გია ბარამიძე: „ჭეშმარიტება არის სწორედ სტუდენტურ პროტესტში

გია ბარამიძე: „ჭეშმარიტება არის სწორედ სტუდენტურ პროტესტში" (VIDEO)

 for.ge-ს პრეს- კლუბის სტუმრები,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი გია ბარამიძე და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, ჟურნალ „ლიტერატურული სალონის“ მთავარი რედაქტორი, ლექსო დორეული იყვნენ, რომლებმაც უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გია ბარამიძის თქმით, ხელისუფლების განცხადებები განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. პროფესორი აცხადებს, რომ სისტემაში რეფორმა არ მომხდარა, რაც ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების ანალიზიდან კარგად ჩანს.

„მოხდა არა რეფორმა, არამედ ადგილი აქვს მცდელობას, რომ უნივერსიტეტი გარკვეული სახელისუფლებო კლანების ხელში გადავიდეს. უნივერსიტეტში ყვავის კორუფცია, მოქმედებს კორუფციული სქემები. უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს კორუფცია ზნეობრივი და ეთიკური თვალსაზრისით, ნაწილობრივ თეოლოგიური თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კორუფციას, რომელიც იურიდიულ შეფასებებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარგინალიზაცია და დაბალი სტანდარტების დაკანონება ხდება. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დადებული ხელშეკრულება გარკვეული გამოძალვის სახეს ღებულობს იმდენად, რამდენადაც სტუდენტობა მოწადინებულია, მაღალი სტანდარტების ცოდნა მიიღოს. მას კი ამ დროს  ყავლგასულ და დისკვალიფიცირებულ სტანდარტებს სთავაზობენ“, - აცხადებს გია ბარამიძე.  

მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთი მიმართულებით მოქმედებს - ხდება უნივერსიტეტის მმართველობისა და ხელისუფლების შერწყმა, ანუ უნივერსიტეტის პოლიტიზირება. გია ბარამიძე უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების სახელით ითხოვს, უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მას, ვისაც ეკუთვნის, ანუ სტუდენტებსა და ლექტორებს.

„უნივერსიტეტი არის სტუდენტებისა და პროფესურის ერთობა. დღეს კი უნივერსიტეტი არის კორუმპირებული ადმინისტრაციისა და კორუმპირებული სახელმწიფო ხელისუფლების ერთობა. უნივერსიტეტი არის ოკუპირებული და პრივატიზებული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და აუცილებელია, მთელი სასწავლო პროცესი და მთელი აკადემიური სივცრე ამ ოკუპაციისგან განთავისუფლდეს“, - ამბობს პროფესორი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენმა ლექსო დორეულმა განაცხადა, რომ წარმოადგენს სტუდენტების იმ ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. მისი თქმით, სტუდენტებმა აკადემიური პროტესტის ყველა ფორმა ამოწურეს და იძულებულები არიან გადავიდნენ პროტესტის იმ ფორმებზე, რომლებიც აკადემიური პროტესტის ფორმებში არ ჯდება. სტუდენტმა პროფესორ გია ბარამიძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იგი სტუდენტებს გვერდით დაუდგა და მათთან ერთად იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად.

„დღეს სტუდენტი აღარ არის განათლების სისტემის ცენტრი, განათლების სისტემა დღეს სტუდენტისაკენ კი აღარ არის მიმართული, არამედ ის ემსახურება კარგი ურთიერთობის დამყარებას სასწავლებლის ადმინისტრაციასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის. დღეს არ არსებობს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვაში მივიღოთ მონაწილეობა და ამ პროცესში ჩვენი ინტერესები გათვალისწინებული იყოს. ვინ თუ არა სტუდენტმა უნდა იცოდეს, ვინ, რა და როგორ უნდა ასწავლოს მას. ამის ნაცვლად ჩვენ ვერანაირად ვერ ვმონაწილეობთ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და ცხვრებივით გვიწევს მწყემსის დევნა. ეს მწყემსი არ მოქმედებს მაღალი სტანდარტების სასწავლო სისტემების შესაბამისად, არამედ პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს “, - ამბობს დორეული.

 მისი თქმით, სტუდენტები პროტესტის ყველანაირ (და არა მხოლოდ აკადემიურ) ფორმას მიმართავენ და მოითხოვენ იმ საფასურის ფარგლებში, რასაც სწავლაში იხდიან, ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება.

„გია ბარამიძისნაირი ლექტორის უნივერსიტეტიდან განთავისუფლება არის საქართველოს განათლების სისტემის ინტელექტუალური გაღარიბება“, - აცხადებს სტუდენტი.

მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობები არანაირად არ ცდილობენ სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლის შესრულებას, ისინი მხოლოდ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებულები. ამასთანავე, დორეულის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობები არათუ სტუდენტების პოზიციას იჭერენ ადმინისტრაციასთან ურთერთობაში, არამედ სტუდენტებს მუდმივად დევნილის მდგომარეობაში ამყოფებენ და მათ შორის ადგილი აქვს ფიზიკურ დევნასაც, რის მაგალითადაც ლექსო დორეულს რამდენიმე თვის წინ სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემის ფაქტი მოჰყავს.

„ჩვენმა რექტორმა მაშინ დადო პირობა, რომ თუ სტუდენტთა ცემის ფაქტები გამოძიებული არ იქნებოდა, იგი თანამდებობიდან გადადგებოდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ წელია გასული ამ მოვლენებიდან და რექტორი ისევ თანამდებობაზე რჩება მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი გამოძიებული დღესაც არ არის. სტუდენტური თვითმმართველობა წესით უნდა იყოს შუამავალი ჩვენსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის, რასაც ის არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ მათი იმედი არ გვაქვს“, - აღნიშნავს ლექსო დორეული.

აღსანიშნავია, რომ ის პრობლემები, რასაც დღეს სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი აპროტესტებს, უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს, მაგრამ აქამდე ამას სერიოზული პროტესტი არ მოჰყოლია. პროფესორი გია ბარამიძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროფესურა შექმნილ ვითარების თაობაზე გარკვეულ მოხსენებებში აქამდეც საუბრობდა, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებზე. რაც შეეხება პროტესტის იმ ფორმას, რომელსაც ამჟამად აქვს ადგილი, გია ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ჯიბის უნივერსიტეტად აქციოს, რის გამოც სიტუაცია კრიტიკულ ზღვრამდე არის მისული.

„ჭეშმარიტება არის სწორედ ამ სტუდენტურ პროტესტში და არა კომფორმისტ სტუდენტურ თვითმმართველობაში, რომელიც ისევე, როგორც მთელი საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია, კორუმპირებულ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან არის შერწყმული“, - აღნიშნავს გია ბარამიძე.

აქვე მან ისაუბრა უნივერსიტეტში ლექტორებისთვის ჩატარებულ კონკურსებზე. პროფესორის თქმით, წელს კონკურსები ე.წ. „ტროიკებმა“ ჩაატარა.

„მინდა იცოდეთ, წელს ჩვენ ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა შეგვაფასა. ეს ციფრი შემთხვევითი არ არის და მე შეგნებულად ვიყენებს სიტყვას „ტროიკა“. ამას ვუკავშირებ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ გაკეთებულ შეფასებას. რა თქმა უნდა, აქ არის ლენინიზმის ელემენტები. ეს ტროიკები სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ხდება სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ და საკუთარ თავზე არ ვილაპარაკებ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს ერთი კვირა და განთავისუფლებული არ ვარ. ახლა მე თქვენ გესაუბრებით, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რომელსაც კიდევ აქვს ერთი კვირა, რომ ამ თანამდებობაზე იყოს. ამიტომ განთავისუფლებულ პროფესურაზე თუ ვისაუბრებთ, მათი სამსახურებიდან დათხოვნა სხვა არაფერია, თუ არა დახვრეტა (მე ვამბობ კონცეპტუალურ დონეზე) და არის იმის ანალოგი, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ხდებოდა“, - აცხადებს გია ბარამიძე.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და აპირებენ ამ პროცესს ბოლომდე გაყვნენ. თავად გია ბარამიძე, როგორც ამბობს, უნივერსიტეტში 1979 წლიდან მუშაობს და აქედან ხუთი წლის განმავლობაში ფილოსოფიის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარე იყო.