ვახტანგ ძაბირაძე: “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის”

ვახტანგ ძაბირაძე: “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის”

აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში (31.08_02.09) პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა მოძრაობა “მებრძოლი სოლიდარობის” ოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური კონფერენცია, რომელშიაც მონაწილეობდნენ ყოფილი დისიდენტები და უფლებადამცველები აღმოსავლეთ ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყოფილი დისიდენტები ტარიელ ღვინიაშვილი და ვახტანგ ძაბირაძე, ასევე, საზოგადოება “მემორიალიდან” ბ-ნი გიორგი სოსელია. გთავაზობთ, კონფერენციაზე ვახტანგ ძაბირაძის გამოსვლის ტექსტს.

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ “მებრძოლი სოლიდარობის” დაარსებიდან ოცდაათ წლისთავს და მადლობას გიხდით ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე მოწვევისათვის; ასევე, მინდა გულრწფელი მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებსა და სპონსორებს, რომლებიც ჟამიდან ჟამზე საშუალებას გვაძლევენ კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს, რათა გავიხსენოთ წარსული, შევაფასოთ აწმყო და დავფიქრდეთ მომავალზე.

ჩვენ მძიმე და ტრაგიკულმა საბჭოურ-კომუნისტურმა წარსულმა გაგვაერთიანა, ამჟამად თქვენ თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრები ხართ, ჩვენ ისევ საბჭოეთში დავრჩით, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მომავალში კვლავ გავერთიანდებით თავისუფალ და დემოკრატიულ ევროკავშირში.

თავიდან, 80-იან წლებში, ისე ჩანდა, რომ, თუ კომუნისტურ დიქტატურას დავძლევდით და რუსულ საბჭოურ კოლონიალიზმს თავს დავაღწევდით, თავისუფალ დასავლეთთან ინტეგრირების პროცესი, თითქოსდა, ბუნებრივად უნდა განვითარებულიყო. მაგრამ რეალურად, აღმოჩნდა, რომ თითოეულ ქვეყანას, როგორც ყოფილი ე.წ. “სოც. ბანაკიდან”, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მრავალი დაბრკოლება უნდა გადაელახა და საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა გაეთვალისწინებინა, ვიდრე თავისუფალი სამყაროს წევრი გახდებოდა.

სამწუხაროდ, “სოც. ბანაკისა” და ბალტიისპირეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ ვერ შევძელით ისტორიული მომენტის სრულფასოვანი გამოყენება. მართლია, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და მოვიშორეთ კომუნისტური იდეოლოგია, მაგრამ ვერ დავამკვიდრეთ ლიბერალური ღირებულებები, ვერ შევქმენით თანამედროვე ტიპის სახელმწიფო და ვერ დავნერგეთ სახელმწიფოს მართვის დემოკრატიული სისტემა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ “საბჭოეთში” ჩავრჩით. დამუკიდებლობის ოცწლიანი პერიოდი ნაციონალურ ავტორიტარიზმთან ბრძოლას მოვანდომეთ და ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ რევოლუციებით ვახერხებთ.

2007 წელს წილად მხვდა პატივი მონაწილეობა მიმეღო “მებრძოლი სოლიდარობის” მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში. მაშინ გამოვთქვი ვარაუდი, რომ “რუსეთი კავკასიურ ომს ამზადებს” და “რომ ფეთქებადსაშიში ვითარების შემზადებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის მოკავშირე ხდება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს მართვის დემოკრატიული მექანიზმების ჩამოყალიბებაზე და ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება.”

სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა: 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მოახერხა საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება და რომ არა საფრანგეთის პრეზიდენტის ნ. სარკოზის კატეგორიული პროტესტი, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერთა, მათ შორის პოლონეთის აწ განსვენებული პრეზიდენტის კაჩინსკის, უპრეცენდენტო სოლიდარობის საჯარო დემონსტრირება, რუსეთი კიდევ ერთხელ განახორციელებდა საქართველოს ტერიტორიის სრულ ოკუპაციას.

ცხადია, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იმ მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით დადგა და გვიხსნა ხელახალი ანექსიისაგან, მაგრამ იმავე დასავლეთს ცოტა მეტი მომთხოვნელობა და ყურადღება რომ გამოეჩინა საქართველოს ხელისუფლებისა და მის მიერ 2008 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი, დარმუნებული ვარ, 2008 წლის აგვისტო აღარ იქნებოდა!

წარსულს იმიტომ ვიხსენებ, რომ პოლიტიკური გარემო 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. რუსეთშიაც და საქართველოშიც იგივე პოლიტიკური ძალები არიან ხელისუფლებაში, რომლებიც იყვნენ. დარწმუნებლი ვარ, რუსეთის დამოკიდებულებაც კავკასიისადმი იგივე დარჩა, რაც იყო და, თუ შესაფერისი ვითარება შეიქმნა, აუცილებლად შეეცდება თავისი მიზნის რეალიზებას.

მისი უნებლიე მოკავშირე, როგორც მაშინ, ამჯერადაც, შესაძლოა, აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლება, ისევ და ისევ იმ მიზეზის გამო, რომ ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ასეთ ვთარებაში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ადმიანი, რომელმაც სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის დაშლას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შეძლო შეექმნა სახელმწიფოს მართვის დემოკრატიული მოდელი, ბ-ნი ვიტაუტას ლანდსბერგისი, ევროსაბჭოში გამართულ დებატებში, სრულიად მულოდნელად, საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერად გვევლინება.

როგორც ჩანს, ბ-ნმა ვ. ლანდსბერგისმა არ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეცვალა კონსტიტუცია, რათა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მ. სააკაშვილს შესაძლებლობა ჰქონდეს პრემიერის რანგში მოგვევლინოს ქვეყნის პირველ პირად; რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ყველა ტელეკომპანიას; რომ დარღვეულია საკუთრების ხელშეუხებლობა, ფინანსური კონტროლის სამსახურებმა წარმატებით შეითავსეს ცნობილი საბჭოური “ო.ბ.ხ.ს”-ის ფუნქცია, ხოლო საპროცესო გარიგებები ბიზნესმენთა დაყაჩაღებისა და ბიუჯეტის შევსების არაფორმალურ საშუალებად იქცა; რომ პოლიტიკაში თითქოსდა არალეგალური ფულის კონტროლის მიზნით შექმნილმა აუდიტის სამსახურმა უსახსროდ დატოვა ხელისუფლების ყველაზე რეალური და კონკურენტული ოპოზიციური კოალიცია (ამ კოალიციის ანგარიშზე თანხის შემტან ფიზიკურ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, განურჩევლად თანხის ოდენობისა, ჯარიმდება შეტანილი თანხის ხუთმაგი ოდენობით.)

ამჟამადაც, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო კამპანია უფრო სამოქალაქო დაპირისპირებას წააგავს, ვიდრე ნორმალურ საარჩევნო პროცესს. ძირითადი ოპოზიციური კოალიციის შეხვედრები ამომრჩეველთან მუდმივი პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს, რომლის ინსპირატორები, როგორც წესი, დაუსჯელნი რჩებიან. ვინ ვინ და, ჩვენ ხომ კარგად ვიცით და, იმედია, ვ. ლანცბერგისსაც ახსოვს, საიდან და როგორ ჩნდებიან ეს პროვოკატორები და ვინ დგას მათ ზურგს უკან? ამიტომ, ძნელი სათქმელია, არჩევნები საქართველოში ჩაივლის მშვიდობიანად, თუ კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირების მომსწრე გავხდებით?

 და, კიდევ ერთი, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს ხელისუფლების მორალურ და ზნეობრივ მხარეს _ ეს არის დამოკიდებულება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ, რომელთა კომპენსაცია სულ რაღაც 200 დოლ. ფარგლებში მერყეობს, რაც საბუთების შესაგროვებლადაც კი არ არის საკმარისი.

ძვირფასო მეგობრებო! ბოდიშს გიხდით, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს საქართველოს პრობლემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება _ არა ფინანსური, არამედ მორალური მხარდაჭერა, რათა შევძლოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. თანაც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემა, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები ვერ იქნება და არც არის იზოლირებული გარესამყაროსგან, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმაც დაადასტურა,

თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა პოლიტიკურ–სამართლებრივი გარემო უკრაინაში, ბელორუსია, ევროპის ცენტრში, ჩამოყალიბდა ტიპიურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, ხოლო რუსეთში მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის იმიტირება, რასაც პოლიტიკურ პროცესებში ქუჩის ჩართვა მოჰყვა.

მართალია, ქუჩის პროტესტი რუსეთში ჯერ-ჯერობით სუსტია, მაგრამ, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ქუჩა გაძლიერდება და რუსეთში პოლიტიკის განმსაზღვრელი მარტო კრემლი აღარ იქნება. ამასთანავე, გაურკვეველია, რა სახეს და ხასიათს მიიღებს ქუჩაში გადმოსული პოლიტიკა და ხომ არ გახდება ის იმპერიულ_რევანშისტული იდეების არენა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია?

ზოგადად, ნათლად ჩანს, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამიტომ, თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებს, ასეთ ვითარებაში, ყველგან და ყველასგან მეტი ქმედითი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ, რათა შევძლოთ თავისუფალი სამყაროს გაფართოება!

ბატონებო! ვფიქრობ, ჩვენი ვალია კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ვიბრძოდით და კვლავაც ვიბრძოლებთ “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!”

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

გმადლობთ ყურადღებისათვის!