სკანდალი ქართულ ციხეებში არსებულ ცუდ პირობებს ააშკარავებს

სკანდალი ქართულ ციხეებში არსებულ ცუდ პირობებს ააშკარავებს

დაახლოებით 2000 ადამიანმა ორგანიზება გაუკეთა სპონტანურ საპროტესტო აქციას თბილისში ღამით, 18 სექტემბერს მას შემდეგ, რაც ორმა დამოუკიდებელმა ტელეარხმა გადასცა ვიდეო მასალა, რომელშიც ციხის მცველები სცემენ და ცოცხის ტარებით აუპატიურებენ პატიმრებს თბილისის #8 საპყრობილეში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმალ დაგმო ძალადობა საკუთარ გვერდზე Facebook-ში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი „უმკაცრეს დასჯას იმსახურებს“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, რომლის გადადგომაც მოითხოვეს აქციის მონაწილეებმა, ამ ფაქტს იმით უპასუხა, რომ თანამდებობიდან მოხსნა ციხეების სისტემის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ჩინოვნიკი. მოგვიანებით, კალმახელიძემ თავად მიმართა გადადგომის თხოვნით პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს.

ექვსწუთიანი ვიდეო მასალა ტელეკომპანიებმა „მე-9 არხმა“ და „მაესტრომ“ ეთერში რამდენიმე საათში გაუშვეს მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავა #8 საპყრობილის სამი მცველი პატიმრების მიმართ „არაადამიანური“ მოპყრობისთვის. იმავდროულად სამინისტრომ საკუთარი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ციხის ორი მცველი პატიმარს სცემს. სამინისტროს თქმით, ვიდეომასალა ციხის მცველებმა მათთვის პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მხრიდან დაუზუსტებელი ოდენობის თანხის სანაცვლოდ გადაიღეს. თამაზაშვილის შვილი და სიძე ქართული ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები არიან.

თამაზაშვილის შვილი 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაჟორტიარი კანდიდატია. მისი სიძე ირაკლი ღარიბაშვილი კი არსებული ინფორმაციით ივანიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი.

ერთ-ერთი რეგიონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს მალევე მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის 3 ½ წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა და იქ 100 000 მოსახლეზე 538 პატიმარი მოდის. საქართველოში ასევე გამორჩეულად მაღალია პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი: 2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების რიცხვმა 144-ს მიაღწია, ანუ ყოველ სამ დღეში – ერთი გარდაცვლილი პატიმარი.

საქართველოს ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი ტუღუში, Human Rights Watch-ი და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამენ საპატიმროების გადატვირთულობის პრობლემაზე, „საგანგაშოდ არასტანდარტულ პირობებზე“ და ცუდ მოპყრობაზე ქართულ ციხეებში.

გამორჩეულად ცუდი რეპუტაციით სარგებლობს თბილისის #8 საპყრობილე. სწორედ აქ დაფიქსირდა 2011 წელს 144 პატიმრის გარდაცვალების ფაქტების 90%. ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე უდგას სათავეში, მაისში სწორედ ამ ციხეში არსებული პირობების ოფიციალური გამოძიება მოითხოვა.

#8 საპყრობილე არ არის ერთადერთი ქართული საპატიმრო დაწესებულება, რომლის დარღვევების შესახებაც ცნობილია. 2006 წლის მარტში, თბილისის #5 საპყრობილეში 7 პატიმარი იქნა მოკლული, როდესაც არსებული ინფორმაციით ადმინისტრაციამ დაგეგმილი გაქცევა აღკვეთა და ბუნტი ჩაახშო. გადარჩენილი პატიმრები ამ ძალადობას ბაჩო ახალაიას უკავშირებდნენ, რომელიც იმ დროს იუსტიციის სამინისტროს ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. დღეს ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრია.

18 სექტემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კალმახელიძესთან ერთად, ახალაიას გადადგომაც მოითხოვეს.
foreignpress.ge