ბასიშვილის ზონდერებმა ამჯერად ქალბატონიც ცემეს

ბასიშვილის ზონდერებმა ამჯერად ქალბატონიც ცემეს

ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და 6 მოთხოვნა ჩამოაყალიბა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ოპოზიციის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. ამას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული კრიტიკული შეფასებები, რამაც ხელისუფლება თითქოს გარკვეულ დათმობებზე წამოიყვანა. კერძოდ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა და ჯარიმის ამოღების პროცედურა შეჩერდა, მაგრამ იმ 6 მოთხოვნიდან, რომელებიც ივანიშვილმა წამოაყენა დღეის მდგომარეობით არც ერთი არ შესრულებულა და ხელისუფლების ქმედებები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სიტუაცია ამ მხრივ არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაშიც არ შეიცვლება.

ამ მოთხოვნების წამოყენებიდან პრაქტიკულად დღე არ გასულა ისე, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე ზეწოლა და უფრო მეტიც – მათი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარიყო. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაშიც ორი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. მაგალითად, დმანისში „ქართული ოცნების“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ გიორგი დავითაშვილის ავტომანქანას პარლამენტარ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილმა, მერაბ ოქრიაშვილმა საკუთარი მანქანა რამდენჯერმე დააჯახა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ფაქტზე „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ მერაბ ოქრიაშვილის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ოქრიაშვილი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

„დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ ოქრიაშვილი დააკავეს. ოქრიაშვილმა განზრახ მოახდინა რამდენიმე შეჯახება  მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პიკაპით" გიორგი დავითაშვილის კუთვნილ „ბმვ"-ს  მარკის  ავტომანქანაზე. შემთხვევა ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩა N63-თან მოხდა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ მერაბ ოქრიაშვილს მანამდე კიდევ რამდენიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ გავლენიანი ბიძაშვილის მფარველობით იგი არც ერთხელ არ დასჯილა. რაც შეეხება თავად ინციდენტს, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი დავითაშვილი საკუთარი მანქანით დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ იდგა, რა დროსაც მას მერაბ ოქრიაშვილი თავისი მანქანით მიუახლოვდა, უკუსვლით დამიზნებით დააჯახა თავისი მანქანა გიორგი დავითაშვილის ავტომობილს და ეს ქმედება რამდენჯერმე გაიმეორა.

„როგორც ჩანს, ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ ჩვენ იქ სათვალთვალო კამერები გვიყენია. ამ კამერების მიერ გაკეთებულ ვიდეო-ჩანაწერში კარგად ჩანს, მერაბ ოქრიაშვილმა რამდენჯერმე დამიზნებით როგორ დააჯახა თავისი მანქანა გიორგი ოქრიაშვილის მანქანას. ეს ადამიანი არის კახა ოქრიაშვილის საპარლამენტო ბიუროს უფროსი და არის, ასე ვთქვათ, გამოცდილი კრიმინალი, რომელსაც ამგვარი დანაშაულები არაერთხელ ჩაუდენია.

მაგალითად, ორიოდე წლის წინ მან იარაღი ესროლა კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს. მაშინ ეს საქმე კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაფარცხეს. ამ ორიოდე თვის წინ კი, მერაბ ოქრიაშვილი, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც მას არაერთხელ სხვა კრიმინალი ჩაუდენია, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. ისინი უმიზეზოდ დაესხნენ თავს პოლიციის თანამშრომელს, ცემეს და, სხვათაშორის, ეს ფაქტიც გადაღებულია. მართალია, საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ერთადერთი, რაც ამ ფაქტს მოჰყვა, იყო ის, რომ ეს ნაცემი პოლიციელი სხვა რაიონში გადაიყვანეს სამუშაოდ. სხვა რეაგირება, ამ დანაშაულს, ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია. ამიტომაც ამ დაუსჯელობის და კახა ოქრიაშვილის მფარველობით გათამამებულმა მერაბ ოქრიაშვილმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა გიორგი დავითაშვილის მიმართ. ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანება“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

„ქართული ოცნების“ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებენ კოალიციაში 17 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც კოალიციის რამდენიმე წევრს სოფლის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად არის ნაცემი „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ დიცის მკვიდრი ერასტი არჩვაძე. „ქართული ოცნების“ გორის ოფისის წარმომადგენელი თამაზ შიოშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩვაძე სოფლის ცენტრში ფეხით მოძრაობდა, სადაც მანქანით გაჩერებულები იყვნენ დეპუტატ ბადრი ბასიშვილის ე.წ. ზონდერები, დაახლოებით 10-12 ადამიანი, მათ შორის ლევან მაისურაძე, გოგიტა გოჩაშვილი, ბესო კახნიაშვილი და სხვები.

თამაზ შიოშვილის განცხადებით ერასტი არჩვაძეს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა. დამხვდურებმა კი მას მოსთხოვეს, მაისური გაეხადა და დაეხია.

„ამ ადამიანებმა არჩვაძეს უთხრეს, მაისური გაიხადე, ჩვენს თვალწინ დახიე და ზედ ფეხებით შედექიო. ამაზე უარი მიიღეს, რის გამო არჩვაძეს რამდენიმე მათგანი, 5-6 კაცი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. ერასტი არჩვაძეს ამ სოფელში ჩვენი კოორდინატორი ზაქარია არჩვაძე მიეხმარა (ის ასაკოვანი კაცია) და ამის გამო იგიც ცემეს. გარდა ამისა, არჩვაძესთან იმ მომენტისთვის მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა სტუმრად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ და თავიანთ მეგობარს დაეხმარნენ და ბასიშვილის ზონდერებმა ეს ადამიანებიც ცემეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ერთ-ერთი მათგანის მეუღლე იმყოფებოდა და ბასიშვილის ზონდერები ამ ქალბატონსაც ხელით შეეხნენ. მოგეხსენებათ, მთელი სოფელი ამ კონფლიქტში ვერ ჩაერთვებოდა, რადგან ბასიშვილის ბიჭებს არავინ სჯის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მკაცრად გვყავს გაფრთხილებული, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ“, - აცხადებს თამაზ შიოშვილი.

იგი თავს იკავებს, იმ ორი მამაკაცის და ერთი ქალბატონის ვინაობის დასახელებისგან, რომლებიც არჩვაძეებთან სტუმრად იმყოფებოდნენ და რომლებსაც ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან არ სურს მათ კიდევ რაიმე პრობლემები შეექმნათ. ამასთანავე, თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ და არჩვაძეზე თავდამსხმელებმა პოლიციელებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ მათ არც კი უცდიათ, რომ უკანონობა აღეკვეთათ.

„ბასიშვილის ზონდერებმა შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენეს. მთელი სოფელი მათ ეუბნებოდა, ხომ ხედავთ რეებს სჩადიან და ახლა მაინც დაიჭირეთო, მაგრამ სამართალდამცავებმა ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. მოგვიანებით, ორივე მხარე დაკითხეს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბესო კახნიაშვილმა თურმე პოლიციელებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ბიჭებმა მცემესო, რაც აბსურდია“, - ამბობს თამაზ შიოშვილი.