თურმე, არსებობს გამოსავალი

თურმე, არსებობს გამოსავალი

დღეს ალბათ ყველა მეტნაკლებად მოაზროვნე ქართველისთვის ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა დილემის წინაშე დგას: არჩევანი ასეთია - ან დასავლური ორიენტაციის ერთგულება და ამით ე.წ. ,,თავისუფლების” შენარჩუნებისათვის ზრუნვა, რაც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის კვლავ და კვლავ განმეორების რეალურ საფრთხეს შეიცავს, ან ისევ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება და დასავლურ ღირებულებებზე ხელის აღება. ცხადია, რომ არცერთი ეს გზა რაიმე ხელშესახებად პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლამდე კი გვქონდა რაღაც ილუზიები, რომ „თავისუფალ დასავლეთთან” თანამშრომლობითა და თანდათანობითი ინტეგრაციის მცდელობით ჩვენი ქვეყანა წელში გაიმართებოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით: დღეს მხოლოდ ზოგიერთ ბეც პოლიტიკოსს თუღა ჰგონია, რომ დასავლეთს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ძლიერი, განვითარებული ქართული სახელმწიფოს შექმნის გარდა სხვა საფიქრალ-საზრუნავი არა აქვს. ჩვენ ვდგავართ მწარე სინამდვილის წინაშე: დასავლეთის ძირითადი ინტერესი ის არის, რომ ჩვენს რეგიონშიც გააძლიეროს თავისი გავლენა (რუსეთსაც ხომ ანალოგიური ინტერესი ჰქონდა და აქვს) და ჩვენ, ქართველები, მხოლოდ მათი მიზნების აღმასრულებელ მორჩილ მოსამსახურეებად მოვიაზრებით.

დიდი ვერაფერი შეღავათის მომცემია ის გარემოება, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა და ევროპა სამხედრო აგრესიის საფრთხეს არ გვიქმნიან. მაგრამ რუსეთის აგრესიისგანაც ხომ ვერ გვიცავენ და მხოლოდ ჩვენი მხარდასაჭერი რეზოლუციებით შემოიფარგლებიან. მეორეს მხრივ, რუსეთთან ხელახლა ,,ჩახუტების“ მოსურნე ქართველებს უნდა მოვახსენოთ: ის ძველი საბჭოური ,,იდილია”, რომლის მიმართაც ეგზომ დიდი ნოსტალგია გაქვთ, აღარ განმეორდება. ის, კარგი იყო თუ ცუდი, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. სადღეისოდ რუსეთთან მიბრუნება მხოლოდდამხოლოდ რუსული ჩექმის ქვეშ ნებაყოფლობით გაწოლას უდრის და სხვას არაფერს.

მაშ რა გამოდის, ან მგელმა უნდა შეგვჭამოს ან მგლისფერმა ძაღლმა? დიახ სწორედ ასე იქნება, თუ გარემომცველ სამყაროს რაიმე ისეთ ღირებულებას არ შევთავაზებთ, რაც ამ სამყაროს თვალში ჩვენი ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ორგანული ნაწილის, ფუნქციურ მნიშვნელობას ცხადჰყოფს: ჩვენ უნდა ვჭირდებოდეთ მსოფლიოს, რომ მან არათუ ღირსეულად ყოფნის გარანტია შეგვიქმნას, არამედ, უბრალოდ, არსებობის უფლება დაგვიტოვოს!

რამდენიმე წლის წინ გავეცანი მკვლევარ ემზარ ხვიჩიას მეცნიერულ ნაშრომს ,,ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია.” ეს არის სრულიად არაორდინალური გამოკვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს საზოგადოებრივი ერთობის ბევრ ისეთ საკითხს, აქამდე რომ ბურუსით მოცული და გადაუჭრელი ჩანდა. ავტორს (პროფესიით ფიზიკოსს) ძირისძირობამდე შეუსწავლია მსოფლიო ისტორია და ისტორიულ მონაცემებსა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით მისულა საზოგადოებრივ ერთობათა ურთიერთმიმართების სისტემური ფუნდანენტური კანონზომიერების აღმოჩენამდე.

ამთავითვე უნდა განვაცხადო - მე პირადად პრეტენზია არა მაქვს იმისა, რომ ამ გამოკვლევას მთლიანობაში და სათანადო სიღრმით ჩავწვდი (ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, ფიზიკისა და მათემატიკის არმცოდნესაინშტაინის შრომების სრულფასოვნად გაგების პრეტენზია რომ ჰქონოდა).

ამ კვლევის შესახებ პირველად შევიტყვე ჩემი მეგობრისაგან, ზურაბ წოწორიასგან, (პროფესიით არქიტექტორია). ნაშრომი მეტად რთული მეცნიერული ენით არის დაწერილი. მიუხედავად ზურაბ წოწორიას გაფრთხილებისა, რომ მისი გაგება გამიჭირდებოდა, იხტიბარი არ გავიტეხე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მართალია ავტორის ენა გვარიანად აბსტრაქტული მეჩვენა, მაგრამ ტექსტში თითქოს გაუგებარი მაინც არაფერი იყო. ოღონდ შემდეგ, როცა ჩემსა და ზურაბს შორის ამ ნაშრომის შესახებ საუბარი გაიმართა, აღმოვაჩინე, რომ ნაშრომში ჩამოყალიბებული ფორმულირებების მიღმა ძალიან მასშტაბური და რთული შინარსები, მოვლენათაშორისი კავშირ-მიმართებები მოიაზრება.

მხოლოდ წაკითხვით ზემოთხსენებული შინაარსებზე სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია. საჭიროა ლექციური ხასიათის საუბრები და დისკუსიები, რაც კონკრეტულ საკითხებს ნათელს მოჰფენს. სადღეისოდ ამ კვლევის შედეგად შემუშავებული პროგრამის რეალიზაცია საბაზისო მნიშვნელობის იქნება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილიზაციისათვის. ამ ფაქტმა მოქმედების ჩემში მოტივაცია აღძრა.

სხვადასხვა „ცნობად სახეებთან’’ ჩვენმა არაერთგზის შეხვედრამ დამარწმუნა, რომ მათი პირველი შთაბეჭდილებები ამ ნაშრომის აღქმისას, მსგავსად ჩემი შთაბეჭდილებისა, ზერელე და ზედაპირული იყო და მოჩვენებითი გაგების ილუზიას უქმნიდათ. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, მათ არც დრო და არც სურვილი არ აღმოაჩნდათ შემდგომი ჩაღრმავებისათვის. სამწუხაროდ მრავალჯერადი სატელევიზიო თუ საჯარო საუბრებისას ნაშრომის ავტორის ლექსიკა არ განსხვავდება მისი ნაწერის ლექსიკისაგან. ის ვერ ახერხებს „აუდიტორიის დონეზე დაშვებას”, შედეგად მისი ნააზრევის მნიშნელობის გაცნობიერება მეტისმეტად ძნელდება და აქედან გამომდინარე რეალიზაციის აქტუალურობა იგნორირებული ხდება.

რაც შეეხება ზურაბ წოწორიას, მას აშკარად მეტი რესურსი აქვს იმისა, რომ აუდიტორიისათვის გასაგები ენით, ე.ი. მათი გამოცდილებით დაგროვებული განცდების შესატყვისი მაგალითების მოშველიებით გადმოსცეს ნაშრომის არსი (სამწუხაროდ ამის საშუალება მას დღემდე არ მისცემია). ის ფლობს იმ სააზროვნო აპარატს, რისი გამოყენებითაც ავტორისგან დამოუკიდებლად ძალუძს მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა და გარკვეული პროგნოზების გაკეთება არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი აზრით, სასურველი იქნებოდა ზურაბ წოწორიას ჩაეტარებინა რამდენიმე ლექცია-საუბარი ემზარ ხვიჩიას ნაშრომში დასმული პრობლემატიკის განმარტების გასაიოლებლად.

ემზარ ხვიჩიას მიერ საკუთარი კვლევის საფუძველზე შეუშავებული პროგრამა სწორედ ის ღირებულება გახლავთ, რაც საქართველომ დღევანდელ მსოფლიოს უნდა შესთავაზოს. ეს პროგრამა შესაძლებელს ხდის არაერთი იმგვარი პრობლემის მოგვარებას, უმნიშვნელოვანესი რომ არის დღევანდელ ეტპზე. მაგალითად, საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისი მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე (რაც თავის მხრივ მიიჩნევა, როგორც წარსულში დაბრუნების არაცივილიზებული მცდელობა), არსებით კორექტივს მოითხოვს: გავლენის სფეროების გადანაწილება უნდა მოხდეს არა ტერიტორიული, არამედ ფუნქციონალური გამიჯვნის გზით, ანუ ნებისმიერ ქვეყანას საშუალება უნდა მიეცეს თავისი კულტურული მემკვიდრეობით განსაზღვრული (და არა იძულებით თავსმოხვეული) როლი შეასრულოს საერთო–საკაცობრიო განვითარების პროცესში. სწორედ ამ ფუნქციების ცხადყოფასა და მეცნიერულად დასაბუთებას ეძღვნება ემზარ ხვიჩიას გამოკვლევა.

ეს არ არის ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომი, რომელშიც ავტორის სუბიექტურ შეხედულებებს ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამდენად მისი იდეების პრაქტიკული რეალიზების მცდელობა საზოგადოებაზე ისეთივე ძალდატანება იქნებოდა, როგორც ეს მოხდა მარქსისტული თუ ნიცშეანური იდეების მთელ მსოფლიოზე განფენის, ექსპორტირების (იგივე „გლობალიზაცის”) მცდელობით ერთის მხრივ რუსული ბოლშევიზმისა და მეორეს მხრივ გერმანული ფაშიზმის მიერ. ნაშრომი მკაცრად მეცნიერული, ობიექტური მონაცემების საფუძველზე იძლევა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შესაძლებლობას. ირკვევა, რომ ის კანონზომიერებები, რომლებიც ემზარ ხვიჩიამ აღმოაჩინა, ფუნდამენტურად განსაზღრავდა საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი ისტორიას. რაკი დღეს მსოფლიოში დაგროვილი ბირთვული პოტენციალი ქმნის მთელი კაცობრიობის განადგურების წინაპირობას, აუცილებელი ხდება ამ კვლევის შედეგები გაცნობიერებული იქნას ჯერ მსოფლიო მეცნიერთა, შემდეგ კი პოლიტიკოსთა მიერ. ამით მსოფლიო გათავისუფლდება სახელმწიფოთა არაოპტიმალური ქმედებების უარყოფით შედეგთაგან, გამონთავისუფლდება კოლოსალური თანხები, რაც ხმარდება გამალებულ შეიარაღებას, შეიქმნება გაეროს რეზოლუციების აღსსრულების ეფექტური მექანიზმები და თავიდან იქნება აცილებული მესამე მსოფლიო ომის საფრთხე.

ემზარ ხვიჩიას ნაშრომის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს და მისი ტიპის რამდენიმე სხვა მცირერიცხოვანი ერის ( ირლანდიელები, შოტლანდიელები, სიცილიელები, ბასკები და ა.შ.) ფუნქცია არის სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური სისტემების ერთმანეთთან მორიგება. უფრო რომ დავაკონრეტოთ, პროგრამის განხორციელების პირველი ეტაპი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა სამ ძირითად პოლიტიკურ პოლუსს შორის. ლაპარაკია მსოფლიოს სამ ზესახელმწიფოზე -- ამერიკაზე, რუსეთსა და ჩინეთზე, რომლებიც, მიეკუთვნებიან რა სამი განსხვავებული ტიპის ერთა კლასს, ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან კარდინალური მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტაში.

მაგალითად, დემოკრატია და თავისუფლება ამერიკელს, რუსს და ჩინელს სრულიად სხადასხვაგვარად ესმით და არც ერთი მათგანი არ ისურვებს თავს მოიხვიოს ამ ცნებების მათთვის უცხო ინტერპრეტაცია. გლობალიზაციის თანამედროვე გაგება, რაც თავისუფლების კატეგორიას ეფუძნება, ამერიკული სოციალური სისტემის ექსპორტირებას წარმოადგენს, რაც არათავსებადია რუსულ და ჩინურ სოციალურ სისტემებთან. ქართული საზოგადოებრიობა თვითონ სოციალურ სისტემას ვერ ქმნის, მაგრამ ის ღიაა უცხო სისტემების მიმართ და ორიენტირებულია მათ გათავისებაზე, მათ შორის ურთიერთობის დაბალანსებასა და შეთანხმებაზე. შესაძლოა ამგვარი თვისება მას ისტორიულმა წარსულმა, გეოპოლიტიკურმა თუ სხვა სახის ფაქტორებმა ჩამოუყალიბა. მაგრამ დღემდე ქართველ ერს და არც მისი ტიპის სხვა ერებს ამ ფუნქციის ინსტიტუციური რეალიზაცია არ მოუხდენია ( თუმცა კორსიკელმა ნაპოლეონმა და ქართველმა სტალინმა ინდივიდუალური თვითრეალიზაციით საერთაშორისო პოლიტიკას უმნიშვნელოვანესი კვალი დაატყვეს არამშობლიურ გარემოში, თავისი ერისგან განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერთა სოციალური სისტემების მართვით).

სადღეისოდ მიჩნეულია, რომ გლობალიზაციის პროცესი ცალკეულ ერთა ნაციონალურ თვითმყოფადობას ებრძვის და მსოფლიოს გაერთგვაროვნების საფრთხე ემუქრება. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მსოფლიო უკვე გლობალურ ცივილიზაციას წარმოადგენს. ტერმინ „გლობალიზაციაში” შეცდომით მოიაზრებენ არა თავად მოვლენას, არამედ ამ მოვლენის სამართლებრივ უზრუნველყოფას (საერთო საკაცობრიო თამაშის წესს), რაც, როგორც აღვნიშნეთ, ამერიკული სოციალური სისტემის მთელ მსოფლიოზე განფენის უნაყოფო მცდელობაა. ემზარ ხვიჩიას პროგრამა ამ ილუზორული წარმოდგენების ალტერნატივა გახლავთ. კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ცივილიზაცია აუცილებლად გულისხმობს თავის თავში ოთხ კომპონენტს ოთხი ურთიერთგანსხვავებული ერთა ტიპის სახით. კიდეც რომ მოხდეს შემოთავაზებული გლობალიზაციის მოდელის განხორციელება, ანუ ამერიკამ მთელ მსოფლიოზე რომ გაავრცელოს თავისი სოციალური სისტემა, მის წიაღში მაინც დაიწყება იმ ოთხი განსხვავებული ტიპის ორგანიზებული, სოციალური ერთობის გამიჯვნის პროცესი, რათა ცივილიზაციამ, როგორც სრულმა სისტემამ, შეძლოს ფუნქციონირება.

აქ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ემზარ ხვიჩიას გამოკვლევის მნიშვნელობის გაცნობიერებას და სამოქმედოდ გათვალისწინებას ხელს უშლის.

ქართულ საზოგადოებას საერთოდ მოსმენის უნარის დეფიციტი ახასიათებს. გავიხსენოთ როგორ იქცევიან სატელევიზიო დებატებში მოკამათე მხარეები - ერთმანეთს არ უსმენენ, საუბარს არ აცლიან და სიტყვას პირიდან გლეჯენ. ევროპელებად კი მივიჩნევთ თავს, მაგრამ კამათის ევროპული კულტურა საერთოდ არ გაგვაჩნია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაერთხელ მქონდა შემთხვევა მენახა ზურაბ წოწორიას საუბრები ე. წ. „ცნობად სახეებთან”. სურათი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - დასაწყისშივე, სასაუბრო თემის შინაარის დაკონკრეტებამდე ხდებოდა მისი იგნორირება ანუ ოპონირებას იწყებდნენ ამ შინაარსის გაუცნობლად. ყოველთვის ჭარბობდა უკონტროლო ემოციები, ნათქვამის არაადეკვატური აღქმა და სულსწრაფი მცდელობა საკუთარი „ორიგინალური” მოსაზრებების გამოთქმისა. ვფიქრობთ გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა, რომ მოსაუბრესთან სიტყვიერი დაპირისპირება მისი სათქმელის მოსმენამდე არანორმალურობის, ფსიქოზურობის აშკარა ნიშნებს შეიცავს. გამონაკლისი შემთხვევა პრაქტიკულად არ მახსენდება. არადა ეს ადამიანები ხელისუფლებას უკიჟინებენ მოსმენის უუნარობას. „ამათ ვერაფერს გააგებინებო“ - ხშირად გაიგონებთ მათგან.

ჩვენში ყველას, ვისაც კი რაიმე ამბიცია გააჩნია, რომ პოზიტიური საზოგადოებრივი საქმიანობის განხორციელება ძალუძს, ინსტიქტური შიში აქვს განსხვავებული აზრის მიმართ და მას აღიქვამს საკუთარი სააზროვნო სივრცის შემზღუდავ ფაქტორად. ემზარ ხვიჩიას გამოკვლევა იმდენად ყოვლისმომცველი ჩანს, ყოფიერების იმდენ სფეროს მოიცავს და ისეთ სიღრმეებს წვდება, რომ ფაქტიურად ადგილს აღარ ტოვებს ჩვენს ე.წ. ინტელექტუალთა, ფილოსოფოსთა, პოლიტილოგთა თუ პოლიტიკოსთა უკიდურესი სუბიექტივიზმითა და თავკერძობით აღბეჭდილი ნააზრევისათვის. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენში „ჯერ თავო და თავო, მერე სხვაო და სხვაო“-ს პრინციპი ბატონობს: უმეტესობისათვის საქვეყნო ინტერესები საგანგებოდ აფიშირებული დანამატი გახლავთ პირადული ინტერესებისა. თბილი ადგილების მოხელთება და საკუთარი ინტელექტუალური ბაგაჟითა და მოქალაქეობრივ-ერისკაცული იმიჯით თავმოწონება („მარიაჟობა“) თვითმიზანია ჩვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ელიტისათვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად მიიჩნევენ თავიანთ თავს საქვეყნო საქმის გულშემატკივრებად.

მეცნიერული აზრის მიმართ ქართული საზოგადოებრიობის არასერიოზული განწყობა ჩემი აზრით გამომდინარეობს იქედან, რომ მეცნიერები სინამდვილისგან განზე გამდგარ თეორეტიკოსებად არიან მიჩნეული. მაშინ როცა ნებისმიერი წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი თანამედროვე სახელმწიფოების სტრატეგია მეცნიერულ კვლევებზეა დაფუძნებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გარდაუვალ საჭიროებად მესახება ემზარ ხვიჩიას კვლევების გაცნობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რათა დრო დაეთმოს ჩვენი ქვეყნისათვის უმთავრესი ფუნდამენტური პრობლემის შეფასებას, მითუმეტეს, რომ უსაფრთხოების რაიმე ალტრნატიური პროგრამა არვის წამოუყენებია. თუ ვინმეს ამ საზოგადო საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობის სურვილს გამოთქვამთ, დაგვიკავშირდით.