გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები საკვები პროდუქტების მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ყურადსაღებ განცხადებებს აკეთებენ. ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაც აღინიშნა. შემოდგომა დაიწყო და თანდათან საქართველოსაც დაუდგა მზარდი ფასების პერიოდი. ამ პროცესს საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის შეუქცევადი გაძვირება კიდევ უფრო დააჩქარებს.
ამის მიზეზად უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთსა და ამერიკაში არსებული გვალვები, ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში ჯერ გადაუღებელი წვიმები, ხოლო ბოლო დროს მაღალი სიცხეები სახელდება.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ხორბალი წლევანდელ ზაფხულში 50%-ზე მეტით, ხოლო სიმინდი 45%-ით გაძვირდა. სურსათის მსოფლიო ბაზარზე არსებული რყევები ინვესტორებს აფრთხობს და სოფლის მეურნეობაში კაპიტალის ჩადებისგან თავს იკავებენ. ამიტომაც ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ შტატებში წლევანდელი გვალვები 2013 წლიდან სურსათის მსოფლიო ფასებს გაზრდის.
ევროზონაში ფასები მაღლა უკვე დაიძრა. ინფლაცია ყველაზე მეტად უნგრეთში, კვიპროსში და ესტონეთში იგრძნობა 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2.6%-ით გაიზარდა. ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შვედეთში (0.9%), საბერძნეთში (1.2%) და ლატვიაში (1.9%). ყველაზე მეტად კი ფასები გაიზარდა უნგრეთში - 6%, კვიპროსში - 4,5% და ესტონეთში - 4.2%.
ფასების ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ლიდერ ქვეყნებში გერმანიაში და საფრანგეთში. გერმანიაში ინფლაციამ წლიური _ 2.2%, საფრანგეთში 2.7% შეადგინა. თვის ინფლაციამ შესაბამისად 0,4% და 0.7%.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში პერმანენტულად ძვრდება ორი მთავარი პროდუქტი - ოქრო და «შავი ოქრო». მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასმა 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია, რაც აშშ-ს სარეზერვო სტიმულირებას უკავშირდება. პარასკევს 1 უნცია ოქროს ფასმა 1.773,70 დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც წინა ვაჭრობაზე მისი ღირებულება 1.766,29 დოლარი იყო.
ქართველი ექსპერტების განცხადებით, სურსათის გაძვირება გარდაუვალი პროცესია, რასაც სტიქიასთან ერთად, განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმაც უბიძგეს. კერძოდ, ექსპერტ ავთო სილაგაძის მოსაზრებით, განვითარებად ქვეყნებში სურსათზე გაზრდილმა მოთხოვნამ საკვები პროდუქტების გაძვირება გამოიწვია,ხოლო ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ეს პროცესი უფრო მეტად დააჩქარა.
საქართველო 80-85%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ასე რომ, მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარება მალევე ჰპოვებს არასასურველ ასახვას ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში. მით უფრო, რომ უკვე შემოდგომაა და საქართველოში მოყვანილი იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქტი სწრაფად ილევა. დაახლოებით 2 თვეში ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად უცხოური ნაწარმით გაჯერდება და ფასებიც მომხმარებლისთვის უცხო იქნება.
სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი თამაზ კუნჭულია სურსათის გაძვირების მოტივებზე საუბრობს და დასძენს იმ საშიშროებებზე, რაც ასეთი პროცესებს თან ახლავს.
«უამრავი მიზეზია, რაც სტიქიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემცირებას განაპირობებს. ძირითადი მაინც არის მოსახლეობის ზრდა დედამიწაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირება, სარწყავი წყლის დეფიციტი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბიოსაწვავად გამოყენება. ეს არის მოსავლიანობის შემცირების ძირითადი მოტივი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობი და გაზი არის ამოწურვადი საბადოები, რაც შორეულ პერსპექტივაში ახალი მოტივია საფასო ცვლილებებისთვის», - აცხადებს კუნჭულია და დასძენს, რომ სურსათის გაძვირების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ დამოკიდებულება.
«ეს საშიშროება რეალურად არსებობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პროცესს ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდა დავუპირისპიროთ. ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ შეწყვიტოს ან შეამციროს ექსპორტი და თვითდაკმაყოფილებაზე იზრუნოს.
სურსათის გაძვირების შემთხვევაში, საკვების შემოტანა ძალიან მაღალ ფასში მოგვიწევს. მესმის, კაკაოს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ როგორმე უნდა მოვახდინოთ იმ პროდუქციის წარმოების ზრდა, რისი რესურსიც არსებობს. იაფი ფასების ხანა დასრულდა და ეს რეალობა ყველამ უნდა მივიღოთ», - აცხადებს თამაზ კუნჭულია.