მოქალაქეებმა ვერ ჩავაბარეთ დემოკრატიის გამოცდა და ვერ გამოვავლინეთ სათანადო რადიკალიზმი მზარდი სახელისუფლო გარყვნილების მიმართ. ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ევროპელი მოქალაქისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობა, როდესაც “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკას შესწირეს ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდა, როდესაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი და არ დასაჯეს მისი მკვლელები, როდესაც სიკვდილამდე მიიყვანეს სამართლიანობისთვის ბრძოლას შეწირული ირინა ენუქიძე.

ჩვენ ვერ გამოვავლინეთ სათანადო შეუწყნარებლობა აღვირახსნილი თვითნებობისა და კორუფციის, მასობრივი რეკეტისა და დაშინების მიმართ, რომელიც უკვე კარგა ხანია ჩვენი ხელისუფლების ცხოვრების წესად არის ქცეული.

ჩვენ ვერ გამოვავლინეთ სათანადო შეუწყნარებლობა, როდესაც გვიყალბებდნენ არჩევნებს და თავხდურად გვართმევდნენ არჩევანის უფლებას.

ჩვენ ვერ გამოვავლინეთ სათანადო შეუწყნარებლობა, როდესაც დაგვაბრუნეს ბოლშევიზმის ეპოქაში და დაგვყვეს მტრებად და ჩემიანებად.

ჩვენ ვერ გამოვავლინეთ სათანადო შეუწყნარებლობა პატიმართა ღირსების მასობრივი შელახვის მიმართ, რაც, სინამდვილეში, ყველა ჩვენგანისთვის უკვე კარგა ხანია იყო ცნობილი.

საბოლოოდ, ჩვენი ლოიალური დამოკიდებულებით, ჩვენ ყველამ ერთად შევუწყვეთ ხელი საქართველოში იმ მასშტაბური გარყვნილების დასადგურებას, რომელიც ახლა უკვე თითოეული ჩვენგანის ღირსებას და თავისუფლებას ხელყოფს. არადა, სახელმწიფოში გამოვლენილი პირველივე მანკიერების მიმართ ადეკვატური რადიკალიზმი და შეუწყნარებლობა რომ გამოგვევლინა, ვინ იცის, რამდენ ადამიანს გადავარჩენდით სიცოცხლისა და ღირსების ხელყოფისგან, ვინ იცის, რამდენად უფრო განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით დღეს თითოეული ჩვენგანი.

ახლა, როდესაც ხელისუფლების მანკიერი სახე სრულად არის გამომზეურებული, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, გამოვიჩინოთ პრინციპულობა და ევროპული ტიპის რადიკალიზმითა და შეუწყნარებლობით, მისი გარყვნილება ჩვენი პოლიტიკიდან და საზოგადოებიდან საბოლოოდ ამოვკვეთოთ.

რადიკალური ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება რადიკალიზმის ყველაზე მძიმე და სამარცხვინო გამოვლინებაა. დემოკრატიის პრინციპისა და ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის მიმართ რადიკალიზმი და შეუწყნარებლობა არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებამდე მიგვიყვანს!