„მიზერული წვლილისთვის მაძლევდა ორდენს და ამაზე უარი მეთქვა?“

„მიზერული წვლილისთვის მაძლევდა ორდენს და ამაზე უარი მეთქვა?“

პოეტ ტარიელ ჭანტურიას, როგორც თავად ამბობს, ბრწყინვალების ორდენის დაბრუნების შესახებ არაერთგზის უფიქრია, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ეს იაფფასიან ქმედებად მიაჩნია. ამის მიუხედავად, პოეტს ამ დღეებში პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ლექსი დაუწერია. For.ge-სთან საუბარში ტარიელ ჭანტურია სისხლიანი 26 მაისის მომდევნო დღეს გამართულ აღლუმს იხსენებს, როცა მან, ისევე, როგორც ზოგიერთმა ხელოვანმა, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღო, რამაც მის მიმართ კითხვები გააჩინა. თუმცა, როგორც ახლა იგი ირწმუნება, წინა ღამით მომიტინგეების დარბევის შესახებ მან არაფერი იცოდა.

ციხეებში პატიმრების მიმართ ღირსებაშემლახავი საქციელის შემდეგ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხელოვანებიც კი უარყოფითად განეწყვნენ. თქვენ რა განცდა დაგეუფლათ

- ამ ფაქტს ვერ შევაფასებ ისე, რომ ობიექტური კაცი ვიყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ დღეს ცუდად გავხდი. დედაჩემი და მამაჩემი, ერთი ერთ ციხეში იყო გამომწყვდეული და მეორე - მეორე ციხეში. როცა სკოლის მოწაფე ვიყავი, ჩემი მშობლები სკოლაში არასდროს დაუბარებიათ, მე პატიმრების შვილი გახლდით. თუ რატომ და როგორ იყო, ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ამ კადრების ხილვისას ჩემი პირველი საფიქრალი ის იყო, რომ წარმოვიდგინე დედაჩემისა და მამაჩემის მდგომარეობა ციხეში. სულ ერთია, ეს კომუნისტების დროს ხდებოდა, თუ ყველაფერი ეს თავისუფალ, ლიბერალურ, დემოკრატიულ საქართველოში ხდება. ეს არის შემზარავი და ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.

ამ კადრების შემდეგ ჩვენი მოსახლეობა აღშფოთებულია, ისინი ხელისუფლების გადადგომასა და მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ, რადგან ამ ყველაფერს მათი ნების გარეშე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლები არ გააკეთებდნენ.

- ყველაფერი დღესავით ნათელია. უფრო სწორად, ყველაფერი ღამესავით ბნელია. დამთავრებულია ყველაფერი. აბა რა, დამნაშავე არ უნდა წავიდეს? წუთით რომ წარმოიდგინოთ, მსგავსი გაუგონარი რამ მომხდარიყო პარიზში, ლონდონში, მადრიდში, რომში, როგორ გგონიათ, რითი დამთავრდებოდა?

ხელისუფლების გადადგომით, მაგრამ აქ არ აპირებენ წასვლას.

- დიახ, მაგრამ ჩვენ ამ საქმეში უმწეონი ვართ და ვერაფერს გავაკეთებთ.

მაგრამ, ალბათ, თქვენი მოწოდებაც მათი გადადგომაა.
- ყველა მთავრობა ასე უნდა მოიქცეს. მე რომ ვიყო, მე გადავდგებოდი. ხათუნა კალმახელიძის გადადგომა ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. კალმახელიძე ჩემთვის ისედაც გადამდგარი იყო.

თქვენ აქამდე ხელისუფლების მომხრედ ითვლებოდით, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი აზრი არ გამოგითქვამთ

- ჩემი ძვირფასო, მწერალს არ აქვს უფლება, ან ამ პრეზიდენტის ბანაკში იყოს, ან იმ პრეზიდენტის ბანაკში. პოეტი უნდა იყოს მარადიული საქართველოს ბანაკში და მარადიული საქართველო ასწავლის მას, როდის და ვის ბანაკში იყოს.

მაგრამ მარადიული საქართველო არ მიიღწევა, თუ მწერლები სამართლიანობის გვერდით არ დადგებით.

- გასაგებია, მაგრამ შენი კრიტერიუმები იმ მარადიულ საქართველოზე ფიქრის მიხედვით უნდა შედგეს. რა სჯობს იმ მარადიული საქართველოსთვის? მერე კიდევ ორდენიო, - რომ მეუბნებიან. კომუნისტების დროს გურამ ფანჯიკიძე იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. მან დამიძახა და მითხრა, ღირსების ორდენს გაძლევს ბატონი ედუარდი. კატეგორიული წინააღმდეგი წავედი, რადგან მანამდე ასეთი ჩანაწერები მქონდა - „დინოზავრიდან დიზაინამდე“. იქ მე მქონდა ასეთი სიტყვები - შენ, ეი, მეორდენე კაცო, რომ არიგებ მაგ ორდენებს, მე არ მომცე, სულ ერთია, არ ავიღებ-მეთქი. ეს სიტყვები შევარდნაძის მისამართით იყო ნათქვამი. სამჯერ იყო დაბეჭდილი ჩემი ეს განცხადება. მოკლედ, არ ავიღე ეს ორდენი და ჩემს სიცოცხლეში არ მქონია არანაირი ორდენი, მედალი, გარდა იმისა, რომ სკოლის დამთავრებისას მქონდა ოქროს მედალი და მოგვიანებით უკვე რუსთაველის პრემიის ლაურეატის ოქროს მედალი მივიღე.

26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ თქენს მიერ აღებულმა ბრწყინვალების ორდენმა საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

- ცოტა შორიდან დავიწყებ. მურმან ლებანიძის გარდაცვალების შემდეგ მე რუსთაველის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით. პრეზიდენტი სააკაშვილი ადგა და გააუქმა რუსთაველის პრემია. ეტყობა, გოკა გაბაშვილმა, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ასეთი სისულელე ურჩია და რუსთაველის პრემია გააუქმეს. რუსთაველის პრემიის ლიკვიდაციის შესახებ რუსთაველის პრემიების კომიტეტში განკარგულებაც მოგვივიდა. განა შეიძლება, რუსთაველი და ლიკვიდაცია ერთად ახსენო?! მე ჩავთვალე, რომ „24 საათი“ სამთავრობო გაზეთი იყო, ამიტომ ამ გაზეთში გამოვაქვეყნე სტატია და ამ თემას შევეხე: „კი, მაგრამ, შე კაი ადამიანო, მრჩეველი არ გინდა-მეთქი? დავით აღმაშენებელს რომ გამოაკლო ჭყონდიდელი, დარჩება ერთი გულადი, მეომარი ბიჭი-თქო“. წარსულის, ისტორიის, სახელის მქონე პრემიების გაუქმება რომ საჭირო ყოფილიყო, მაშინ ფრანგები არ გააუქმებდნენ გონკურების პრემიას, შვედები - ნობელის პრემიას, იტალიელები - გრამს?! და ჩამოვუთვალე ასე პრემიები. არაფერი უთქვამს სააკაშვილს და სასწრაფოდ აღადგინა რუსთაველის პრემია. იმ წერილში, ასევე, მეწერა, მე პირადად, ქუდი რომ შემიგდოთ რუსთაველის პრემიების კომიტეტში, ფეხს აღარ შევდგამ-მეთქი. რატომ, კაცო, რა მოხდა, გამოცდილების გაზიარება საჭიროაო და მეც დავთანხმდი. თუმცა რა დავინახე, იცით? ამ ცხრაკაციან ჟიურის კიდევ ოთხი კაცი დაუმატეს - კულტურის მინისტრი, მისი მოადგილე, განათლების მინისტრი მოადგილითურთ. ე.ი. ეს ოთხი ხმა, ამას ემატებოდა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეც, რომელიც, გინდა, არ გინდა, მთავრობის კაცია. დაირღვა ბალანსი და პრემიები მიანიჭეს მათ, ვისთვისაც უნდოდათ. ასე რომ, რუსთაველის პრემიები მათთვის სათამაშო გახდა.

რაც შეეხება 26 მაისს, ერთ-ერთ გაზეთში ჩემს შესახებ ტყუილები დაიწერა, თითქოს მე ვთქვი - „ავიღე პრემია და „ავითესე-მეთქი“. სინამდვილეში, არ არის ეს ჩემი სტილი, ჩემი საუბრის მანერა, მაგრამ ყვითელ პრესასთან კამათი არ მიცდია.

მოგვიანებით ბრწყინვალების ორდენის აღება არ გინანიათ?

- შეიძლება, მე მომივიდეს შეცდომა, მაგრამ, აგერ, ჩემი ოჯახის თანდასწრებით ვარ, და ვიფიცებ ჩემს შვილებს, მე არაფერი ვიცოდი, დაღლილი ვიყავი და საღამოს ადრე დავწექი. დილით, როცა მითხრეს, ორდენი უნდა მოგცენო, ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, სამჯერ მაქვს ეს ტექსტი გამოქვეყნებული: შენ, ეი, მეორდენე კაცო... და ამიტომ გავიფიქრე, ეს ტექსტი გასაგები იყო კომუნისტების დროს. მოქალაქეთა კავშირში მყოფი ჩემი ამხანაგები ახლა თავს რომ დებენ, მე მაშინ, კომუნისტების დროს, არ მიმიღია არცერთი ორდენი. ამ დროს, რაც კი მიწერია რუსეთზე, კომუნისტებზე და უბედურებაზე, მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი ოცნება მქონდა, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო მეხილა. და სწორედ ამ თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს ოცი წლის თავზე, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი მე, ქართველ მწერალს, ქართულ მწერლობაში, პოეზიაში შეტანილი მიზერული წვლილისთვის მაძლევდა ორდენს და მე ამაზე უარი მეთქვა? ვინც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, პოეზიაში შეტანილი მიზერული წვლილისთვის ის მე ორდენს მაძლევდა. როგორც კი ამაზე უარს ვიტყოდი, ავტომატურად რომელიღაც პარტიის, ოპოზიციის წევრი გავხდებოდი. მე ეს არ მინდოდა. ახლაც ასე ვფიქრობ, არანაირ პარტიასა და გაერთიანებაში არ უნდა ვიყო არასოდეს.

ამ ყველაფერს 26 მაისი უძღოდა და რამდენად თავისუფალ საქართველოში გრძნობდით თავს, როცა წინა ღამით მიტინგი სასტიკად დაარბიეს?

- არ გამიგია, იქ რა მოხდა. ადრე დავწექი, დილით ავდექი და წავედი აღლუმზე. როცა მივედი, ბავშვებს ვფიცავარ, იქ სიტყვაც არ თქმულა ამის შესახებ.

იქ ვინ იტყოდა? ნაციონალების გარემოცვაში იყავით და ხომ არ იტყოდნენ, დავარბიეთო?

- გიორგი ვაშაძე რომ არის, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მე და მან იქ მოვკარით ამ ამბავს ყური. ამის შესახებ ვიღაცამ თქვა, მერე დავინტერესდით და ასეთნაირად გავიგეთ ეს ამბავი. იქ უკვე ორდენების დარიგება მიმდინარეობდა.

საინტერესოა, თქვენ არ იცოდით და ოჯახის წევრებმაც არ გითხრეს, მაგრამ გიორგი ვაშაძემაც არ იცოდა? ისიც ინფორმაციულ ვაკუუმში იყო 21- საუკუნეში?

- არ ვიცი, არავის არაფერი უთქვამს. თვითონ ჩემმა ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. სახლში რომ მივედი, შეწუხებული ვიყავი, მაგრამ რა უნდა მექნა?!

ამ ორდენის მიღების შემდეგ ერთგან ინტერვიუში ბრძანეთ, ჩემი სისუსტეები მჭირსო. ეს საზოგადოებამ ასეთნაირად აღიქვა, სისუსტეებზე ხომ არ დაიჭირეს ტარიელ ჭანტურია?

- არავითარი, მაშინ ავტომატურად გამოვდიოდი ოპოზიციის წევრი. არც ოპოზიციის წევრობა მინდა, არც მთავრობის წევრობა. თავის დროზე, როცა გენსეკად დანიშნეს ანდროპოვი, თურმე ანდროპოვსა და შევარდნაძეს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ შევარდნაძემ, ცეკას პირველმა მდივანმა, გადაწყვიტა, რაღაცით თავი მოეწონებინა ანდროპოვისთვის. ამ მიზნით პარტიაში იმ ადამიანების მიღებას შეეცადა, რომლებიც არასდროს ყოფილან პარტიაში. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ვერ იტანდნენ კომპარტიას, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე მოვიდა სათნოების განსახიერება, უპატიოსნესი კაცი, ბრწყინვალე კომუნისტი - ანდროპოვი იხუვლა მთელი ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილმა, არაპარტიულებმა, და შეცვივდნენ პარტიაში. ამ მიზნით შეადგინეს სია და ამ სიაში მწერლებიდან მოვხვდით სამნი - ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე და მე. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ დაგვიბარა. იმდენად დარწმუნებული იყო ნოდარი, რომ ჩვენ ამ შეთავაზებაზე უარის მთქმელები არ ვიყავით, რომ საჯაროდ, სხვების თანდასწრებით, გამოგვიცხადა - ახლა თქვენ დაწერეთ განცხადება და შეხვალთ კომუნისტურ პარტიაში. ჭაბუა, შენ დაინიშნები დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორად, შენ, ჩემო ოთარ, დაინიშნები „მნათობის“ რედაქტორად და შენ, ჩემო ტარიელ, „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორადო. ახლა არაფერი არ დამელაპარაკოთ და ხვალ ათ საათზე მწერალთა კავშირში მოდითო. მთელი ღამე არ დამიძინია, რის კომუნიზმი, რის კომუნისტობა?! დედაჩემისა და მამაჩემის ციხეების მერე კომპარტია მინდოდა? მივედი დილით, გზაში შემხვდა ჭაბუა, მანქანაში ჩავსხედით, რა ქენი, ჭაბუა-მეთქი? - 17 წელი კატორღაში ვიყავი, ოთხი „პაბეგი“ მაქვს, ჩემი ტანჯვა-წამება მეყოფა და, აგერ, წაიკითხეო. ჭაბუას ლამაზი ხელწერილით დაწერილი ჰქონდა განცხადება - ჩემი ასაკის კაცი პარტიაში რომ შევა, ცხადია, იგი ამას კარიერისტული მოსაზრებით ვერ გააკეთებსო და დათანხმებულა. ახლა მე შევედი ნოდართან. რა ქენი, ძამაო?! მე ვუთხარი, ნოდარ, 65 წლის გაუთხოვარ მამიდას ბედი რომ გამოუჩნდება, თვენახევარი არ დაფიქრდება-მეთქი? ნოდარმა მითხრა, თქვენ მოლაპარაკებულები ხომ არ ხართო?! თურმე 15 წუთით ადრე ყოფილა შესული ოთარ ჭილაძე და მასაც იგივე უთქვამს, ჩემო ნოდარ, 60 წლის გაუთხოვარ დეიდას ბედი რომ გამოუჩნდეს, არ დაფიქრდებაო? შვილებს გეფიცები, შემთხვევით მოხდა ეს სასაცილო დამთხვევა. მოკლედ, უარი ვუთხარით. ნოდარს ხუმრობა უყვარდა და მეც ვუთხარი, ჩემო ნოდარ, პარტია კარგი რომ ყოფილიყო, თამაზა ჭილაძე ოთარ ჭილაძეს შეიყვანდა-მეთქი. ახლა ასეთი ისტორიის კაცს რომ მიადგები და ეროვნული მოძრაობის „პონტიდან“ დაუწყებ ლაპარაკს, შენ, გუშინდელი ცეკას ინსტრუქტორი, გუშინდელი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის, ანუ შევარდნაძის მოადგილე, გუშინდელ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე (ვინც იყო, მიხვდება), რომელთა უჯრებიც გადატენილია წითელი ჯვრის ორდენით, ლენინის, საპატიო ნიშნის ორდენით, ეს ხალხი ლაპარაკობს თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ხელიდან ცხოვრებაში ერთხელ მიღებულ ორდენზე?! თქვენ გგონიათ, მიჭირს ამის დაბრუნება?! მაგრამ როგორც კი ამას გავაკეთებდი, მაშინვე ავტომატურად ვიწყებდი ცხოვრებას ოპოზიციონრებში.

პროტესტის ნიშნად მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა ღირსების ორდენზე უარი განაცხადა. თქვენ თუ გიფიქრიათ ამის თაობაზე?

- როგორ არ მიფიქრია, მაგრამ არ მინდა, ასეთი იაფფასიანი ქმედებებით არ მიცხოვრია. იმის გამო, რომ ვიღაცამ დააბრუნა, ვიღაცების ჭკუაზე არ დავდივარ. არც ამ პრეზიდენტის ბანაკში მინდა ვიყო, არც იმ პრეზიდენტის. მე ვარ მარადიული საქართველოს ბანაკში. არაფერი მიჭირს, მოვისროდი, გადავაგდებდი ამ ორდენს, მაგრამ „დეშოვი“ მოქმედებებით ცხოვრება არ მსურს.          

ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბრის დარბევა, ჩაბარებული მიწები, მათ შორის, კოდორი, სამაჩაბლო. ამის გამოც ხომ არ გაგიჭირდათ მედლის მიღება?

- „ლიტერატურულ გაზეთში“ ოცი დღის წინ დავბეჭდე ლექსი, სადაც პრეზიდენტი მყავს ნახსენები. ასეთი რამ მეწერა, - ილიას სხვა წყალი არ გაუსინჯავს, გარდა თერგის, და მან უთხრა რუსეთის ხელის შემყურე ქართველებს, - გადადექი. ამიტომ გადადექი, გადადექი, შენ კიდევ, რა მოგივიდა, შე კაი, ადამიანო, პრეზიდენტი ხარ თუ ვინც ხარ-მეთქი, გადადექი, გადადექი. ამ ლექსში სიტყვა „გადადექი“ გამოყოფილი დიდი შრიფტითაა დაწერილი. მაგრამ ამის შესახებ სააკაშვილის რეაქცია როგორია არ ვიცი. როცა არ უნდათ, არც ლაპარაკობენ.