იცვლებიან მინისტრები, ჯალათები კი რჩებიან

იცვლებიან მინისტრები, ჯალათები კი რჩებიან

ცნობილი კადრების გავრცელებისთანავე ითქვა, რომ ვიდეო-მასალა მერვე საპყრობილის ყოფილ მორიგე ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ არის გადაღებული. ხელისუფლებას საქმე იქით მიჰყავს, რომ თითქოს ამგვარი ფაქტები დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში ხდებოდა და მასში ზემოთჩამოთვლილ პირთა ჯგუფი მონაწილეობდა. ახლა ისინი დაისჯებიან და ყველაფერი გამოსწორდება. ამასთანავე, სააკაშვილი და მისი გუნდი გაოცებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ თურმე ასეთი რამ მათ ცხვირწინ ხდებოდა და მათ კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. დაახლოებით ამგვარი პათოსი იგრძნობოდა დღეს ქვეყნის პირველი პირისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში.

მხოლოდ გასულ წელს ქართულ ციხეებში 140 პატიმარი გარდაიცვალა, უკანასკნელ ხუთ წელიწადში კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 600 პატიმარი დაიღუპა. ამასთანავე, უფლებადამცველებს (როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს) ციხეებში პატიმრების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი გაუხმაურებიათ, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ამ ფაქტს უარყოფდა. ახლა კი მომხდარს ადასტურებენ, დამნაშავეებს იჭერენ და გვარწმუნებენ, რომ პენიტენციალურ სისტემაში ისეთი რეფორმა განხორციელდება, რომ სულ მალე მას ვერც კი ვიცნობთ.

რამდენად სარწმუნოა ხელისუფლების ამგვარი განწყობა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის და საერთოდ, პატიმრების წამება მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, თუ ტენდენცია? ამაზე უფლებადამცველების პასუხი ცალსახაა - პატიმრების წამება უკანასკნელი წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მახინჯი პრაქტიკაა და არა გამონაკლისების, არამედ ტენდენციის სახე აქვს.

ადვოკატი ლალი აფციაური for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკანდალურ ვიდეო-მასალაზე აღბეჭდილი მოვლენები ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის დამახასიათებელია და ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. პირიქით, ეს არის ტენდენცია, რომლის შესახებაც უფლებადამცველები მუდმივად საუბრობდნენ. აფციაური ამბობს, რომ ასეთი ფაქტები მხოლოდ იმ პერიოდში კი არ ხდებოდა, როდესაც ცნობილი ვიდეო-ჩანაწერებია გაკეთებული. სულ რაღაც ოთხი დღის წინაც გლდანის ციხის ე.წ. „ცე“ კორპუსში პატიმრები სასტაკად დაარბიეს. ადვოკატის თქმით, მას ამის შესახებ თავად გლდანის ციხის პატიმრებმა აცნობეს, რომლებსაც ამ კორპუსიდან საშინელი ხმაური და პატიმრების ყვირილი ესმოდათ.

„პატიმრებმა აღმიწერეს, რომ დაინახეს ერთ-ერთ პატიმარს ასფალტზე როგორ მიათრევდნენ საავადმყოფოს მიმართულებით და იგი ყვიროდა - რატომ მკლავთო და შველას ითხოვდა“, - აცხადებს აფციაური.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ვიდეო-მასალის მსგავსი მტკიცებულებები აქამდე უფლებადამცველებს არ ჰქონიათ, მაგრამ არსებობდა ნაწამები და გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ინფორმაციები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით და საექსპერტო დასკვნებით იყო გამყარებული. აქვე ადვოკატი იხსენებს კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ უჩა გოდელაძეს, რომელიც 2009 წელს ციხეში წამებით მოკლეს.

„ეს ადამიანი სწორედ იმის გამო მოკლეს, რაც ჩვენ ამ ვიდეო-მასალაში ვნახეთ, როდესაც პატიმრებს აიძულებენ ქურდებს შეაგინონ და ა.შ. ეს ადამიანი ბათუმში 18 რიცხვში დააკავეს, 19-ში შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება, მოხდა მისი თბილისში ეტაპირება და ამავე დღეს იგი სასტიკად ნაწამები ჯერ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იგი გარდაიცვალა. მას ემჩნეოდა დენით მიყენებული დაზიანებები, ცემის კვალი, ხელებზე კი ხელბორკილების კვალი და მოტეხილობები, თავზე ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, რაც საბოლოო ჯამში მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა“, - აცხადებს ადვოკატი.

აფციაური იხსენებს კანონიერი ქურდობის ბრალდებით გასამართლებული გაიოზ ზვიადაძის შემთხვევას. ლალი აფციაური აცხადებს, რომ ეს ადამიანი 2011 წელს ასევე წამებით მოკლეს ციხეში.

ადვოკატი ამბობს, რომ გავრცელებული კადრებიდან ზოგი ერთი წლის წინ არის ჩაწერილი, მაგრამ არის ერთი მასალა, რომელიც უახლოეს წარსულში არის გადაღებული. კერძოდ, აფციაური საუბრობს იმ ჩანაწერზე, რომელშიც ნაცრისფერ მაისურებში გამოწყობილი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჯგუფურად უსწორდებიან პატიმრებს. ლალი აფციაური ამბობს, რომ ფორმები, რომლებიც ციხის თანამშრომლებს ამ ჩანაწერში აცვიათ დაახლოებით თვენახევრის წინ დაურიგდათ.

„დღეს მე ვიყავი გლდანის ციხეში და პატიმარმა განმიცხადა, რომ ყოველ პარასკევს ხდება ანალოგიური ფაქტები, როდესაც ე.წ. კარანტინი იშლება, ხოლო ოთხი დღის წინ, როგორც უკვე მოგახსენეთ, გლდანის ციხის მესამე კორპუსი სასტიკად დაარბიეს“, - აცხადებს აფციაური.

მისი თქმით, პატიმრების წამებისა და გარდაცვალების გახმაურებული შემთხვევების გარდა, რომლებზეც უფლებადამცველები მუდმივად საუბრობენ, არსებობს გაუხმაურებელი ფაქტები და სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მიუღებელია ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს მხოლოდ გლდანის ციხის რამდენიმე კონკრეტული თანამშრომელი ახორციელდება პატიმრების წამებას. აფციაურის თქმით, ამ ყველაფერში პრეზიდენტი სააკაშვილია დამნაშავე.

„ეს არის სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობა“, ეს არის სააკაშვილის „ყველანი ციხეში“, ეს არის სააკაშვილის „ესროლეთ, ხელი არ აგიკანკალდეთ!“ და თითოეული ჯალათის ქმედებაში ვხედავ სააკაშვილს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

იგი ამბობს, რომ ამჟამად გლდანის ციხეში სიმშვიდეა და პატიმრები სრულ იზოლაციაში იმყოფებიან, ჩამორთმეული აქვთ რადიო და ყველა საშუალება, რაც მათ გარესამყაროსთან დაკავშირებით საშუალებას მისცემდა. ამიტომ ისინი ციხის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ ციხეში შესული ადვოკატებისგან ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა არის კახაბერ თედლიაშვილი, რომლის ინტერესებსაც ადვოკატი თედო კობახიძე იცავდა. კახაბერ თედლიაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა უწყებებს მიმართავდა წერილებით და აცხადებდა, რომ მას მოკვლას უპირებდნენ, ბოლოს კი იგი საკანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს თედლიაშვილი 26 წლის იყო, სრულიად ჯანმრთელი და თავის მოკვლას არ აპირებდა. თედლიაშვილზე საუბრისას ადვოკატი თედო კობახიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უკანონო პატიმარი იყო, ანუ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა სასამართლოს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაედგინა.

2010 წლის 8 აპრილს კახაბერ თედლიაშვილმა დაიწყო საჩივრების წერა. პირველი საჩივრით პატიმარმა სახალხო დამცველს და იმ დაწესებულების დირექტორს, დავით მარგებაძეს მიმართა, სადაც თვითონ იხდიდა სასჯელს. ეს არის რუსთავის მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულება. თედლიაშვილი წერდა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და დახმარებას ითხოვდა. 11 აპრილს თედლიაშვილის მამა უკვე სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს მიმართავს, აცხადებს, რომ მისი შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, და რეაგირებას ითხოვს. ამის შემდეგ უკვე საჩივრები იგზავნება ყველა შესაბამის უწყებაში, მაგრამ რეაგირება არ ხდება. 22 აპრილს გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნდა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პატიმარ კახაბერ თედლიაშვილს საფრთხე ემუქრებოდა. 29 აპრილს პატიმარს ადვოკატი კობახიძე შეხვდა და მან საპატიმრო საღამოს 6 საათზე დატოვა, როდესაც პაემნებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მეორე დღეს კი, ანუ 30 აპრილს თედლიაშვილის ოჯახის წევრებს დაურეკეს და უთხრეს, რომ პატიმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო. პირველადი ვერსიით, თედლიაშვილმა თავი ბინტით ჩამოიხრჩო, თუმცა მისი გვამის დათვალიერების შემდეგ ექსპერტმა აღნიშნა, რომ თედლიაშვილს მკლავზე არაფერი ისეთი დაზიანება არ ჰქონდა, რომ მას სახვევი დასჭირვებოდა. ციხის ადმინისტრაცია კი ირწმუნებოდა, რომ მას ხელზე ჰქონდა დაზიანება, ხელი გადაუხვიეს და სწორედ ამ ბინტით ჩამოიხრჩო მან თავი.

თედო კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან ორ წელზე მეტია გასული, საქმე ჯერაც ძიებაში და არავინ დასჯილა.

„დღემდე არანაირი რეაგირება არ ხდება. ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები, ანუ კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრები კონკრეტულ ადამიანებს ადებდნენ ხელს. ამ საქმეში ბაჩო ახალაიას ხელდასმული ადამიანები ფიგურირებენ, მათ შორის – რუსთავის მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი დავით მარგებაძე. საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა, რომ თუკი დავუშვებთ, რომ თედლიაშვილმა თავი მოიკლა (რაც აბსურდია), ვინ მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე,“- აცხადებს თედო კობახიძე.

ზოგადად საპატიმროებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან მიმართებაში ადვოკატი სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის მიმართაც გამოთქვამს საყვედურს.

„როდესაც შარშან სახალხო  დამცველის ანგარიში პარლამენტში იხილებოდა, თედლიაშვილზე საუბრისას გიორგი ტუღუშმა მხოლოდ მისი ინიციალები დაასახელა, როდესაც თვითონ გარდაცვლილის ოჯახი მის ვინაობას არ მალავდა, საქმე გახმაურებული იყო და მისი ეს ქმედება აუხსნელია. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ყველა ციხეში შევიდნენ. საინტერესოა, რას აკეთებდნენ ისინი აქამდე? ახლა უნდა შედიოდნენ ციხეებში?“,- სვამს კითხვას ადვოკატი.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პატიმრების ცემა ერთხელ მოხდა, თუ ბევრჯერ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ასეთი ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ციხეებში წამება და ღირსების შემლახავი მოქცევა არის პენიტენციალური სისტემის მართვის ფორმა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

იგი იხსენებს რამდენიმე კონკრეტულ პატიმარს, რომლებიც ციხეში წამებით მოკლეს. ესენი არიან ცეცხლაძე, ბაზაზიანი და გელაშვილი.

„ვადიმ ცეცხლაძე სამხედრო იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. მას ვიდეოფირზე ისეთი ჩანაწერები ჰქონდა აღბეჭდილი, რაც აგვისტოს ომს ეხებოდა და ამ ხელისუფლების კომპრომეტაციას ახდენდა. ეს ადამიანი მოგვიანებით დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ ციხეში აწამეს და მოკლეს. მიხეილ ბაზაზიანი ქსნის კოლონიაში ასევე წამებით მოკლეს. გელაშვილი კი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მას არ ახსოვს, რომ პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით ვინმე დასჯილიყო. დღეს კი კონკრეტული მტკიცებულებები დაიდო, რასაც ხელისუფლება უკვე ვეღარსად გაექცეოდა.

„დღეს, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები დაიდო, ხელისუფლება იძულებული გახდა ფასადური მინისტრი კალმახელიძე გადაეყენებინა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კალმახელიძე მხოლოდ ერთი რიგითი ჩინოვნიკი გახლდათ, რომელიც დანაშაულს ფარავდა. ამ ყველაფრის შემოქმედი კი არის მიხეილ სააკაშვილი თავისი შემსრულებლებით. ეს არის ახალაიების კლანი, რომელმაც თავის დაქვემდებარებაში მოიყვანა ჭაკუები და მისთანანი, ვისაც ამ ყველაფრეს აკეთებინებდნენ. ამდენად, იცვლებოდნენ მინისტრები, ჯალათები კი უცვლელნი რჩებოდნენ“, - ამბობს ნანა კაკაბაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ პატიმრებს აწამებდნენ არა მხოლოდ გლდანის ციხეში, არამედ უკლებლივ ყველა საპატიმროში და რომ ეს იყო ტენდენცია და არა რაღაც გამონაკლისი შემთხვევა.

ეს არის სულ რამდენიმე ნაწამები და გარდაცვლილი პატიმრის საქმე, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთები ასობით არის და რა თქმა უნდა, ყველა მათგანის ერთ სტატიაში ასახვა უბრალოდ შეუძლებელია. უბრალოდ საჭიროა, რომ ასეთი ფაქტები საზოგადოებას ახსოვდეს, რათა ხელისუფლების იმ პროპაგანდის მსხვერპლად არ იქცეს, რასაც დღეს გვთავაზობენ.