„სოლიდარობა რეპრესირებულ პროფესორებს-1937-2012“, „ძირს განათლების გაუნათლებელი სისტემა“, „თავისუფლება უნივერსიტეტს“, „ლექტორები პოლიტიკური და შიდა-კლანური თამაშის მიხედვით არ უნდა შეირჩეოდნენ“, - ასეთი ტრანსპარანტებით შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
სტუდენტების ერთ–ერთი ლოზუნგი იყო – „არ გვინდა სტუდენტი დეკანი”, რასაც მათი ადრესატი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ანდრო ბარნოვი ასეთნაირად გამოეხმაურა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საბუთების სახელმწიფო უნივერსიტეტში გადატანა მისი მხრიდან იყო ჟესტი და მან ამით აჩვენა, რომ სწავლის გაგრძელება იქ სურდა, სადაც უკეთესი პირობები იყო, ანუ თსუ-ში. თუმცა, დეკანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იგი სწავლას არ აპირებდა.
თავის მხრივ, პროტესტანტი სტუდენტები დილიდანვე რექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ და უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების დათხოვნას აპროტესტებდნენ. ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ანდრო ბარნოვის გადადგომას მოითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ბარნოვი ხელისუფლების ყოფილი ჩინოსანი გახლდათ. ამდენად, სტუდენტები არც მალავდნენ, რომ ბარნოვის გათავისუფლება მათთვის წმინდა პრინციპული საკითხი იყო. მათ მოთხოვნებს შორის, ასევე, იყო რეგენტთა საბჭოს გაუქმება და სასწავლო ბაზების მოწესრიგება. აქციას სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ი ხელმძღვანელობდა.
თსუ-ს პირველ კორპუსთან დაწყებულმა აქციამ მალე უნივერსტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან გადაინაცვალა, სადაც სტუდენტები სკანდირებდნენ: „გამოდი, გამოდი“ , „გეშინოდეთ ჩვენი“. მართლაც, სანდრო კვიტაშვილი მათთან გავიდა და განაცხადა, რომ სტუდენტების მოთხოვნები ნაწილობრივ სამართლიანია, თუმცა შეძახილები - „გეშინოდეთ ჩვენი“ საქმეს ვერ წაწევდა და რექტორატსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობები ასე ვერ მოწესრიგდებოდა.
მალე სტუდენტებსა და რექტორს შორის შეკამათებაც მოხდა. სტუდენტებმა ალექსანდრე კვიტაშვილს პირდაპირ განუცხადეს, რომ უნივერსიტეტში ავტოკრატიაა და მაღალი გადასახადების შესაბამისი სწავლების დონე არ არის, რექტორი, რექტორატი და რექტორატთან დაახლოებული პირები მაღალ ხელფასებს იღებენ, საქმე კი არ კეთდება. ახალგაზრდები რექტორს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშულებდნენ. კერძოდ, ალექსანდრე კვიტაშვილი მათ თურმე ბაზების გამართვას, თვითმმართველობის მოძალადე წევრების დასჯას დაჰპირდა, მაგრამ არ შეასრულა. ამდენად, სტუდენტების თქმით, მათ რექტორის ნდობა აღარ ჰქონდათ. სიტყვიერი პაექრობისას რექტორი რატომღაც მისი მისამართით გამოთქმული შენიშვნების ავტორთა ვინაობით დაინტერესდა და ცალკეულ სტუდენტებს სახელისა და გვარის თქმა მოსთხოვა. ამაზე სტუდენტები აღშფოთდნენ და რექტორს უსაყვედურეს, რომ იგი პრობლემების კონკრეტულ პიროვნებებამდე დაყვანას ცდილობდა და სტუდენტების ვინაობაში ჩაძიება სულაც არ იყო საჭირო.
ალექსანდრე კვიტაშვილმა უნივერსიტეტიდან ლექტორების, ნოდარ ხადურისა და ლელა გაფრინდაშვილის წასვლასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა. რექტორის თქმით, ორივე ლექტორთან მას კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავის გაუთავისუფლებია. თუმცა აღნიშნულმა ლექტორებმა გარკვეული საკონკურსო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. მაგალითად, ლელა გაფრინდაშვილმა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საკონკურსო განაცხადში სასწავლო სილაბუსები არ მიუთითა. თუმცა კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი კონკური ცხადდება და, პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ნებისმიერ ლექტორს აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება შეუძლია.
ამასთან, ალექსანდრე კვიტაშვილი ანდრო ბარნოვის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბარნოვი ხელისუფლების მხრიდან დეკანად არავის დაუნიშნავს. უფრო ზუსტად, იგი თავად რექტორის თხოვნით მისულა აღნიშნულ თანამდებობაზე.
„ანდრო ბარნოვი უკვე აღარ მუშაობდა სამხედრო აკადემიაში და მე მოვიწვიე. ბარნოვი დეკანად 15 აგვისტოდან მუშაობს და არც ისე დიდი დროა, რომ შევაფასოთ, კარგად მუშაობს თუ ცუდად. ის არც არჩეულია და არც დანიშნული, მოწვეულია ექვსი თვით და მერე გახდება ცნობილი, ავირჩევთ თუ არა დეკანად. ამას ბარნოვის აქტივობა და საქმიანობა გვიჩვენებს", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
მოგვიანებით, სტუდენტებმა რექტორს სააქტო დარბაზში გადასვლისკენ მოუწოდეს, თუმცა რექტორმა განაცხადა, რომ ასეთ რეჟიმში აღელვებულ სტუდენტებთან შეხვედრა წარმოუდგენელი იყო.
ამის შემდეგ ახალგაზრდებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს და პირველკურსელებს მოუწოდეს, უნივერსიტეტის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მათაც მიეღოთ მონაწილეობა. მათი განმარტებით, დღეს უნივერსიტეტის თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია და იმისთვის, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, საჭიროა რეგენტთა საბჭოს დაშლა და ავტონომიის დაბრუნება.
გუშინდელმა აქციებმა უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსი მოიცვა. პირველი კორპუსის შემდეგ ახალგაზრდებმა უკვე მეექვსე კორპუსთან გადაინაცვლეს, საბოლოოდ კი თსუ-ს მესამე კორპუსთან გააპროტესტეს უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევა.
თსუ-ს მეექვსე კორპუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან ანდრო ბარნოვიც გავიდა. სტუდენტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. ბარნოვმა მათ შენობაში შესვლა და დიალოგის დაწყება შესთავაზა, იმასაც დაჰპირდა, რომ ლელა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ საბუთებსა და კონკრეტულ ბრალდებებს გააცნობდა. თუმცა სტუდენტები მას არ შეყვნენ და ამ საბუთების განსაჯაროება იქვე, მეექვსე კორპუსის წინ, მოსთხოვეს. აქვე კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს ბარნოვს, რომ მათ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან არაფერი ესაქმებოდათ და სჭირდებოდათ ისეთი დეკანი, რომელიც ფაკულტეტს განავითარებდა და სტუდენტების უფლებებს არ შეზღუდავდა.
სტუდენტებისგან ანდრო ბარნოვს შემდეგი სიტყვების მოსმენა მოუწია: „თქვენ არ ხართ უნივერსიტეტის ღირსი, თუ გინდათ, წაბრძანდით ილიაუნში და იქ ისწავლეთ, ან იჯექით „მოდელირებულ ქრონიკაში“ და რუსეთის კვლევის ინსტიტუტში. არ არის უნივერსიტეტი თქვენი საბოგინო, თქვენ ხართ ემისარი“.
თავის მხრივ, სტუდენტების ლოზუნგებსა და შეძახილებს ანდრო ბარნოვმა პოლიტიკური ზეწოლა უწოდა.
ამის შემდეგ ახალგაზრდებმა უკვე თსუ-ს მესამე კორპუსთან გამართეს აქცია. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და სხვა უმაღლესების სტუდენტებსაც მოუწოდებენ, საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ.
და ბოლოს, თსუ-ს სტუდენტების ერთ-ერთ ტრანსპარანტზე სხვადასხვა პარტიის საარჩევნო ნომრები იყო გადახაზული, მათ შორის, ნაცმოძრაობის № 5, „ქართული ოცნების“ №41, რაც იმას მიუთითებდა, რომ სტუდენტთა აქცია აპოლიტიკური იყო.
For.ge სტუდენტებს ესაუბრა.
„ლაბორატორია 1918“-ის წევრი, სტუდენტი სანდრო ცაგარელი აცხადებს, რომ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი სტუდენტური აქციების გაგრძელებას აპირებენ.
„ანდრო ბარნოვს აუცილებლად დავაბრუნებინებთ დათხოვნილ ლექტორებს. მასთან შეხვედრით უკმაყოფილონი ვართ. მან, ისევე, როგორც სანდრო კვიტაშვილმა, განაცხადა, რომ თურმე პასუხს ვერ გაგვცემდა. ეს ადამიანი უნივერსიტეტში ჩვეულებრივ იმისთვისაა დანიშნული, რომ ფაკულტეტზე რეპრესიული პოლიტიკა გაატაროს. სანდრო კვიტაშვილმა კი ტყულები გვითხრა, თითქოს სასწავლო ბაზებზე პრობლემა არავის ჰქონდა“, - აღნიშნა სანდრო ცაგარელმა.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ვაჟა ქორიძის თქმით, მათი საბოლოო და წარბშეუხრელი მოთხოვნა უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნებაა.
„თუ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, საკუთარ თავს დააბრალონ, რადგან სტუდენტები არ გავჩერდებით. ანდრო ბარნოვთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერც გამოიღებდა, რადგან ის ლაპარაკობდა, როგორც ნაციონალებისგან პირდაპირ დანიშნული პირი. ზუსტად ამას ვაპროტესტებთ, რომ არცერთი ადამიანი, არცერთი პარტიიდან არ უნდა იყოს უნივერსიტეტში. ეს არის დამოუკიდებელი სასწავლო კერა და უნდა დასრულდეს უნივერსიტეტის პოლიტიზირება“.
ვაჟა ქორიძის თქმით, ამ დღეებში სტუდენტები კიდევ უფრო გაერთიანდებიან და გაცილებით დიდ საპროტესტო ტალღას ააგორებენ.