გახარია მელიას დანაპირებს უსრულებს

გახარია მელიას დანაპირებს უსრულებს

ველისციხის შემდეგ, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები გომბორის შემოვლით გზაზე იკრიბებიან, სადაც მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციის მონაწილეებს გომბორის მიმართულებით დაძვრისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ მოუწოდა, რომლის განცხადებით, პოლიციელები მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან ბურჟუაზიას, ემსახურებიან იმ რამდენიმე მდიდარ ადამიანს, რომლებმაც დაარქვეს ამ მასკარადს ინაუგურაცია.

„პოლიცია დღეს ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არ იცავს მოქალაქეების უფლებებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები არიან იმათ სამსახურში, ვინც დღეს არ ითვალისწინებს მოქალაქეების ინტერესებს. ივანიშვილმა პოლიციის სტრუქტურა საქართველოს მდიდარი ადამიანების მსახურად აქცია“, – განაცხადა დავით კირიტაძემ.

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერის, დეპუტატ ნიკანორ მელიას, ზაალ უდუმაშვილისა და გიორგი ვაშაძეს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხელმძღვანელობდნენ დაპირისპირებას, რომლის ეპიცენტრი ჯერ ველისციეხე იყო და შემდეგ თელავი. აქციის მონაწილეება დაამტვირეს დეპუტატების მანქანები, მათ შორის სამიზნე იყო პოლიცია. დაზიანებულია საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

„თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან, ყვარლის გავლით, მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა“, – აცხადებს მამუკა ჭელიძე.

სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და პოლიციის მაღჩინოსნებს შორის დაპირისპირება რამოდენჯერმე მოხდა. დაპირისპირება მოხდა ნიკანორ მელიასა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს შორის. ამის შემდეგ დაპირისპირება მოხდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის. დეკანოიძემ შს მინისტრის მოადგილე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოსთხოვა კონკრეტული პასუხი, თუ რის გამოა ველისციხეში მოძრაობა გადაკეტილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ვინაიდან, უწყებამ აქციის მონაწილეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რითაც დაირღვა ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საპასუხოდ, კახაბერ საბანაძემ აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძე ინფორმაციას ამახინჯებს და განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზა გამოყო, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეები თელავში მისვლას შეძლებდნენ. მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მათთვის გამოყოფილი იყო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მოხდებოდა მათი გადაადგილება, რათა საავტომობილო მოძრაობის შეფერხება არ მომხდარიყო თელავში, რაზეც ხატია დეკანოიძემ უპასუხა, ის ალტერნატიული გზა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ასახელებს, პოლიციას ჰქონდა ჩახერგილი.

„უტიფარო, მატყუარა და ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო! შენ რაც დღეს გააკეთე, ამით შეურაცხყოფა მიაყენე საკუთარ თავს, ხალხს კი არ მიაყენე შეურაცხყოფა, საკუთარ თავს“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ შს მინისტრს.

„მთელმა მსოფლიომ დაინახა დღეს თქვენი სახე. თქვენ ნუ გგონიათ, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის რაიმენიარად პლუსია, თქვენ შეირცხვინეთ თავი კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მოიჭერით თავი, რომ თქვენი ტყუილები, კიდევ ერთხელ, მთელი საქართველოსთვის გახდა ნათელი. აღარ გამოგივათ ეს ტყუილები კახეთიდან რომ დაიწყეთ, პატარა ბავშვის სიკვდილი რომ დაგვაბრალეთ და სიბინძურეებით, მაიმუნობებით რომ დაიწყეთ, გგონიათ, კიდევ გააგრძელებთ დიდხანს ამ ტყუილებით?!

ხალხს ვერავინ დაუდგება წინ... ბევრს ვერ გასტანენ ესენი, იმიტომ, რომ ჩვენ შექმნილ პოლიციას დღეს აიძულეს, უკანონო ბრძანებები შეესრულებინათ. ამათმა ძალიან კარგად იციან და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გული სტკივათ ამათაც. ამ ბიჭებს ამდენი შეურაცხყოფა რომ მიაყენა ივანიშვილმა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს, აუცილებლად მიუჩენს თავის ადგილს“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძე.

ოპოზიციის ლიდერების ქმედების საპასუხოდ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სადაც იქნება სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც. მისი თქმით, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც დღეს სხვადასხვა წერტილში განხორციელდა, სამართლებრივად იქნება გააანალიზებული. როგორს შს მინისტრმა განაცხადა, დღეს სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოითმინეს.

„მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის – დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ.

განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ბოლოს შს მინისტრს სახალხო დამცველმა შს მინისტრს მოუწოდა, რომ უზრუნველყოს მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება თელავის მიმართულებით მანიფესტაციის გამართვის მიზნით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აკვირდება მოვლენებს და შეისწავლის მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს.

„ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

თავის მხრივ, შს მინისტრმა ომბუდსმენს შეახსენა, რომ პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ სურვილი ავტომობილებით თელავის ცენტრის ბლოკირება მოეხდინათ და ჩაეშალათ ინაუგურაცია.

„სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა, მაგრამ მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.