სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუშის დანიშვნამ საზოგადოება აღაშფოთა. ისინი მიიჩნევენ, რომ ტუღუში, რომლის სახალხო დამცველობამაც უღიმღამოდ ჩაირა, უკვე გაიშიფრა. კერძოდ, ის გაშიშვლებულ ხელისუფლებას გადაეფარა, და, როგორც გიგა ბოკერიას ნათესავს, რეალურად, მხოლოდ ათი დღით მოუწევს ახალი პოსტიზე მუშაობა.
მართლია, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ტუღუშს რეალობის მკაცრი კრიტიკოსი უწოდა, მაგრამ იყო კი იგი მკაცრი კრიტიკოსი? პრეზიდენტის განმარტებით, მმართველი გუნდი ტუღუშისგან ბევრ ინფორმაციას იღებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ვერ გაითვალისწინეს.
ყოფილი სახალხო დამცველის ამ პოსტზე დანიშვნა ნიშნავს თუ არა, რომ წამებისა და ცემა-ტყეპის მოლოდინში მყოფ პატიმრებს ცოტა ხნით დაასვენებენ და შემდეგ ისევ ტუღუშს ამ სისტემას ჩამოაშორებენ?! ხომ არ იქნება იგი ბუტაფორია და ამ სისტემას მასზე ერთი დღით ადრე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნული გიორგი ლორთიფანიძე ხომ არ წარუძღვება?! ყველაზე მთავარი კითხვა კი, რაც საზოგადოებას აწუხებს, შემდეგია: რატომ დათანხმდა გიორგი ტუღუში ფიქტიურ პოსტს?!
სხვათა შორის, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ექსპერტი გია ხუხაშვილი სახალხო დამცველს თბილი კაბინეტიდან გამოსვლისა და პატიმართა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ყველას გასაოცრად, გიორგი ტუღუში უფრო თბილ კაბინეტში აღმოჩნდა და, როგორც ამბობენ, ომბუდსმენმა მთავრობის გადარჩენა იკისრა.
თავად გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შეთავაზება მისთვის დიდი გამოწვევაა და, რომ ომბუდსმენის აპარატმა ბევრი რამ შეძლო. თუმცა, ახალი მინისტრი აღიარებს, როგორც ჩანს, მათ მხოლოდ პრობლემების ასახვა მოახერხეს და მას აქამდე არ ჰქონია კომპეტენცია, რაღაც გამოესწორებინა. ამდენად, ის სისტემაში რადიკალურ ცვლილებებს გვპირდება. ამასთან, აცხადებს, რომ პრეზიდენტი მას ამ სისტემაში სრულ თავისუფლებას დაჰპირდა. დღესვე შსს-ს ახალმა მინისტრმა ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციაც ახლად დანიშნული სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი ტუღუშის სრულ განკარგულებაში იქნება. ამასთან, გიორგი ტუღუში პირობას დებს, რომ ციხეებში მთლიანად აღმოფხვრის არასათანადო მოპყრობას და სისტემას გადაახალისებს. თუმცა ამ განცხადებიდან პირველსავე დღეს, გლდანის საპყრობილედან დაჭრილებით გატენილი ათი მანქანა მოძრაობდა.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილისთვის წარმოუდგენელია, როგორ აპირებს ტუღუში იმ ხალხთან თანამშრომლობას, რომელიც სამი-ოთხი წლის მანძილზე ყურს არ იბერტყავდა მის ანგარიშებზე?! ამასთან, ექსპერტს აინტერესებს, ნუთუ ტუღუშს აქვს უნარი, ითანამშრომლოს სადისტების გუნდთან?! ამდენად, ექსპერტი გაოცეული დარჩა, თუ როგორ დათანხმდა ამ ახალ პოსტს გიორგი ტუღუში?!
ყოფილი ენერგო ომბუდსმენის დავით ებრალიძის შეფასებით, ტუღუშმა არსებულ ვითარებაში „შიშველ მეფეზე“ გადაფარება იკისრა. მისი თქმით, ტუღუში არ ყოფილა კვალიფიციური და პრინციპული სახალხო დამცველი და ნურავინ ცდილობს მის ასეთად წარმოჩენას. კარგი ომბუდსმენობა ხალხის ინტერესების დაცვითი ნაბიჯების გადადგმაა და არა ისეთი ანგარიშების წერა, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს,–მიიჩნევს ებრალიძე.
“ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის თქმით კი, ყოფილი სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნა არაფერს არ შეცვლის, რადგან სისტემაა ჩამოშლილია.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს კი მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილი სახალხო დამცველის ავტორიტეტს უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გასანეიტრალებლად იყენებს, ხოლო ის, რომ გიორგი ტუღუში ამის საშუალებას იძლევა, ამაზრზენია.
მისი აზრით, ან ომბუდსმენი ხარ, ან ჯალათი! მესამე, მეოთხე, მეშვიდე გზა არ არსებობს. არჩევნებამდე ათი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ჩაწერა კი ამაზრზენი ნაბიჯია, რომელიც გიორგი ტუღუშმა გადადგა.
ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გაოცებულია, რატომ დათანხმდა გიორგი ტუღუში ამ პოსტს, რადგან მისი, როგორც ახალი მინისტრის, მოსმენა დიდი ხნით არ მოუწევს საზოგადოებას.
„ტუღუში გარდაცვლილზე გვირგვინად მყისიერად გადაიქცა. რა თქმა უნდა, გარდაცვლილია ნაციონალური მოძრაობა და მასზე გვირგვინია ბატონი ტუღუში. გაიხსენეთ, ახლახანს ვინ წარადგინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად?! ბატონი გიორგი ლორთქიფანიძე, კაცი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩოდა, როცა მუშაობდა შსს-ში. იგი ატერორებდა მთელ კახეთს, რადგან, რამდენადაც ვიცი, წარმოშობით იქიდანაა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ყველა მიტინგის, ყველა მასობრივი მსვლელობის დარბევაში“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, სწორედ გიორგი ლორთქიფანიძე იყო ჩართული პოლიტიკურ ოპონენტთა და მათი ოჯახის წევრთა ტერორში, დაშინებაში და იგი ყველა იმ უკანონობის სიმბოლოა, რომელიც დაამკვიდრა ჯერ მერაბიშვილმა, შემდეგ ახალაიამ.
ამდენად, გია ცაგარეიშვილი გამორიცხავს, რომ ლორთქიფანიძე დაექვემდებაროს ტუღუშს. უფრო მეტიც, პოლიტიკოსის აზრით, ტუღუში თოჯინა იქნება ლორთქიფანიძის ხელში.
„ლორთქიფანიძის დანიშვნით მერაბიშვილის საცეცები უფრო მოედო ამ სისტემას, რომელსაც ისედაც არ აკლდა სხვადასხვა კრიმინალის და, როგორც ახლა ირკვევა, სხვადასხვა მანიაკის საცეცები. გამორიცხულია, ლორთქიფანიძე დაყვეს ტუღუშის, როგორც მინისტრის, პოლიტიკურ ნებას“.
ამასთან, გია ცაგარეიშვილს არ გაკვირვებია, როცა ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნეს, რადგან, მისი აზრით, იგი ამ გუნდის წევრია. ამის თქმის საფუძველს კი დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ამ ადამიანის სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის პერიოდი აძლევს, როცა გიორგი ტუღუშის კანდიდატურას ნაციონალურმა მოძრაობამ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი.
„ასეთი მდგომარეობისთვის ძალიან მეცოდება გიორგი ტუღუში. შესაძლოა, ის შინაგანად წესიერი ადამიანი იყოს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ხარი ხართან დააბიო... ტუღუშს არავითარი შანსი არ აქვს, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე, ასეთ კრიტიკურ დროს, თავისი რომელიმე დადებითი თვისება გამოამჟღვნოს“.
გია ხუხაშვილის აზრით, გიორგი ტუღუში სახალხო დამცველი კი არა, სახალხო დამგველი ყოფილა, რომელმაც, გადატანითი მნიშვნელობით, ცხრა აპრილის შემდეგ, ლამის კომუნისტურ პარტიაში შესვლა განიზრახა.
„ეტყობა, ცოცხის ხმარება კარგად იცის. ამ ადამიანის სრული ლუსტრაცია მოხდა. ფაქტობრივად, ის ახლა კომპარტიაში შევიდა, თანაც, ცხრა აპრილის შემდეგ. ჩვენ ვიცით ასეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხრა აპრილის შემდეგ კომპარტიაში შევიდნენ. დაახლოებით ანალოგიურად მოიქცა გიორგი ტუღუში. მან ცოცხი დაიჭირა ხელში. თუმცა ეს სულ ათდღიანი პოსტია“,– აღნიშნა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.
For.ge-სთან კომენტირებისას ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მე-8 საპყრობილის წინ იმყოფებოდა და სამი საათის მანძილზე ამაოდ ითხოვდა, ციხის ადმინისტრაციიდან ვინმეს მაინც ჩაებარებინა მისი განცხადება, რომელზეც 500 ადამიანის ხელმოწერა ფიქსირდებოდა. თუმცა ყოფილი სახალხო დამცველის ჩათვლით, მასთან არავინ მისულა.
„ზუსტად სამი საათია, არავინ გამოდის. სამი ღამე მიღამდება აქ და სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ მოსულა. ტუღუში მხოლოდ იმისთვის დანიშნეს, რომ ჩაატაროს ე.წ. „ზაჩისტკა“. როცა რაღაცას აფუჭებენ ხოლმე, ამის შემდეგ ბრიგადას უშვებენ გაფუჭებულის აღმოსაფხვრელად. გიორგი ტუღუში არის ადამიანი, რომელმაც ამ სისხლიან რეჟიმს თანამშრომლობაზე ხელი მოუწერა. ამდენად, თავისთავად, ისიც სისხლიანია. ტუღუში არის ბოკერიას ნათესავი და ზუსტად ნათესაური ნიშნით არის დანიშნული ახალ თანამდებობაზე“.
ლალი მოროშკინას შეფასებით, ტუღუში იქნება უხერხემლო მინისტრი, რომელსაც, როცა იგი თავის 400 გვერდიან განცხადებას აკეთებდა, მხოლოდ სამი კაცი უსმენდა. ამიტომ ჟურნალისტის აზრით, იგი ამ თანამდებობას იმიტომ დათანხმდა, რომ ყველას ძალიან უყვარს რბილი სავარძელი.
„ეგ რომ კაცი ყოფილიყო, ამ პოსტს არ დათანხმდებოდა. დღესაც აქ უნდა ყოფილიყო, რადგან ციხე ბუნტის პირას არის. აქ ვარ და გეუბნებით, დაჭრილებით გატენილმა ათმა მანქანამ გაიარა. ესენი არიან ძველი და ახალი ნაცემი პატიმრები. ამის შემდეგ რა ნამუსით შეიძლება, ტუღუში გამოჩნდეს და ვინმეს დაელაპარაკოს? რა ნამუსით აწერდა ხელს პრეზიდენტის ბრძანებას? ევროპული, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების დრო დამთავრდა, აქ უმძიმესი ვითარებაა. ყოველ წუთში სიტუაცია იძაბება“, – აცხადებს ლალი მოროშკინა.