რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში 26 წლის მსჯავრდებულს ზაზა ჩეტკოვს ჯიბეში უდევს საკუთარი მუცლიდან სამართებლით ამოჭრილი ხორცი და ელოდება, როდის მივა მასთან სახალხო დამცველი. ეს ინფორმაცია for.ge-ს მსჯავრდებულ ჩეტკოვის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა მოაწოდა. მან ზაზა ჩეტკოვი 19 სექტემბერს მოინახულა და იმავე დღეს რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორის სახელზე განცხადება დაწერა, რომლის ასლს ჩვენც გავეცანით.
ის, რაც ზაზა ჩეტკოვის ადვოკატმა for.ge-ს უამბო, ადვოკატთან შეხვედრის დროს სათვალთვალო კამერასაც აქვს გადაღებული. ზაზა ჩეტკოვს 7 წლით თავისუფლების აღკევთა აქვს მისჯილი და აქედან 6 წელი უკვე მოხდილი აქვს. მას მშობლები არ ჰყავს, ერთადერთი და ზესტაფონშია გათხოვილი, რომლის ქმარიც ასევე პატიმარია. ამიტომ, ძმის ხშირად მონახულებას ვერ ახერხებს.
ცირა ჯავახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობა ძლიერ შერყეული აქვს - გართულებული ფორმით ბუასილი, კუჭ-ნაწლავი და ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.
“უამრავი განცხადება მაქვს დაწერილი საპყრობილის დირექტორის, მთავარი ექიმის დავით აბაიშვილის და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის დავით ასათიანის სახელზე.
მოვითხოვდი სამედიცინო, ფსიქიატრიულ გამოკვლევას, მკურნალობას, ან პატიმრის შესაბამისი პროფილის კლინიკაში მოთავსებას. ჩემს ამგვარ აქტივობას შედეგად ის მოჰყვა, რომ მასთან ფსიქიატრი შეიყვანეს, რომელმაც დიაგნოზად დაუწერა ფსიქოპათია და ფსიქო-ნევროზი.
ზაზა ჩეტკოვი დაკავებისას ჯანმრთელი იყო და პრობლემები პატიმრობის შემდეგ გაუჩნდა. აქამდე ის სხეულის სხვადასხვა ნაწილს ისერავდა ხოლმე. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი არაადეკვატური მკურნალობა გახლდათ. 19 სექტემბერს რომ შევხვდი, აფორიაქებული დამხვდა. მერე სიცილი დაიწყო. ხელი შეხვეული ჰქონდა. რა გჭირს-მეთქი ვკითხე და “გუშინღამ ამოვიჭერი, ექთანმა ბამბები ჩამიტენა, ხელზე და მუცელზე ღრმულები ასე ამომივსო. დილით ექიმი მოვიდა და ხელი და მუცელი შემიხვიაო“.
ზაზა ჩეტკოვს ჯიბეში მუცლიდან სამართებლით ამოჭრილი ხორცის ნაჭერი ედო. შეხვეული მუცელი დამანახა, თქვა - ხორცი “ბრიტვით“ ამოვიჭერი, ჯიბეში მიდევს, ეგებ არ დალპეს და სახალხო დამცველმა ნახოსო. ცუდად გავხდები, ამას ნუ მაჩვენებ-მეთქი - ვთხოვე. ფეხებიც დასერილი მაქვსო, - მითხრა. ეს ადამიანი იმდენად გამწარებული იყო, რომ შარვლის ტოტები კი არ აუწევია?! 26 წლის ბიჭი ადგა და შარვალი ჩაიწია. ფეხები მთლიანად დასერილი ჰქონდა, ოღონდ ეს 18 სექტემბერს არ გაუკეთებია, ფეხები მანამდე დაუსერია.
ახლა მუცელზე და ხელზე ხორცი რატომ ამოიჭერი, ამ ზომამდე რატომ მიხვედი-მეთქი და – გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ბუასილი, კუჭ-ნაწლავი მაწუხებდა, ექიმის მოყვანას ვითხოვდი და ყურადღება, რომ არ მომაქციეს, ხორცი ამიტომ ამოვიჭერიო.
პატიმართან შეხვედრის დეტალებს სათვალთვალო კამერა იღებდა და ის, რაც ახლა თქვენ გიამბეთ, დაფიქსირებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი მედიასაშუალებით მივმართო ყველა მედიასაშუალებას, ქართველ და უცხოელ უფლებადამცველებს, სახალხო დამცველის აპარატს, დიპლომატიურ კორპუსს - გთხოვთ, დამეხმარეთ 26 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში“, - გვითხრა ცირა ჯავახიშვილმა.
მისივე განმარტებით, 21 სექტემბერს განცხადებით მიმართავს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ და სახალხო დამცველის აპარატს.