ჟურნალმა Global Finance-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების თავკაცთა ტრადიციული რეიტინგი. გასული და მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით შედგენილი ამ რეიტინგის მიზანი მსოფლიოს ყველაზე ეფექტური ფინანსური მარეგულირებლის გამოვლენა გახლდათ.
სულ რეიტინგში 50 ქვეყნის მთავარი ბანკირი მოხვდა. ჟურნალის ექსპერტების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავკაცთა მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები სახელმწიფოში ინფლაციისა და უმუშევრობის დონე და საპროცენტო განაკვეთების ეფექტურად მართვის უნარი გახლდათ. ბანკირების შეფასებისას მათ დაუწერეს A-დან D-მდე ბალები.
ჟურნალ Global Finance-ს მფლობელის ჯოზეფ გიარაპუტოს თქმით, ახლა, როცა გლობალური ეკონომიკისათვის უმძიმესი პერიოდი დგას, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეფასება განსაკუთრებით მკაცრად და კრიტიკულად მოახდინეს. ამასთან, გამოცემის მეპატრონემ აღნიშნა, რომ ამ რეიტინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელისუფლებამ თანხები ეფექტურად ხარჯოს და უცხოური ინვესტიციებისათვის და ფინანსური მომსახურებისათვის გარემო უფრო ხელსაყრელი გახადოს.
შეფასება A დაიმსახურა ექვსი ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავკაცმა. მათგან საუკეთესო გახლდათ და რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ავსტრალიის წარმომადგენელი გლენ სტივენსი, რომელმაც შარშანდელი პირველობა შეინარჩუნა. რატომაც არა, ავსტრალიაში ხომ ინფლაცია 1,2 პროცენტია, უმუშევრობა 5,2 პროცენტი, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი კი 3,5 პროცენტი გახლავთ.
აქ გასაკვირი არაფერია, ავსტრალიამ, პრაქტიკულად ერთადერთმა მოახერხა სტაბილურად შეენარჩუნებინა ნულზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ცენტრალური ბანკის პოლიტიკის წყალობით ქვეყანამ თავიდან აიცილა უძრავი ქონების ბაზარზე ბუშტუკების წარმოქმნა. ცხადია, მრავლისმეტყველია ინფლაციისა და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი.
მეორე მაჩვენებლი კანადის ცენტრალური ბანკის თავკაცს მარკ კერნეის ეკუთვნის. მის ქვეყანაში ინფლაცია 1,7 პროცენტია, უმუშევრობა 7,3 პროცენტი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტი. ამასთამ, აღსანიშნავია, რომ კანადამ, ისევე, როგორც ავსტრალიამ, მოახერხა უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტემპის და ნორმალური კრედიტირების უპრობლემოდ შენარჩუნება.
მესამე ისრაელის წარმომადგენელი სტენლი ფიშერია. ისრაელში ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტია, უმუშევრობის 6,7 პროცენტი, ხოლო ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2,25 პროცენტი.
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა A ნიშნით შეფასებულ საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ მალაიზიის ცენტრალური ბანკის თავკაცი ზეტი ახტაზ აზიზი, ფილიპინების მთავარი ფინანსური მარეგულირებელი ამანდო ტელანგკო და ტაივანის წარმომადგენელი ფაი ნანი.
რეიტინგში ყველაზე ცუდი გახლდათ არგენტინის წარმომადგენელი მერსედეს მარკო დელ პონტი. მის ქვეყანაში ინფლაცია 9,8 პროცენტია, უმუშევრობა 7,5 პროცენტი, ხოლო საპროცენტი განაკვეთი 14,125 პროცენტი გახლავთ. თქმა არ უნდა, მართლაც რომ ძალზე შემაშფოთებელი მაჩვენებლებია.
არგენტინის მთავარ ბანკირს ცუდი მაჩვენებლებით ოდნავ ჩამორჩა ეკვადორელი კოლეგა პედრო დელგადო. მის ქვეყანაში 5,09 პროცენტიანი ინფლაციაა, უმუშევრობა 5,19 პროცენტს აღწევს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 0,2 პროცენტი გახლავთ.
Global Finance-ს რეიტინგის უარეს ბანკირთა სამეულში აგრეთვე შევიდა იაპონელი მაასაკი შირაკავა. ამომავალი მზის ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ეგზომ ცუდი შედეგი მისი ქვეყნის შემდეგი მონაცემების გამო აჩვენა: ინფლაცია – 0,2 პროცენტი, უმუშევრობა – 4,4 პროცენტი, საპროცენტო განაკვეთი – 0,1 პროცენტი.
საინტერესოა, რომ საკმაოდ დაბალი შეფასება – C დაიმსახურა ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცმა ბენ ბერნანკემ. ასეთივე შეფასებები აქვთ ეკონომიკურად საკმაოდ წელში გამართული შვედეთის და ნორვეგიის ცენტრალური ბანკების თავკაცებს. ჟურნალის ექსპერტთა განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენლის შეფასებისას გაითვალისწინეს, რომ ქვეყნის ეკონომიკას შიგადაშიგ დოპინგები სჭირდება, ხოლო ევროპული ქვეყნების მთავარი ბანკირები საკმაოდ ხშირად იძულებული ხდებიან მართვის არასტანდარტულ ზომებს მიმართონ.