აქციები გაგრძელდება, ახალაია უნდა დაისაჯოს!

აქციები გაგრძელდება, ახალაია უნდა დაისაჯოს!

პატიმრების წამების ფაქტების ამსახველმა ვიდეომასალამ ქართულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რასაც მაშინვე მოჰყვა საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში. აქციები გუშინ საღამოს დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას გადაყენება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ასევე ყველა იმ პირის დასჯა, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობას ღებულობდა.

დღეს გამთენიისას გავრცელდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავე პირები ხანგრძლივი ვადით ჩაჯდებიან ციხეში. ამას მოჰყვა ის, რომ ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ–მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

„ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება სრული სიმკაცრით", - განაცხადა კალმახელიძემ.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ პატიმრებისა წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების სისტემის 10 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გააკეთა.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე დაკავებული არიან საჯარო მოხელეები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ლევან ფუცხვანიძე, გიორგი კვარაცხელია, ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე, ბორის ფარულავა. ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად დაისჯება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. 13:00 საათზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები პატიმრების სოლიდარობის ნიშნად აქციას სახელწოდებით - "ეს უნდა დამთავრდეს!" გამართავენ. აქციები რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარე საპატიმროებთან გაიმართება. ასევე, სოლიდარობის აქცია 13:00 საათზე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან გაიმართება.

საპატიმროებში ადამიანების წამების ფაქტების გამო გამართული საპროტესტო აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი უფლებადამცველი დაჩი ცაგურია გახლდათ. იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება გუშინ გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვას და საერთოდ რატომ ცდილობს ხელისუფლება პატიმრების წამების ფაქტები ვინმეს მხრიდან სპეციალურ დაკვეთას დაუკავშიროს, for.ge–ს დაჩი ცაგურია ესაუბრება.

დაჩი ცაგურია: „მოგეხსენებათ, ხელისუფლება ყველას უსმენს, უთვალთვალებს და ყველა ამგვარ უმსგავსო ქმედებას სჩადის. ამიტომ მათ ყველას შესახებ ყველაფერი იციან და ცხადია, ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამგვარი კადრები არსებობდა და სატელევიზიო ეთერში უნდა მოხვედრილიყო. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მათ ამ ვიდეო–მასალის გავრცელებას ასე ვთქვათ, დაასწრეს და გაავრცელეს ის კადრები, რაც ყველამ ვიხილეთ. ამით თითქოს უნდოდათ, რომ ვინმესთვის დაებრალებინათ მათივე ჩადენილი ქმედებები, მაგრამ სინამდვილეში ამ მასალის გავრცელებით უარესი რაღაც გააკეთეს. თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ ადამიანმა, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ მკაცრად კონტროლირებად ციხეში ზის, ამგვარი დაკვეთები გასცეს.

იმედი მაქვს, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამ საშნელებაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ კალმახელიძეც გადავაყენეთ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მინდა გითხრათ, რომ კალმახელიძე ამ თანამდებობაზე ერთი რიგითი პაიკია და მას ამ ხელისუფლებაში არავინ არაფერს ეკითხებოდა. ამიტომ აქ მთავარია დადგეს ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან სწორედ ახალაია არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს რეჟიმი, თავად არის ავტორი იმ უმსგავსობის, რაც ქართულ ციხეებში ხდება. ამიტომ სწორედ ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ყველაფერ იმის გამო, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ.

პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ? საკმარისი იქნება, ახალაიამ თანამდებობა რომ დატოვოს?

– რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ბატონი ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრი კი არა, არამედ არის შინსახკომი, ხომ გახსოვთ საბჭოთა პერიოდში შინსახკომი რომ იყო. სწორედ ასეთია ბატონი ახალაია და პირველ რიგში ისი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლებრივი წესით უნდა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ უწყებაში ხდებოდა.

სწორედ ახალაიას დანერგილია ცემა–წამების ის მეთოდები და პოლიტიკა, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში მის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. ამიტომ ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი არის უმთავრესი, თორემ თუ იგი არ დაისჯება, არაფერს აქვს აზრი.

ქალბატონი კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა არაფერს ცვლის, რადგან იგი მხოლოდ მარიონეტია და მას არავინ არაფერს ეკითხება. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ქალბატონი კალმახელიძეც პასუხისმგებელია ყველაფერ იმაზე, რაც მის უწყებაში ხდებოდა. თუკი მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდებოდა, მაშინ მას მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის უნდა აგოს პასუხი, ხოლო ახალაია უამრავი ადამიანის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში თავად იღებდა მონაწილეობას. ამას სახალხო დამცველის მოხსენებებიც ადასტურებს, სადაც პატიმრები პირდაპირ ასახელებენ ახალაიას, რომ იგი თავად ღებულობდა მონაწილეობას მათ წამებაში. ყველა ეს დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული და ახალაია უნდა დაისაჯოს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ციხეში პატიმარი იღუპება, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება ამბობს, რომ იგი ასაკის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ფაქტები სულ სხვას მოწმობს. კერძოდ, უკანასკნელ წლებში, ანუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართულ ციხეებში 800–ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და მათი ალბათ 3–5% პროცენტი თუ იქნებოდა ასაკოვანი, დანარჩენები კი ახალგაზრდები იყვნენ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კალმახელიძის გადაყენებით ჩააცხროს პროტესტის ის მძლავრი ტალღა, რომელიც გუშინ გავრცელებულმა კადარებმა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, საკმარისია მხოლოდ კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენება?

– ეს არანაირად არ არის საკმარისი, რადგან როგორც გითხარით, კალმახელიძე მხოლოდ თოჯინაა, რომელიც მინისტრის სავარძელში ჩასვეს და არაფერს ეკითხებოდნენ. რა თქმა უნდა, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რადგან სწორედ მის უწყებაში ხდებოდა ეს უმსგავსობები, მაგრამ უმთავრესია ბაჩო ახალაიას ჯერ თანამდებობიდან გადაყენება, შემდეგ კი მისი კანონის შესაბამისად დასჯა.

გუშინ, როდესაც ჯერ გლდანის ციხესთან, შემდეგ კი ფილარმონიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათი ერთ–ერთი მოთხოვნა კალმახელიძის გადაყენება იყო. ახლა ხათუნა კალმახელიძე უკვე მინისტრი აღარ არის, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროტესტო აქციები შეწყდება?

– არა, არავითარ შემთხვევაში. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მიერ გუშინ წამოყენებული ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბაჩო ახალაიასა და ამ სასტიკ დანაშაულებში მონაწილე ყველა პირის დასჯას ვგულისხმობ.