პატიმრების წამებისა და დამცირების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ აღშფოთებული თბილისელები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლების ძალადობა გააპროტესტეს. როგორც ცნობილია, მათი პროტესტი გამოიწვია
ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გუშინ ერთმანეთის მიყოლებით გავრცელებულმა საშინელმა კადრებმა, რომელიც მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ფარულადაა გადაღებული. ბედუკაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, ტელეკომპანია "მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან ჩაერთო და ციხეებში პატიმრების წამების შესახებ ისაუბრა. მანვე არაერთი პატიმრის გარდაცვალება სწორედ წამების ფაქტებს დაუკავშირა. მისივე თქმით, გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრებს სასჯელაღსრულების ყოფილი და ამჟამინდელი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებითა და ბრძანებით აწამებენ.
საპროტესტოდ გამოსული მოსახლეობა იმ პირებისა და მათი დამკვეთების დასჯას ითხოვდა, რომლებმაც პატიმრებზე ხელი აღმართეს. მათთვის სანუგეშო არ ყოფილა ის ფაქტი, რომ, ბოლოს და ბოლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხათუნა კალმახალიძემ თანამდებობიდან გადადგომა ისურვა. ზოგიერთები უფრო რადიკალურადაც აზროვნებდნენ და დამნაშავეების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.
„არ აწამო“, - ასეთი ტრანსპარანტები გამოეტანათ აქციის მონაწილეებს. საპროტესტო აქციას სასულიერიო პირებიც და ცნობილი ადამაინებიც შეუერთდნენ.
საზოგადოების აზრით, ის, რაც საპყრობილეებში ხდება, ხელისუფლების და, კონკრეტულად სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსანთა დანაშაულია, რადგან პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გაცნობა ციხეებში 24 საათიან რეჟიმში ხდება. ასე რომ, ამ სისტემის მესვეურებმა ძალიან კარგად იციან, რაც საპყრობილეებში მიმდინარეობს. ამიტომ ისინი არა მარტო უნდა გადადგნენ, არამედ დაუყოვნებლივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს ამაზრზენი კადრები არჩევნების წინ ხელისუფლებამ გამიზნულად გაავრცელა, რათა მოსახლეობა ქუჩაში გაეტყუებინა, ხალხს ეს ინფორმაცია დამაჯერებლად არ მიაჩნია და რადიკალიზმსა და დამნაშავეების დასჯას ჯიუტად მოითხოვს.
ფილარმონიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, მათ ავტომანქანების მფლობელებიც სირენის ხმით შეუერთდნენ. მალე ფილარმონიასთან შეკრებილებს სტუდენტები და გლდანის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებიც შეურთდენენ და აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ.
ფილარმონიასთან შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართეს და მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის, შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.
"ის, რომ ხათუნა კალმახელიძე გადადგა და რამდენიმე პირი დააპატიმრეს, საკმარისი არ არის, ისინი ქვედა რგოლებს წარმოადგენენ", – აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა. ასევე, არასამთავრობო სექტორი მომხდარზე ობიექტური გამოძიების დაწყებას და ამ მიზნით დამოუკიდებელი კომისიის შექმნას მოითხოვს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ უზრუნველყოფილი იქნას იმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოება, რომლებმაც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაახმაურეს. არასამთავრობოები სექტორი სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსსაც მოუწოდებენ და მიმართავენ, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთონ.
For.ge აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, ზურაბ აბაშიძეს მთავარ დამნაშავედ სისტემა მიაჩნია, რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ახალაიამ, ადეიშვილმა შექმნეს. მისი აზრით, პროკურატურაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ციხეებში მოხდა და სწორედ ეს არის დამნაშავეთა მთავარი წრე.
„ესენი არიან ჯალათები და ისინი არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც პენიტენციალურ სისტემაში ხდება. რაც გუშინ ვიხილეთ, მხოლოდ გუშინდელი ფაქტი არ არის. ასეთი ჯალათობა წლებია, გრძელდება. 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ამას დავასრულებთ“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, მინისტრ კალმახელიძის გადადგომა არაფერს ნიშნავს და ამ ხელისუფლების ხელში სისტემა არ შეიცვლება.
ირაკლი ბათიაშვილი, როგორც ყოფილი პატიმარი, სააკაშვილის ციხეებში მყოფ პატიმრებს თანადგომას უცხადებს და მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებში იტანჯებიან.
„ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან შეხება მქონია ამ სისტემასთან. ეს მანკიერი სისტემა ძალადობაზე, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნასა და ადამიანების დათრგუნვაზე დგას. გვყავს არნახული რაოდენობის პატიმრები, რომლებიც ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფებიან“.
ირაკლი ბათიაშვილის აზრით, ამ კადრებმა უზარმაზარი შემოტრიალება მოახდინეს და ინდეფერენტულად მყოფი ადამიანებიც კი ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყვეს. მათ სულებში აფეთქებასავით მოხდა. ამასთან, ბათიაშვილის თქმით, საპროტესტო მუხტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი ჩვენი პროტესტი არჩევნებზე უნდა დავაფიქსიროთ.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც წლების განმავლობაში პატიმრებს ღირსებას ულახავდა.
„საქართველოს ციხეებში ადამიანის წამებას საფუძველი ახალაიამ დაუდო. იგი თავად იღებდა მონაწილეობას მათ წამებაში და ამით მაგალითს აძლევდა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. დღემდე ახალაია მართავს ამ სისტემას, ხათუნა კალმახელიძე სათამაშო იხვივით იყო დასმული ამ თანამდებობაზე. ახალაიამ უნდა დატოვოს შინსახკომიასარიატი, ის არის კომისარი და არ შეიძლება, შსს-ს ჯალათი მართავდეს. ყოველ ერთ წელიწადში 150 ადამიანი კვდება ჩვენს ციხეებში წამებისგან, 700-ზე მეტი ადამიანი მოკლა ამ რეჟიმმა,“-აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, ჩვენ სიძულვილი გვებრძვის, მაგრამ არ არსებობს ეპოქა, რომ სიყვარულს არ გაემარჯვოს სიძულვილზე. პოეტის აზრით, თუ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ძმა ძმის მტერია, მაშინ დავიღუპებით.
„ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, მათი ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს. ის პალოები, რომლებიც იმ საწყალ ბიჭებს შეტენეს, ამათ უკან დაუბრუნდება. ყველა ქართველი კაცი გარეთ უნდა გამოვიდეს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვინც შემძვრალია ამ მთავრობაში, ის კაცი არ არის. ამ ხელისუფლებამ დაღუპა საქართველო“.
ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, იგი ერთ რამეში ეთანხმება ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ოპოზიციას უკან დაბრუნება სურს. კერძოდ, პოეტი მიიჩნევს, რომ სწორედაც უკან უნდა დავბრუნდეთ, როცა ლინჩის კანონით ასამართლებდნენ ასეთ ნაძირლებს.
მღვდელმონაზონი კირიონი აცხადებს, რომ ქრისტიანობის მთავარი ღირებულება თანადგომაა.
„თუ ჩვენ ერთმანეთის მიმართ თანადგომას არ გამოვიჩენთ, ნუ გვექნება რიტუალების ტყუილი იმედი, რომ ვიწერთ პირჯვარს, ვამბობთ აღსარებას და ვეზიარებით. ეს არ არის მაცხოვნებელი, თუ ჩვენ ამის შინაარსი და სული არ გაგვაჩნია. უსულო ადამიანს პირჯვრის წერა არ უშველის. ის დაცლილია ამ ყველაფრისგან“.
ამასთან, მღვდელმონაზონი კირიონი არ ეთნხმება საზოგადოების ნაწილის აზრს ამ ადამიანების ლინჩის წესით გასამართლების შესახებ. მისი აზრით, მომხდარის გამო მოქალაქეები უნდა აღშფოთდნენ, მაგრამ, ამავდროულად, გონებასაც უნდა მოუხმონ.
„უნდა გავაკეთოთ ის, რაც გერმანელმა ერმა გააკეთა-ნიურნბერგის პროცესი. კანონის გზით უნდა გასამართლდნენ ეს ადამიანები და არა ლინჩის წესით, თორემ ისევ აბორიგენულ ცნობიერებაში დავბრუნდებით. თუ სახელმწიფოს აშენება გვინდა, ამას სასამართლო და ნიურნგბერგის პროცესი სჭირდება“,-გვითხრა მღვდელმონაზონმა.
პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ ახლახანს დაკავებული დათა აკობია ამ ხელისუფლებამ საინფორმაციო მასალის გავრცელების გამო დაადანაშაულა. იგი დიღმის სამმართველოს იზოლატორში იმყოფება, წამების ქვეშაა და მისი ადვოკატი საზოგადოებასთან ერთად მიემართება, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მოახერხოს.
„ეს არის ხელისუფლების უკანასკნელი მცდელობა, რომ მის მიერვე ჩადენილს ისეთი შეფასება მისცეს, თითქოს ეს ყველაფერი გარედან, ოპოზიციის მხრიდან იგეგმებოდა. თუმცა ყველამ იცის, რომ მეფე შიშველია,“ - აღნიშნა ზაზა დავითაიამ.
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები ხელისუფლების მიერ იყოს შემოგდებული.
„თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, ხელისუფლებამ თავისი ხელით გამოიჭრა ყელი არა მარტო ქართველი საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში, რა რეჟიმიც შექმნეს სააკაშვილმა და ახალაიამ, მაგრამ, რაც ვნახეთ, ძალიან დამთრგუნველი იყო. ეს არის სისტემა, რომელიც აგებულია ადამიანის, როგორც ღმერთის ხატის, დათრგუნვისკენ, მისი ღირსების შელახვისკენ. ეს კაცთმოძულე ხელისუფლებაა და ამას მიზანმიმართულად ახორციელებს“,- მიიჩნევს ჯაბა ხუბუა.
მისი აზრით, ეს ყველაფერი პირადად სააკაშვილის ბრძანებით ხორციელდება და ამას გუშინდელი ფაქტიც ადასტურებს, როდესაც ამაზრზენი კადრების გამოქვეყნების შემდეგ სააკაშვილი ფილარმონიაში მივიდა და არხეინად უყურებდა კონცერტს; ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და მოეხსნა ყველა, ვინც მოსახსნელი იყო.
ჟურნალისტის თქმით, ის კადრები, რომლებიც ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვიხილეთ, სავარაუდოდ, მთლიანობაში, სამ საათიანი ქრონომეტრაჟისაა. ამდენად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა შემზარავი იქნება, სამი საათის განმავლობაში ადამიანმა გადაბმულად იხილოს ეს კადრები.
„დანარჩენ კადრებსაც აუცილებლად ნახავს ქართველი ხალხი და ციხეებზე დაშენებული სააკაშვილის რეჟიმის რღვევა დაიწყება,“- აცხადებს ჯაბა ხუბუა.
დაღუპული პატიმრის და, მანანა აბუსერიძე, აცხადებს, რომ მისი ძმა ციხეში მოკლეს, ჯამბულ აბუსერიძეს თავი გაუტეხეს და წამებით ამოხადეს სული. არადა, იგი შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იყო, თუმცა ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წასულა.
„40 წლის ასაკში №1-ელ საპყრობილეში ძმა მომიკლეს, ეს მოხდა 2010 წელს. არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამ ქვეყანაში სამართალს ვერ მივაკვლიე. მკვლელები უნდა დაისაჯონ. ყოველდღიურად ციხიდან ნაწამები გვამები გამოდის, რაზეც არავინ ლაპარაკობს, რომელი სახალხო დამცველი?!“-აცხადებს მანანა აბუსერიძე.