„დიახ, ნაციონალებმა მომიკლეს დედა!“

„დიახ, ნაციონალებმა მომიკლეს დედა!“

„რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ ია კერზაიას გარდაცვალებას დააბრალებს მოქმედ ხელისუფლებას, იმდენჯერ ვიტყვი, დიახ, სააკაშვილის რეჟიმმა მომიკა დედა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიციის მაიორი ხათუნა ნოზაძე, რომლის დედა „ნაციონალური მოძრაობის“ საკადრო პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა. ისტორია, რომელზეც ნოზაძე ჰყვება ძალიან მძიმეა, მაგარამ ამავე დროს კარგად ასახავს ყოფილი ხელისუფლების რეალურ სახეს - როგორ უსწორდებოდნენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს.

for.ge ხათუნა ნოზაძეს ესაუბრა.

ხათუნა, თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ ასეთი ფრაზა –„რამდენჯერაცნაციონალური მოძრაობა“ ია კერზაიას გარდაცვალებას დააბრალებს მოქმედ ხელისუფლებას, იმდენჯერ დავაბრალებ დედაჩემის სიკვდილს. დიახ, სააკაშვილიმერაბიშვილის რეჟიმმა მომიკლა დედა“. რატომ ადანაშაულებთ ყოფილ ხელისუფლებას დედის გარდაცვალებაში, სად იკვეთებანაციონალური მოძრაობისბრალეულობა თქვენს ტრაგედიასთან?

ხათუნა ნოზაძე: ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლება. არ მინდა, რომ ადამიანები უმიზეზოდ განთავისუფლდნენ სამსახურიდან. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი იას შემთხვევაში ჩატარდება გამოძიება, დადგინდება, რა და როგორ იყო. მე პირადად გამაღიზიანა „ნაციონალების“ უტიფარმა ბრალდებამ. რასაც წლების განმავლობაში თვითონ აკეთებდნენ, ახლა ამას ხელისუფლებას აბრალებენ. პირადად მე რაც 2008 წელს გამიკეთეს, ამის შემდეგ საერთოდ როგორ საუბრობენ პოლიტიკურ ანგარისწორებაზე?!

მოდით, დეტალურად მოგვიყევით რა მოხდა 2008 წელს?

– თქვენ იცით, რომ ჩემი ძმა, გიორგი ნოზაძე მუშაობდა სამთავრობო დაცვაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ირაკლი ოქრუაშვილის გენერალური პროკურორობის დროს იყო, მისი დაცვის უფროსი, შემდეგ იყო ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი და სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის დაცვაც. მაგრამ როდესაც გიორგი გარდაიცვალა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წამოვიდა საშინელი შეტევა ჩემზე.

რატომ? თქვენ მაშინ შსსში მუშაობდით...

– შსს–ში 18 წელი ვმუშაობდი. იმ პერიოდში ვიყავი პოლიციის მაიორი, არასოდეს არ მქონია გადაცდომა და საყვედური. ვიყავი მთავარი სპეციალისტი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მალევე წავიდნენ ხელისუფლებიდან ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, გაეყარნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე შსს–ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხელზე დაიხვია ის, რომ თითქოსდა მე ვიყავი ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ოქრუაშვილის აგენტი.

იმიტომ, რომ თქვენი ძმა იყო ბურჯანაძის და ოქრუაშვილის დაცვის უფროსი?

– დიახ. ჩემი ძმა მუშაობდა სამთავრობი დაცვაში, აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო. მე არ დავიწყებ ჩემს ძმაზე საუბარს, მაგრამ ვინც იცნობდა მას, ყველა დაგიდასტურებთ, რომ მისთვის უმთავრესი იყო საკუთარი უფლებამოვალეობა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ზეწოლა, რომ დამეტოვებინა სამსახური. პირდაპირ მეუბნებოდნენ – დატოვე სამსახურიო.

ვინ გეუბნებოდათ ამას, უშუალოდ შს მინისტრი, თუ ადმინისტრაციის უფროსი?

– შოთა ხიზანიშვილმა მითხრა, ახალი სისხლი მჭირდებაო. ახალი სისხლი კი არ სჭირდებოდათ, მაგათ ბინძურ დავალებას არ ვასრულებდი და ეს იყო მიზეზი. მაშინ შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი და თურმე მინისტრმა იცოდა, რომ პიარში მუშაობს ადამიანი, რომლის ძმაც მუშაობდა ხან ბურჯანაძის დაცვის უფროსად, ხან ოქრუაშვილის. სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, ხელს არ მკიდებდნენ. გიორგი რომ გარდაიცვალა, დაცვის სამსახური და იგივე ნინო ბურჯანაძე დაუდგა ჩემს ოჯახს გვერდში. დღესაც ბურჯანაძეს თავის სამუშაო კაბინეტში ჩემი ძმის სურათი უდევს. მარტო იმიტომ ვცემ უდიდეს პატივს, რომ ჩემს ძმას ასე აფასებს.

რაც შეეხება დედაჩემს, იგი გიორგის გარდაცვალების შემდეგ ფსიქიურად დაავადდა. ყოველ დღე მირეკავდნენ სამსახურში, რომ დედაშენი ნავთით ხელში დაიჭირეს, კორპუსის უკან თავს რომ იწვავდა ისეო – ეს ამბავი ყველას ესმოდა შსს–ს პიარში და იგივე შოთა ხიზანიშვილს, რომელმაც იცოდა, რომ თოთო ბავშვით ხელში, მოხუცი მშობლებით და პლუს ფსიქიურად შეშლილ დედასთან ერთად ისანში ქირით ვცხოვრობდი. 2008 წელს გაათავისუფლეს ნინო ბურჯანაძე, ზუსტად ორ დღეში რიგითი თანამშრომლის, მთავარი სპეციალისტის, ხათუნა ნოზაძისთვის შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეიკრიბნენ და გამართეს თათბირი, რომ მე უნდა გავენთავისუფლებინეთ დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ, რომ თურმე ვიყავი ბურჯანაძის და ოქრუაშვილის აგენტი.

როცა გავიგე, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ, მივედი შოთა ხიზანიშვილთან და ვუთხარი, ჩემი მდგომარეობის ადამიანს, რომელსაც სახლიც კი არ აქვს, როგორ მიშვებ–თქო, ჯერ კანონი არ გაძლევთ ამის უფლებას – სახლი არ მაქვს, დედა ფსიქიურად შეშლია და ფაქტიურად ქუჩაში მტოვებ–თქო, რაზეც მიპასუხა – რაში მაინტერესებს, მე მოგიკალი შენ ძმაო?! წადი, ვაკეში ვცხოვრობ და ჩემს სახლში იცხოვრეო... ამხელა შურაცხყოფა მომაყენა. ვუთხარი, რომ მინისტრთან შევალ–თქო და მიპასუხა, - მინისტრი შენ არ მიგიღებსო.

ამ საუბრის შემდეგ, როგორც ჩანს, დაფიქრდნენ და დამიბარა შს მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ. მიბარებს მარტო მე და მეუბნება, რომ პიარის თანამშრომლებს ვანთავისუფლებთ, მარტო ოპერატორები რჩებიანო. შევდივართ შენს მდგომარეობაში და რომ არ გაგანთავისუფლოთ, დაადე ხელი სად გინდა, რომ გადაგიყვანოთო. რადგან სტრუქტურა ჩემთვის ნაცნობი იყო, ვუთხარი, რომ სოდ–ში კადრებში გადავიდოდი.

დაგთანხმდათ ზღულაძე რომ სოდში გაგეგრძელებინათ მუშაობა?

– დიახ, მაგრამ რა ხდება? – სოდ–ის მაშინდელ უფროსს ირაკლი კოდუას დაავალეს, რომ ხათუნა ნოზაძე დანიშნეთ სოდ–ის კადრებისა და პიარის შემადგენლობაში, მაგრამ ხათუნა ნოზაძეს დააწერინეთ ასეთი განცხადება, რომ ოჯახური პირობების გამო გთხოვთ გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდანო. გამიკვირდა, მაგრამ იმდენი ნაცნობი მუშაობდა, არანაირად არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაცას მიპირებდნენ.

ანუ, დანიშვნის ბრძანებასთან ერთად, განთავისუფლების ბრძანებაც დაგაწერინეს?

– რა თქმა უნდა. თურმე, მაშინ ყველას ასეთი სახის განცხადებას აწერინებდნენ და დღეს ეს ხალხი საუბრობს პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაზე. მუშაობიდან ზუსტად 6 თვის თავზე, როგორც კი ნინო ბურჯანაძემ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, მეც მიმაყოლეს უკან. დამიბარეს კადრებში და მითხრეს – რა გიყოთ, შენ ისეთი ფიგურა ყოფილხარ, რომ შენი გულისთვის ვანო მერაბიშვილთან თათბირი ჩატარდა და თქვა, რომ ეს აგენტი ნოზაძე საერთოდ მოაშორეთ ორგანოსო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. დაიწყო ჩემი ოჯახის ტერორი.

ტერორი ვისი მხრიდან, თქვენ ხომ უკვე განთავიუსფლებული იყავით სამსახურიდან?

– სოდიდან მოდიოდნენ თანამშრომლები და მემუქრებოდნენ, რომ თუ გავბედავდი და აქციაზე გავიდოდი, გაცილებით ცუდად წავიდოდა ჩემი და ჩემი ოჯახის საქმე.

სასამართლოს რატომ არ მიმართეთ?

– ისეთი საბუთი მეჭირა ხელში, რომ ვერ ვიჩივლებდი. მე თვითონ დავწერე განცხადება, რომ ოჯახური პირობების გამო გთხოვთ გამანთავისუფლოთ და ასეთი საბუთით როგორ წავიდოდი სასამართლოში.

დანიშვნასთან ერთად განთავისუფლების განცხადება რომ არ დაგეწერა რა მოხდებოდა მაშინ?

– მითხრეს, რომ თუ განთავისუფლების შესახებ განცხადებას ახლავე არ დაწერ, სამსახურში ვერ მიგიღებთ, ასეთი წესიაო. 6 თვის განმავლობაში არანაირი ფუნქცია არ მქონდა. ოთახში ვიჯექი და მთელი დღის განმავლობაში გაზეთებს ვკითხულობდი. ოპოზიციურ გაზეთებს ვყიდულობდი და ისიც კი უთქვიათ მერაბიშვილისთვის, რომ ოთახში ზის და ოპოზიციურ პრესას ეცნობაო.

სოდ–ის თანამშრომლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ყოფილი პოლიციელი არ არსებობს და არ გაბედო მიტინგზე გასვლაო. რადგან იმ პერიოდში გამოსვლები იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. დამანახეს წითელი ფერის ფურცელი და სახეზე წითლად იყო შემოხაზული ადამინების სახეები, მითხრეს, ამას ხომ ხედავო, პატარა შვილი გყავსო და ჭკვიანად იყავიო. რომ ვიცი რა დონის ბინძურები იყვნენ და რაზე იყვნენ წამსვლელები, მართლა არსად არ გავსულვარ, ვიჯექი სახლში და ვუვლიდი ავადმყოფ დედას და შვილს. რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილმა პირადი საქმე გამიშავა და დამლაგებლადაც კი ვერ ვიმუშავებდი.

დედაჩემი პერიოდულად ვარდებოდა კომაში, გარდა იმისა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფსიქიურად დაავადდა, ჰქონდა დიაბეტი. იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, რომ გიორგის მეგობრები მეხმარებოდნენ. მათი დახმარებით მოვახერხე, რომ დედა დამეწვინა საავადმყოფოში, რეანიმაციაში ერთი დღე 800 ლარი ღირდა, ეს თანხა რომ ვერ გადავიხადეთ, ქალს შარდი ჩამოსდიოდა და ისე გამოგვიშვეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან.

იმიტომ, რომ ვერ იხდიდი რეანიმაციის თანხას?

– დიახ. წამალს ვერ ვყიდულობდი და ამიტომ დედა ხელში ჩამაკვდა. ხმამაღლა ვიძახი, ვუთანაგრძნობ ქალბატონი იას ოჯახს, მჯერა, რომ გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან განსხვავებით ამ ტრაგედიაში პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება. დიახ, მე დედაჩემის სიკვდილში ბრალს ვდებ სააკაშვილის რეჟიმს და პირადად ვანო მერაბიშვილს. რამდენი ადამიანი გაყარეს სამსახურიდან და გააუბედურეს, რამდენი აწამეს. დიახ, მე ერთი რიგითი მოქალაქე ვამტკიცებ, რომ ის იყო კრიმინალური დამნაშავე რეჟიმი, რომლებსაც ყოველ ჯერზე უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი და არ უნდა მივცეთ ზედმეტი ლაპარაკის უფლება. დიახ, „ნაციონალებმა“ მომიკლეს დედა. უწამლობით მომიკლეს დედა, გესმით ჩემი? დამიძახოს სახალხო დამცველმა და მოისმინოს ჩემი ტრაგედიაც.

აპირებთ მიმართოდ სახალხო დამცველს?

– საჯარო განცხადება უკვე არის მიმართვა. თქვენი გამოცემის საშუალებით მივამართავ, რომ დაინტერესდეს ჩემი საქმით, როგორც ია კერზაიას საქმით არის დაინტერესებული. მე ვარ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული, არ ვარ საინტერესო, თუ რა ხდება. დაინტერესდეს ნინო ლომჯარია, რამდენჯერ ვცადე თვითმკვლელობა, იმიტომ, რომ დედა უწამლოდ მიკვდებოდა და შვილი მშიერი მყავდა. დიახ, უნდა დაინტერესდეს და იცით რატომ? – ნაციონალებს აქვთ ასეთი გამართლება, ჩვენ ვაშავებდით, შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ ამ მთავრობამ შეცდომები არ უნდა დაუშვასო. დიახ, ვეთანხმები, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შეცდომებზე ლაპარაკის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ყველანაირი მეთოდით უსწორდებოდა ადამიანებს და ერთ–ერთი მსხვერპლი მე ვარ.

მილიონი ადამიანი ჩარეცხა და გააგდო მიშას რეჟიმმა სამსახურებიდან დევიზით - სჭირდებოდათ ახალი სისხლი! მათ შორის მეც გამომაგდო რეჟიმმა იმ სისტემიდან, სადაც 18 წელი ვიმუშავე. ფსიქიურად დაავადებულ დედასთან, მოხუც მამასთან და თოთო ბავშვით ხელში დავრჩი ქუჩაში, რადგან ქირას ვერ ვიხდიდი. დედისთვის, რომელსაც ყოველ წამს რეაბილიტაცია სჭირდებოდა, წამალს ვერ ვყიდულობდი და ბოლოს ხელებში ჩამაკვდა. ამიტომ, რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ ია კერზაიას გარდაცვალებას დააბრალებს მოქმედ ხელისუფლებას, იმდენჯერ ვიტყვი, დიახ, სააკაშვილის რეჟიმმა მომიკლა დედა!