ათასობით ადამიანი გამოხატავს პროტესტს პატიმრებზე ძალადობის წინააღმდეგ

ათასობით ადამიანი გამოხატავს პროტესტს პატიმრებზე ძალადობის წინააღმდეგ

სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება საპროტესტო აქციებს; არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები მთავრობას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

მას შემდეგ რაც ციხის ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებამ ქუჩის პროტესტი გამოიწვია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაზე.

დედაქალაქ თბილისში დემონსტრაციებმა სამშაბათს ღამით მას შემდეგ იფეთქა, რაც ოპოზიციურმა არხებმა წამების კადრები უჩვენეს. ოთხშაბათს ათასობით ადამიანი შეურთდა საპროტესტო აქციას, მათ ორი მთავარი ქუჩა გადაკეტეს და მინისტრების გადადგომას მოითხოვდნენ.

მთავრობამ თქვა, რომ ვიდეო დადგმულია და გადაღებულია ციხის ზედამხედველების მიერ, რომლებიც „პოლიტიკურად მოტივირებულმა პირებმა“ მოისყიდეს.

პროკურატურამ თქვა, რომ 10 ადამიანი დაკავებულია, მათ შორის, თბილისის ციხის უფროსი, მისი ორი მოადგილე და რამდენიმე ზედამხედველი. სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა, რომ გადადგებოდა.

„ამ ღამით მე ვეუბნები ამ არაჰუმანური ქმედებების მსხვერპლთ და მთელს ერს, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით და ერთად ვაშენებთ არ შეიძლება და არ უნდა უშვებდეს ასეთ ქმედებას – საპატიმროებში თუ ნებისმიერ ადგილას,“ თქვა სააკაშვილმა განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს დილით გავრცელდა.

„მათ ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა მრავალ წელს გაატარებენ ციხეში, ასევე ისინიც ვინც მოისყიდა მცველები ამის დასადგმელად და გადასაღებად,“ თქვა მან.

მოგვიანებით სააკაშვილმა თქვა, რომ რადიკალური რეფორმები უნდა გაგრძელდეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის პენიტენციურ სისტემაში და ვიდრე რეფორმები ამუშავდება, მან გასცა განკარგულება, რომ პოლიციელებმა აიღონ ციხის მართვის მოვალეობა.

„დღევანდელი სისტემა, მთლიანად უნდა გაუქმდეს,“ თქვა სააკაშვილმა პრემიერმინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრისას.

ვიდეოში ზედამხედველების ჯგუფი სცემს, სახეში ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს და საგნებით აუპატიურებს პატიმრებს. ეს ორმა ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა აჩვენა, რომელთაგან ერთის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. მისი „ქართული ოცნება“ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მეტოქეა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

„მიშა წადი“

პროტესტანტები ითხოვდნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადაყენებას და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ზოგიერთი მათგანი სააკაშვილის მისამართით გაიძახოდა „მიშა წადი“.

მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში, რომელიც არასტაბილურ კავკასიაში გაზით და ნავთობით მომარაგების სატრანზიტო მარშრუტია.

რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ივანიშვილი, საპროტესტო აქციას შეუერთდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ არაორგანიზებული ქუჩის აქციები და არავითარ შემთხვევაში თქვენი ქმედებები არ უნდა წარმართოს ბრაზმა“, თქვა ივანიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა და შეერთებული შტატების საელჩომ დაგმეს პატიმრებზე ძალადობა და მთავრობას დაყოვნებლივ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

„ქართული ოცნება“, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აქციებში დიდი რაოდენობის ადამიანს იზიდავს, მაგრამ გამოკითხვების თანახმად, მხარდამჭერების რაოდენობით მმართველ პარტიას ჩამორჩება.

56 წლის ივანიშვილის ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად 6.4 მილიარდს შეადგენს. იგი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სააკაშვილს ბრალს სდებენ თავისუფლებების შეზღუდვასა და იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველო რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩაითრია.
foreignpress.ge