„ვხედავთ, რომ არიან „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული „ნაციონალები“, არიან ექსპორტირებული „ნაციონალები“ – „ევროპული საქართველო“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის შეფასებით, ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას საზოგადოება უყურებს, როგორც პოლიტიკურ დებატებს.
გიორგი მარგველაშვილმა 5 წლიანი შეფასებისას აღნიშნა, რომ გაუგებარია რა პოლიტიკური სისტემა არსებობს ქვეყანაში, რომელშიც პრემიერ–მინისტრები თანამდებობებს რატომ ტოვებენ გაუგებარია. პრეზიდენტის თქმით, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო. მისი თქმით, ივანიშვილის ამ ნაბიჯით უმთავრესი პრობლემა მოგვარდება და კითხვაზე - რა როლი ეკისრება ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაღალი თანამდებობის პირები დაბნეული, უხერხული სახეებით და დაბნეული ღიმილით აღარ უპასუხებენ.
ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სააკაშვილთან შეკრულს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყნის გადატრიალებას გეგმავდა, მაგრამ როგორც მარგველაშვილი აცხადებს, შეძლო და გახდა ზეპარტიული პრეზიდენტი. როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებების ფონზე უწევდა შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები, მან მოახერხა ის, რომ არ მოექცა პარტიული გავლენების ქვეშ.
„მე გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი, პირველივე დღიდან მე მეძახდნენ სააკაშვილთან შეკრულს. ძალიან სერიოზული თანამდებობის პირები მოითხოვდნენ გამოძიებას რაღაც საიტზე ატვირთულ ინფორმაციაზე, რომ ვხვდებოდი სააკაშვილს და ვაპირებდი ქვეყანა გადამეტრიალებინა. ამ ფონზე მე შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი. მაშინ, როდესაც საჭირო იყო, ვიყენებდი ვეტოს უფლებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, მარგველაშვილი იხსენებს, რომ იყო შემთხვევები როდესაც პატიმრის შეწყალების დროს მას საყვედურობდნენ, რომ შეწყალებული პირის ძმა იყო „ნაციონალი“ და ის საპყრობილედან ამ მოტივით არ უნდა გამოეშვა. პრეზიდენტის თქმით, მას არც დღეს არ მიაჩნია რომ ნარკოტიკების გამო ვინმე ციხეში უნდა იჯდეს.
„შეცდომები იყო დაშვებული შეწყალების პროცესში, თუმცა კრიტიკა რომელიც ჩემს წინააღმდეგ მოდიოდა უმეტესწილად იყო უსაფუძვლო და არაკომპეტენტური. პარტიული ნიშნით გადაწყვეტილება არასოდეს არ მიმიღია. უბინძურესი კამპანია აწარმოეს ჩემს წინააღმდეგ ისე, რომ არც იციან რაზე ლაპარაკობენ. მემკვიდრეობით გადმოვიბარე უსამართლო პენიტენციალური სისტემა და ვცდილობდი ამ მიმართულებით მებრძოლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამი მიმართულებით დამდო ბრალი. მათ შორის საუბარი იყო კორუფციაზეც. ანუ კორუმპირებულია და იმიტომ აკეთებს ამასო. ან სახელმწიფოს მიზანმიმართულად ასუსტებსო, და ან კიდევ რაღაც, აღარ მახსოვს. სამივე იყო სისხლის სამართლის საქმე. მოვითხოვე, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე წასულიყო პროკურატურაში და აღეძრათ საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ შეწყალებების მიმართულებით ჩადენილი სახელმწიფო დანაშაულებების მიმართულებით. ბუნებრივია, ეს ვერ გააკეთეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებას არ იზიარებს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ცდილობს კუდი მოიქნიოს.
„ეს არ არის ღირსეული საქციელი. მე არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას გულისხმობს პრეზიდენტი არ ვიცი. გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იავნიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი.
„დღეს გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ–მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად კანონებს ვეტოს ადებდა და ამ ბავშვურობამ, მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო.
„პირადად მე, გიორგი მარგველაშვილი დამამახსოვრდა როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ამ გაუგებარი ინსტიტუტისთვის, რასაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია, რაც შეიძლება მაღალი სტატუსი ჩამოეყალიბებინა. მიმაჩნია, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც მოხვდა, ეს მარგველაშვილის სრულიად ბუნებრივი რეაქცია იყო“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, გაჩნდა რაღაც ბავშვური მომენტები, როდესაც სიმყარის, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად, ვეტოს ადებდა იმას, რისთვისაც ვეტოს დადებას აზრი არ ჰქონდა, რადგან უმრავლესობა მაინც თავისას გადაწყვეტდა.
„ამ სიჯიუტემ, ცოტა ბავშვურობამ, მოსახლეობის დიდ ნაწილში მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო, თორემ თავისთავად, თუ ამ მოვლენას, როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, გაგებით მოეკიდები, ალბათ, ვეტოები ასე თვალშისაცემი აღარ იქნება. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციამ კიდევ უფრო რთული პირობები არგუნა და ის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნება“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ მარგველაშვილმა სწორად გაუსვა ხაზი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის აუცილებელი, გარკვეულწილად მან დააგვიანა და აგვიანებს ახლაც.
„იქ სადაც დაბრუნდა ივანიშვილი, ეს არ არის პოლიტიკაში სრულფასოვანი დაბრუნება. თუ რაიმეს გაკეთება უნდა, უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც იმართება პოლიტიკა. პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ერ შეძლებს ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას. პირიქით, ხელს შეუშლის ქვეყნის მართვას და სწრაფ განვითრებას, ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოყვანას, სადაც ქვეყანა აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში აბსოლუტური თანხვედრაა ჩემი და მარგველაშვილის პოზიციის“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხა მარგველაშვილის პრეზიდენტობას, ექსპერტს მიაჩნია, რომ კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, იმ მოვალეობებს, რაც მას კონსტიტუციამ განუსაზღვრა. ძაბირაძის განცხადებით, მარგველაშვილმა მოახერხა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი პრეზიდენტი, ორივე პოლიტიკური ძალა მას ერჩოდა, გაუძლო ამ ზეწოლას და ნორმალურად მიიყვანა თავისი პრეზიდენტობის ვადა ბოლომდე.
„შექმნა მოდელი იმისა, როგორი უნდა იყოს ინსტიტუციონალურად პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის მიმართ ოპოზიციას და პოზიციასაც კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და საკმაოდ რადიკალური. რეალურად, შინაგანად ორივე მხარე აღიარებდა, რომ მარგველაშვილი იყო დამოუკიდებელი და თვითონ ღებულებდა გადაწყვეტილებას. მარგველაშვილმა შეძლო, რომ მეტ–ნაკლებად ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად ხანდახან ზედმეტად აგდებული დამოკიდებულებისა.
იყო კიდევ ერთი მომენტი, საზოგადოებაში თავიდანვე ნეიტრალური იყო დამოკიდებულება მაგრგველაშვილისადმი. განსხვავებული ვითარება აქვს ზურაბიშვილს და სხვა პოლიტიკური ვითრებაც არის. თუ მარგველაშვილის გაპრეზიდნეტობის დროს დომინატი იყო „ქართული ოცნება“, დღეს სხვა გარემოა შექმნილი.
ამომრჩეველის თანაბარი მხარდამჭერი ჰყავს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა ეცადოს ზურაბიშვილი, ის მაინც ვერ იქება გამაერთიანებელი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მხადამჭერის პირობებშიც მან ვერ შეძლო პირველ ტურში გამარჯვება. ამიტომ, ზურაბიშვილს ძალიან გაუჭირდება იყოს ყველას პრეზიდენტი“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.