უნივერსიტეტებში ორკვირიანი გაფიცვები იწყება?!

უნივერსიტეტებში ორკვირიანი გაფიცვები იწყება?!

სწავლის დაწყების დღეს, 17 სექტემბერს, უნივერსიტეტის შიდა საქმიანობაში ჩარევითა და ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებით თავგაბეზრებული სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. არაა გამორიცხული, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა ორკვირიანი გაფიცვაც წამოიწყონ და სწავლის პროცესი ჩაშალონ. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ერთდღიანი ბატალიები.

გასული კვირა უნივერსიტეტისთვის ცხელი გამოდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. ისინი ითხოვდნენ გათავისუფლებული ლექტორების, მათ შორის, ლელა გაფრინდაშვილის აღდგენას, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალდანიშნული დეკანის ანდრო ბარნოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, სტუდენტური ბაზის სრულყოფასა და რეგენტთა საბჭოს დაშლას. მათი შეფასებით, რეგენტთა საბჭო, რომელიც უნივერსიტეტის ფინანსებს განკარგავს და გადაწყვეტილებების მიღებას ახორციელებს, კონკრეტული პოლიტიკური მრწამსის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. რეალურად, ისინი მინისტრების მოადგილეები არიან, რაც უნივერსიტეტს ავტონომიურობას უკარგავს.

სტუდენტთა აქციის კვალდაკვალ, განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ამ განცხადების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს თურმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უფრო მეტიც, ისინი თურმე აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტში დიალოგისთვის არ იყვნენ მისულნი.

აღნიშნული გაცხადების მიუხედავად, თვითმხილველები ამ ისტორიას სხვაგვარად გადმოსცემენ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა ცივილიზებული ფორმით რექტორატთან ურთიერთობა ვერ მოახეხეს, ისინი ერთ-ერთ აუდიტორიაში განლაგდნენ, რომელიც თურმე სამართალდამცავებით იყო გარშემორტყმული. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ამის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უკვე მორიგი განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი მზად არიან სტუდენტების არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მისი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილება იქნება.

For.ge დაინტერსდა, თუ რას აპირებენ სტუდენტები და მართლა ჩაიშლება თუ არა სასწავლო პროცესი.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრი სანდრო ცაგარელი ჩვენთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, თსუ-შიც მოხდეს გაფიცვა და სტუდენტები არ შევიდნენ ლექციებზე. პროტესტის ეს ფორმა მანამდე გასტანს, სანამ არ მოგვარდება სტუდენტებისა და გაშვებული ლექტორების პრობლემები.

ცაგარელის თქმით, სტუდენტები შეეცდებიან, ამ უსამართლობის შესახებ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს აცნობონ, რათა ბევრად უფრო მასშტაბური სახე მიიღოს მათმა მოთხოვნებმა. ასევე, თსუ-ს სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიაუნისა და თეატრალურის ცალკეულ ჯგუფებთან ერთად კოორდინარებულად იმოქმედებენ.

„სტუდენტები დაიღალნენ ამ აურზაურით, გაუგებრობებით, დაიღალნენ იმ სისტემით, რაც დღეს უნივერსიტეტებშია. ყველა მათგანს ცვლილება სჭირდება და, ჩემი აზრით, სტუდენტები მოქმედებისთვისაც მზად არიან“,_აცხადებს სანდრო ცაგარელი.

როგორც სანდრო ცაგარელი იტყობინება, 17 სექტემბერს მათ მიერ გამოხატული პროტესტი, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი არ იყოს, მაგრამ ეფექტური იქნება.

რაც შეეხება პარასკევს, 14 სექტემბერს, მომხდარ გაუგებრობას, სანდრო ცაგარელის შეფასებით, სინამდვილეში, უნივერსიტეტში არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. უბრალოდ, დაცვასთან იყო შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

„უნივერისტეტის დაცვა მართლა პროფესიონალურად და ვაჟკაცურად იქცეოდა, ჩვენ  შევედით და დავიკავეთ ერთ-ერთი აუდიტორია. როგორც შევიტყვეთ, დაცვის ხელმძღვანელმა პატრული გამოიძახა. პატრულიც წყნარად იყო. არადა, ხმები გავრცელდა, თითქოს დაცვის უფროსს ყელი ჰქონდა დალურჯებული. ასეთი რამ არ მომხდარა“.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრის თქმით, პირადად მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ვერ ხერხდება რექტორთან შეხვედრა და უნივერსიტეტიდან გაშვებული ხუთი ლექტორის აღდგენა. უფრო მეტიც, სანდრო ცაგარელი ახალდანიშნულ დეკანთან, ანდრო ბარნოვთან, შეხვედრის დეტალებს იხსენებს. ახალგაზრდებს აინტერესებდათ, რატომ გაათავისუფლეს ლელა გაფრინდაშვილი. თუმცა ანდრო ბარნოვისგან არანაირი კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

„არც ის გვითხრა, კვლავაც იქნება თუ არა ლელა გაფრინდაშვილი ლექტორი, არც ის განგვიმარტა, რატომ გაუშვეს ქალბატონი ლელა. უბრალოდ, ეს ადამიანი დანიშნულია თანამდებობაზე იმისთვის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა გაატაროს. მოგეხსენებათ, იგი ლოიალურია ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება რეგენტთა საბჭოს, ეს ადამიანები განკარგავენ უნივერსიტეტის ფინანსებს და უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია გააჩნიათ. ისინი საერთოდ მოწყვეტილები არიან  უნივერსიტეტს და ყველანი მინისტრის მოადგილეები არიან. რეგენტთა ყველა წევრი საქართველოს მთავრობის მიერ არის დანიშნული და არანაირი შეხება არ აქვთ უნივერსიტეტთან“,_აცხადებს სანდრო ცაგარელი.              

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ლექსო კობაიძე აანონსებს, რომ სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, სტუდენტები აუდიტორიებში არ შევლენ, რადგან ისინი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით დაიღალნენ.

მისი თქმით, როდესაც მშობელი სწავლისთვის ამხელა ფულს იხდის, იგი მოელის კიდეც, რომ მის შვილს პროფესიონალი ასწავლის. თუმცა ამ პროფესიონალებს გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხსნიან.

„როდესაც ერთ ფაკულტეტზე ერთი სრული პროფესორია და ასეთ ადამიანებს თავიანთი პოლიტიკური მრწამსის განსაჯაროების გამო ხსნიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოლშევიზმი. ეს არც ნეობოლშევიზმია, ეს არის პირდაპირი ბოლშევიზმი. უნივერსიტეტიდან, ილიაუნიდან ლექტორები პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამიტომაც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებმა „პროფესორთა დაცვის ლიგა“ ჩამოაყალიბეს. სწორედ აქ არიან გაერთიანებულნი ჩვენი ლექტორები, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბევრი ლექტორი გაუშვეს,“_ აღნიშნა ლექსო კობაიძემ For.ge-სთან საუბარში.

მისი განმარტებით, მხოლოდ ის ლექტორები იდევნებიან, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ავტორიტეტით სარგებლობენ. თორემ, კრიტიკული აზრი, შესაძლოა, უავტორიტეტო ადამიანსაც ჰქონდეს, მაგრამ მას არ დევნიან.

როგორც ლექსო კობაიძე აცხადებს, „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიის გამო დაითხოვეს ეს ადამიანები. კრიტიკული შეხედულებისთვის მათ დევნიდნენ და ზოგიერთი იძულებული გახადეს, წასვლის თაობაზე განცხადება დაეწერათ, სხვები კი პირდაპირ გაუშვეს.

რაც შეეხება ანდრო ბარნოვს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე სხვა უწყებიდან გადმოდის და დეკანი ხდება, ცხადია, მას გარკვეული დავალება აქვს შესასრულებელი.

„სტუდენტების ერთიანობის შემთხვევაში, ანდრო ბარნოვი ჯიუტად აღარ იქნება ახალ თანამდებობაზე და თავის პოზიციას დათმობს. სწავლა 17-ში იწყება და, თუ პრობლემები არ მოგვარდება, ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას. ბარნოვი კი არა, ვინც უნდათ, ის დანიშნონ შესაბამის პოსტებზე და თავიანთი პოლიტიკა აწარმოონ, ამას ჩვენ მაინც შევეწინააღმდეგებით. უნივერსიტეტი აპოლიტიზირებული უნდა გახდეს და ნაციონალური მოძრაობის პარპაში უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დამთავრდეს. ყველაფერში იგრძნობა არაპროფესიონალიზმი. ის ქაოსი, რაც დღეს უმაღლესებშია, იქიდან მომდინარეობს, რომ შიშში ჰყავთ ადმინისტრაცია, ლექტორები და მათ პროფესიული საქმიანობის საშუალება არ ეძლევათ.  სტუდენტებისთვის დაფები, ცხრილები არ არის გახსნილი და ის ტემპი აღარ არის, რაც იყო“,_ აღნიშნავს ლექსო კობაიძე.

მისი თქმით, ილიაუნისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან ინფორმაცია ვრცელდება, რომ ისინი სწავლის პროცესის ჩაშლას აპირებენ. ამდენად, თუ ზემოთ ნახსენები უნივერსიტეტები ამ პასუხისმგებლობას აიღებენ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მათ შეუერთდებიან.