წარსულისა და რეალობის თავდაყირა დაყენება – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ის სიტუაცია, რაც დღეს სამაჩაბლოს კონფლიქტის ზონაში არის. სამაჩაბლოს მშვიდობიანი პროცესების წარმართვა, როგორც ჩანს მხარეების (თუკი ამას მხარეები შეიძლება ეწოდოს) მხოლოდ სურვილია და სხვა არაფერი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, სეპარატისტებს უკვე მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი კარგა ხანია აღარც აქვთ.
კოკოითის ხელისუფლების ამგვარ სიკერპეს ხალხი საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკასაც უკავშირებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წლების მანძილზე ვერ უზრუნველყო ერთი, მკაფიო და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, რაც აშკარას გახდიდა ქართული მხარის ნათელ პოზიციას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
იგორ ბერიშვილი, ფრონეს ხეობა: “ხალხს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც თვითონ ხელისუფლებას ვერ გაურკვევია, რა უნდა. ხან სულ იმას ქადაგებენ ოსები ჩვენი ძმები არიან და მაგათთან საომარი არაფერი გვაქვსო, ხან კი იქადნებიან არც ომისა გვეშინიაო.. ჩვენ, ქართველები ვერ ვიგებთ რა უნდათ და მოდი ახლა ოსებს აუხსენი ყველაფერი.
განსაკუთრებით ომის მერე არის გაურკვევლობა. გასაგებია, რომ ომში დიდ რუსეთთან დავმარცხდით და ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა რომ მშვიდობა იყოს, მაგრამ, ევროპაში სირბილი საქმეს რომ ვერ შველის? აქეთ ჩვენი ხალხი ცდილობს სხვა ქვეყანაში გაღწევას და იქით ოსები. ჩვენი მოწა ბოლოს ალბათ მართლა რუსებს დარჩებათ, რომლებსაც მთელი ქართლი სამხედროებით გაავსეს”
რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცევი ქართულ მხარეს უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებით ემუქრება.
როგორც სუსული საინფრომაციო საშუალებები იუწყებიან, ქართული უპილოტო საფრენი აპარატები “სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს” თვეში საშუალოდ 4-8-ჯერ არღვევენ. დაზვერვისთვის საქართველო – “Hermes 450S”-ს ორი ტიპის და “ჟავორონოკ 1” და “ჟავორონოკ 2”-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, რომლებიც დაზვერვითი ინფორმაციის შესაგროვებლად არის განკუთვნილი. ქართული მხარე ამ ინფორმაციას ტრადიციულად უარყოფს და სეპარატისტების პროვოკაციაზე კიდევ ერრთხელ საუბრობს.
მართლაც, სამაჩაბლოში გასული დღეების მანძილზე გამეფებული მდგომარეობის გამო, კონფლიქტის ზონაში მეტად უცნაური ვითარება შეიქმნა. ორივე მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ უნდათ მშვიდობა და ორივე ხელისუფლება თავიანთი სიმართლის დაამტკიცებას ცდილობს.
გიორგი ზაუტაშვილი, ლიახვის ხეობის მკვიდრი: “კი ბატონო, ვთქავთ, ის უპილოტო თვითმფრინავი მართლა არ გადაფრენილა და ქართველები მართლები არიან და ომის პროვოცირებას ისევ ოსები ახდენენ. ამის დამტკიცებით რას მივაღწევთ? კოკოითი ბოდიშს მოიხდის და რუსი ოკუპანტები ამისთვის სეპარატისტებს დასჯიან თუ რა? თავიდან ბოლომდე რომ დათვალო, რაც კოკოითი გახდა სეპარატისტების ლიდერი, იმის შემდეგ რამდენჯერ დაგვარტყეს ოსებმა, ერთ ფურცელზე არ დაეტევა, მაგრამ ამით რა?
შეშინებული ვიყურებთ, თანდათან როგორ მცირდება ქართული ჯარი. ბევრს უხაროდა კიდეც, ალბათ ოსებიც ამცირებენ ჯარს, შეიძლება კონფლიქტი მართლა მოგვარდესო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ამაწინათ, ოკუპირებული თამარაშენის მხარეს გადავიდა ერთი ჩემი ახლობელი. კინაღამ გაგიჟდა, სეპარატისტების ხელში ისეთი იარაღი და იმდენი ტანკი ნახა. კოკოითი ადვილად განსაიარაღებელი ვინმე არ არის. ოსებს და რუსებს ისეთი უახლესი მოდელის ტანკები ჰყავდათ, მარტო ტელევიზორში თუ გვინახავს“
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, სამაჩაბლოში ომი ერთი შეხედვით დამთავრდა, შემდგომი განვითარების შესახებ პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ კონფლიქტის ზონაში ცხოვრება დღითიდღე სახიფათო ხდება.
რუსეთის მიზანმიმართული აგრესია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სამხედრო პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. უკვე აღარავისთვის არის დაფარული, რომ კონფლიქტის ზონებში განხორციელებული პროვოკაციები: აფეთქებები, სროლები, ხალხის გატაცება, ქურდობა, ძარცვა და სხვა.. პირველ რიგში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის იმიჯის შელახვას ემსახურება.
რუსეთის პოზიცია მარტივია. აგრესიულ სახელმწიფოს სურს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც კავკასიაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი და დაამკვიდროს აზრი რომ კავკასიური კონფლიქტების მოგვარება თუ არა, განეიტრალება მაინც, თითქოს მხოლოდ რუსეთს ხელეწიფება.
სამაჩაბლოს კონფლიქტის ზონაში ამჟამად ძალიან ცოტა მოსახლეობა არის დარჩენილი. საუბარია იმ სოფლებზე, სადაც ქართული იურისდიქცია ვრცელდება, თორემ აგრესორების მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან არათუ ქართველები, ეთნიკური ოსებიც კი თავქუდმოგლეჯილნი გარბიან.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების მიერ გამოყოფილმა სოლიდურმა ფინანსურმა დახმარებამ გლეხებამადეც მიღწია. (საუბარია ომის შემდეგ დანგრეული სახლების აღდგენის დაწყებაზე, სოფლების გაზიფიკაციაზე და სხვა...) ყოფილი ოსეთის ავტონომიის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ცხოვრება მაინც გაუსაძლისია და არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ მოსახლეობის სიცოცხლე დაცული იქნება.
რეგიონში საგრძნობლად იმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა – უმეტესად კი ყაჩაღობის ფაქტებმა. სოფელ ზემო ნიქოზიდან და ხვითიდან ლამის ყოველდღე იკარგება საქონელი. ადგილობრივები დადასტურებით ვერ ამბობენ, რომ ქურდობებს მხოლოდ და მხოლოდ სახელდობრ ოსი სეპარატისტები სჩადიან, რადგან არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები, რომ ქართულ სოფლებში, სეპარატისტებზე არანაკლებად ეროვნებით ქართველი ყაჩაღებიც დაძრწიან.
გელა ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “როდესაც რუსები ეომებოდნენ ქართულ ჯარს, ამ დროს მარადიორობდნენ და ძალადობდნენ ქართულ მშვიდობიან მოსახლეობაზე ოსი სეპარატისტები, ეს იქნა გაკეთებული შეგნებულად და ამით რუსებმა სეპარატისტ ოსებს უკან მოსაბრუნებელი გზა მოუჭრეს. თუ რუსი არ იქნა კავკასიაში არ იქნებიან ოსებიც! ამის შეცვლა შეიძლება ჰუმანიტარული აქციებით არის მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილობა“.